გიგა ლემონჯავა - დროში ემთხვევა, რომ რუსეთი „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად აცხადებს და მყისიერად საქართველოს პროკურატურა ყალბი მტკიცებულებების შექმნას იწყებს - ამოღებულ ბენზინზე კი განვმარტავ, რომ ხმის აპარატურის გენერატორისთვისაა განკუთვნილი
გიგა ლემონჯავა პროკურატურას ყალბი მტკიცებულებების შექმნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „დროას“ ოფისიდან ამოღებული ბენზინი არა „მოლოტოვის კოქტეილისთვის“, არამედ ხმის აპარატურის გენერატორისთვის იყო განკუთვნილი.

სხვა ბევრ ნივთთან ერთად „დროას“ ოფისიდან გახმოვანების საშუალებები ამოიღეს, დინამიკები, გენერატორები და საწვავი, რომელიც ამ გენერატორებისთვის იყო საჭირო. ეს ბენზინი, რომელზეც ახლა პროკურატურა საუბრობს, სინამდვილეში ხმის აპარატურისთვისაა, რომელსაც სჭირდება გენერატორი, რომელსაც სჭირდება ბენზინი - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა გიგა ლემონჯავამ კოალიციის მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომლითაც ისინი გუშინ საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ.
როგორც ლემონჯავამ ბრიფინგზე აღნიშნა, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას “კოალიცია ცვლილებისთვის" წინააღმდეგ “ვერაფერი ვერ მოიფიქრეს” ამიტომაც გადაწყვიტეს ორკესტრირებულად სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობით ყალბი მტკიცებულებები შეექმნათ.
„გუშინ პროკურატურამ, ელენეს პარტია “დროას” და მთლიანად კოალიციას საჩუქარი გაუკეთა. საღამოს პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც მე მინდა წაგიკითხოთ; „2024 წლის 4 დეკემბერს ჩატარებული, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისის ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იყო „მოლოტოვის კოქტეილის” დამზადებისთვის საჭირო ბენზინით სავსე ბიდონები და სხვა ატრიბუტიკა“, - განაცხადეს პროკურატურაში.
მე მინდა მიზეზი გითხრათ თუ ამას პროკურატურა მას შემდეგ რატომ აკეთებს, რაც მოსამართლეთა შეკითხვებისა და ახსნა-განმარტების ეტაპის შემდეგ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ვერც სასამართლომ, ვერც პროკურატურამ, ვერც მოსარჩელე მხარემ ვერაფერი ვერ მოიფიქრა - გადაწყვიტეს რომ გზადაგზა პროცესი მიმდინარეობისას ორკესტრირებულად, თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, ჩართულობით ყალბი მტკიცებულების შექმნა დაეწყოთ, ეს გაუგონარი ამბავია.
მაშინ როდესაც „ქართულ ოცნებას” სასამართლოში წარსადგენად ყალბი მტკიცებულება დასჭირდა, პროკურატურა ადგა და საღამოს თერთმეტის ნახევარზე ამ ტიპის ყალბი მტკიცებულების შექმნით დაკავდა.
ასევე ამ ამოღებულ ბენზინთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო საზოგადოებისთვის განმარტება, სხვა ბევრ ნივთთან ერთად “დროას” ოფისიდან გახმოვანების საშუალებები ამოიღეს, დინამიკები, გენერატორები და საწვავი, რომელიც ამ გენერატორებისთვის იყო საჭირო. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩხრეკა-ამოღების ოქმში დაფიქსირებულია და ეს ბენზინი, რომელზეც ახლა პროკურატურა საუბრობს და ცდილობს, რომ ჩვენ წინააღმდეგ ყალბი მტკიცებულება შექმნას, სინამდვილეში ხმის აპარატურისთვისაა, რომელსაც სჭირდება გენერატორი, რომელსაც სჭირდება ბენზინი.
მთავარი ამ ყველაფერში არის შემდეგი, რომ სახელმწიფო აყალბებს მტკიცებულებებს, ერთი მხრივ, ჩვენ წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ხაზს ქმნის, რომელიც პირდაპირ ემთხვევა რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ პარტია “დროას” არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ეს პირდაპირ დროში ემთხვევა ერთმანეთს. რუსეთის გენერალური პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო აცხადებს “დროას” არასასურველ ორგანიზაციად და მყისიერად მაშინვე საქართველოს პროკურატურა ყალბი მტკიცებულებების შექმნას იწყებს. არავითარი ყალბი მტკიცებულება არ უშველის იმას, რომ “ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს დემოკრატიის მკვლელობა, ევროპული მომავლის დასრულება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ დარტყმა.
კიდევ ერთი, ივანიშვილსა და მის რეჟიმს ცხადია რისი ეშინია - მშვიდობიანი, გულწრფელი პროტესტის. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, 28 ნოემბერს საღამოს შვიდ საათზე თსუ-თან ვიკრიბებით. ეს დღე არის მნიშვნელოვანი, უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და ამ რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდი, პრინციპული წინააღმდეგობა გავაგრძელოთ, რაც აუცილებლად ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება”, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
ცნობისთვის, "დროას" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ საკონსტიტუციო სასამართლოში „დროას“ ოფისის ჩხრეკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამოიღეს: პლედები, პარალონები, პუფები, ფიზიოლოგიური ხსნარი, რესპირატორები, აირწინაღები, გამათბობლები, ტექნიკა და მის ოთახში გაკრული ფოტოსურათებიც. ლემონჯავას განცხადებით, „მოლოტოვის კოქტეილები“ არც „დროას“, არც სხვა პარტიების ოფისებიდან არ ამოუღიათ.
ამასთან დაკავშირებით 17 ნოემბერს პროკურატურაში განმარტეს, რომ „2024 წლის 4 დეკემბერს ჩატარებული, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისის ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იყო “მოლოტოვის კოქტეილის “ დამზადებისთვის საჭირო ბენზინით სავსე ბიდონები და სხვა ატრიბუტიკა“, - განაცხადეს პროკურატურაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატია„კოალიცია ცვლილებისთვის“ პროკურატურას "ყალბი მტკიცებულებების შექმნაში" ადანაშაულებს - საგანგებო განცხადება
ნიკა გვარამია - პროკურატურის მტკიცებულება ყალბი და მოგონილია, „მოლოტოვის კოქტეილს“ ვერ „ჩადებენ“ - როგორ გაიგეს, პარტიის ოფისიდან ამოღებული ბენზინი „მოლოტოვის კოქტეილის“ დასამზადებლად იყო თუ მანქანის? ქიმიური ანალიზით დადგინდა?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…