ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
აჭარის მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტის შესრულება, ჯანდაცვის სერვისების გაფართოება, ინფრასტრუქტურული პროექტები და არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების საკითხები განიხილეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულება, მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამების მიმდინარეობა, რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და 2027 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის, განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროში დაფინანსების ზრდაზე.
ზურაბ პატარაძემ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების გაფართოებაზე, სამედიცინო მომსახურების დამატებით დაფინანსებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ილაპარაკა. ბიუჯეტის ზრდით მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დამატებით მიიღონ მხარდაჭერა ყველა საჭირო სამედიცინო სერვისის მისაღებად.
რეგიონში იზრდება ტურიზმის დინამიკა. გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტების, საჰაერო რეისების და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლები. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურისა და მომსახურების განვითარებამ, ბიზნესთან თანამშრომლობამ და რეგიონის პოპულარიზაციამ მოსახლეობისთვის მთელი წლის განმავლობაში უნდა შექმნას შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და რეაბილიტაცია, ასევე ზამთრის სეზონისთვის მზადება, ხოლო მაღალმთიან აჭარაში გზებისა და კომუნიკაციების მოწესრიგება.
გრძელდება ქართული კულტურის წარდგენა საერთაშორისო ასპარეზზე. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, შემოქმედებითი კოლექტივების გასტროლები და ხელოვანების მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში ქართული კულტურის პოპულარიზაციას, აჭარის ცნობადობის ზრდასა და საერთაშორისო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს.
მთავრობის თავმჯდომარემ ციტრუსის სეზონისთვის მზადებაზე, არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებასა და მოსავლის შეუფერხებლად რეალიზაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. უახლოეს პერიოდში ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბი, რომელიც საწარმოებისა და შესაბამისი უწყებების შეთანხმებულ მუშაობას უზრუნველყოფს.
სხდომაზე ასევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…