იტალიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რომი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ თავდაცვაზე 6 მილიარდ ევროზე მეტის დახარჯვას გეგმავს
იტალიის თავდაცვის მინისტრ გვიდო კროზეტოს განცხადებით, ქვეყანა ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად 6 მილიარდ ევროზე მეტის გამოყოფას გეგმავს.

იტალია მომდევნო წლებში ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად 6 მილიარდ ევროზე მეტის გამოყოფას გეგმავს, - განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ.
მინისტრის თქმით, ჰიბრიდული საფრთხეებისგან თავდაცვისთვის გამოყოფილი დაფინანსება 2019 წელს 126 მილიონ ევროს შეადგენდა, 2025 წლისთვის კი 557 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ეს ზრდა, კროზეტოს განმარტებით, ბოლო პერიოდში გახშირებულ განგაშის შემთხვევებამდეც დაფიქსირდა.
მისივე თქმით, 2026-2028 წლებისთვის ამ მიმართულებით თითქმის 2 მილიარდი ევროს გამოყოფაა დაგეგმილი, რაც წინა სამწლიან პერიოდთან შედარებით დაახლოებით 40%-ით მეტია.
კროზეტოს განცხადებით, დღეს ჰიბრიდული და ჩვეულებრივი ომისგან თავდაცვას შორის მკაფიო ზღვარი აღარ არსებობს. ამის მაგალითად მან უკრაინა მოიყვანა.
„სანგრები, დრონები, თანამგზავრები, ქსელები და კიბეროპერაციები - ეს ყველაფერი ერთი და იმავე ომის ნაწილია. თუ კავშირი წყდება, ამის საფასურს ადგილზე პოზიციების დამცველები იხდიან. არსებობს მხოლოდ ერთი ომი და მზად უნდა ვიყოთ, რომ მას ყველა მიმართულებით ვუპასუხოთ“, - განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.
კროზეტოს თქმით, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ გაძლიერებული თავდაცვის საჭიროება დაკავშირებულია კიბერშეტევებთან, თვითმფრინავებსა და სკოლებში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებებთან და სახელმწიფო მოხელეების პირადი ინფორმაციის ე.წ. დარქნეთში გავრცელებასთან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…