რომან გოცირიძე: დაბრუნდა ის დრო, როცა დინამოს დიღმის საფეხბურთო ბაზაზე ცხვარს სწირავდნენ ღმერთს და პატრიარქს გუნდს ალოცვინებდნენ
რომან გოცირიძე: ამით ხომ თავადვე აზიანებენ საკუთარ ავტორიტეტს, პატრიარქის ლოცვას უძლურად წარმოაჩენენ და საბოლოოდ, მოთამაშეებსაც უქრობენ რწმენას?

რომან გოცირიძე:
დაბრუნდა ის დრო, როცა დინამოს დიღმის საფეხბურთო ბაზაზე ცხვარს სწირავდნენ ღმერთს და პატრიარქს გუნდს ალოცვინებდნენ. რამდენჯერ გვინახავს ეს ყველაფერი და რამდენჯერ დასრულებულა მსგავსი რიტუალების შემდეგ თამაში მარცხით.
უნგრეთთან თამაშის წინ კვლავ გაიხსენეს ძველი ტრადიცია: ისევ წავიდნენ საპატრიარქოში, ისევ დალოცა პატრიარქმა გუნდი. თითქოს ღმერთის ბრალი ყოფილიყო, გუნდი რომ აგებს. ისევ წავაგეთ-ღმერთმა არ შეისმინა ლოცვა. იმიტომ, რომ ფეხბურთში არ ერევა.
ვის მოსდის ასეთი იდეა? საპატრიარქოს? ბორჯომის ხანძრების ლოცვით ჩაქრობისა და კორონავირუსის ნაკურთხი წყლით განადგურების მცდელობას ხომ არ ჰგავს ეს ყველაფერი? ფეხბურთის ფედერაციას? ამით ხომ თავადვე აზიანებენ საკუთარ ავტორიტეტს, პატრიარქის ლოცვას უძლურად წარმოაჩენენ და საბოლოოდ, მოთამაშეებსაც უქრობენ რწმენას?
უკრაინასთან გუშინდელი მარცხის შემდეგ ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა არაერთხელ გაუსვა ხაზი გუნდში არსებულ არასასურველ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ამის თქმის გარეშეც ყველაფერი ნათელი იყო: როცა ზეციური ძალის იმედად ხარ და არა პროფესიონალი ფსიქოლოგის, რომელიც გუნდს აუცილებლად უნდა ჰყავდეს, შედეგიც გასაკვირი აღარ არის.
ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური ძალა ის სიყვარული იყო, რომელიც ამ გუნდს ჰქონდა. სიყვარული, რომელმაც ფეხბურთელებსა და საზოგადოებას შორის ერთიანობის განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა. სწორედ ეს ერთიანობა დაანგრია „ოცნების“ ხელისუფლებამ-საზოგადოებაში დაპირისპირების გაღრმავებითა და ნაკრებში არსებული ერთიანობის ატმოსფეროს მოშლით.
ეს ერთიანობა და სიყვარული შეიძლება ისევ დავიბრუნოთ. ამისთვის კი ნაკრებსაც და ქვეყანასაც სჭირდება არა სასწაულის მოლოდინი, არამედ ერთმანეთის გვერდით დგომა, ნდობა და საერთო მიზნის რწმენა. სწორედ აქედან იწყება გამარჯვება, მათ შორის ფეხბურთშიც.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…