უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა
ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდა, რაც მოსახლეობის დახმარებასა და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას ისახავს მიზნად. ცეცხლის შეწყვეტის ფაქტი უკრაინის ომბუდსმენმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურეს.

ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ოლეშკიში ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდა. ცეცხლის შეწყვეტა ძალაში დილის 3 საათიდან იმ ტერიტორიებზე შევიდა, სადაც ჰუმანიტარული ოპერაცია ტარდება.
"უკრაინა ასრულებს მიღწეულ შეთანხმებებს"- განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა, რომელიც მისიის ზონაში გაემგზავრა.
ცეცხლის შეწყვეტა დაადასტურა რუსულმა მხარემაც.
"ხერსონის ოლქის დასახლებული პუნქტის, ოლეშკის მიდამოებში ჰუმანიტარული ოპერაციის ჩატარებისთვის მზადებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მიმართულებით ცეცხლი შეწყვიტეს", - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ჰუმანიტარული ოპერაცია ითვალისწინებს ოკუპირებულ ოლეშკიში დახმარების მიწოდებას და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციას. ქალაქში ვითარება კატასტროფულია, მოსახლეობა ორი წელია გარესამყაროს მოწყვეტილია და არ მიეწოდება სურსათი.
გასულ კვირას უკრაინამ ოლეშკის მოსახლეობას 4 ტონა დახმარება დრონებით მიაწოდა.
რუსეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარულ ზავზე შეთანხმების შესახებ რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, შუამავალი შეერთებული შტატების პირველი ლედი მელანია ტრამპი იყო.
მანამდე, რომის პაპი, ლეო XIV ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ოლეშკიში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და იქ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მოსახლეობისთვის დახმარება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაციტატები სტატიიდან
„უკრაინა ასრულებს მიღწეულ შეთანხმებებს“
„ხერსონის ოლქის დასახლებული პუნქტის, ოლეშკის მიდამოებში ჰუმანიტარული ოპერაციის ჩატარებისთვის მზადებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მიმართულებით ცეცხლი შეწყვიტეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…