შალვა პაპუაშვილი "დროას" განცხადებაზე: ცდილობენ რეალობის შეცვლას. დავივიწყოთ პიროტექნიკით როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს, როგორ წვავდნენ პოლიციელებს, პოლიციის მანქანებს და პარლამენტს?
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას 2024 წლის დეკემბერში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და პარლამენტის გადაწვის მცდელობაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, გიგა ლემონჯავა პროკურატურას ყალბი მტკიცებულებების შექმნაში სდებს ბრალს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2024 წლის დეკემბერში, ოპოზიცია, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით, ქვეყანაში 90-იანი წლების დაბრუნებას ცდილობდა.
შალვა პაპუაშვილი ეხმაურება პარტია "დროაში" გამართულ ბრიფინგს, სადაც კატეგორიულად უარყოფენ პროკურატურის ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 2024 წლის 4 დეკემბერს, "გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და "დროას" ოფისის ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იყო "მოლოტოვის კოქტეილის" დამზადებისთვის საჭირო ბენზინით სავსე ბიდონები და სხვა ატრიბუტიკა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, პარტიის წევრები ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
"ცდილობენ რეალობის შეცვლას. დავივიწყოთ პიროტექნიკით როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს, როგორ წვავდნენ პოლიციელებს, პოლიციის მანქანებს, პარლამენტს? ნახევარი მილიონი ლარის ზარალი მიადგა პარლამენტს, იმიტომ, რომ მის გადაწვას ცდილობდნენ. რამდენიმე სამუშაო ოთახი მთლიანად დაიწვა და რომ არა ჩვენი საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლების და აქ მყოფი მეხანძრეების სწრაფი მოქმედება, პარლამენტი დღეს, როგორც 90-იან წლებში გადაწვეს, ისე იქნებოდა გადამწვარი. აი, ეს იყო, რასაც ისინი აპირებდნენ 2024 წლის დეკემბერს, რომ აქ 90-იანი წლები დაებრუნებინათ. ასე რომ, ფაქტია თვალები ყველას გვაქვს და მეხსიერება ყველას გვაქვს, ახლა რაც არ უნდა შეეცადონ წარსულის შეცვლას, ეს არის მოძალადე პოლიტიკური ჯგუფები, რომლისთვისაც პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა, მათი წარმოდგენით, არის პოლიტიკური წარმოების საშუალება", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ცოტა ხნის წინ, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, გიგა ლემონჯავამ, კოალიციის მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროკურატურა, "ორკესტრირებულად, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობით, ყალბი მტკიცებულებების" შექმნას ცდილობს. მისი თქმით, "ბენზინი, რომელზეც ახლა პროკურატურა საუბრობს, სინამდვილეში ხმის აპარატურისთვისაა, რომელსაც სჭირდება გენერატორი, რომელსაც სჭირდება ბენზინი".
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…