პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
თბილისში პოლიციამ თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, ბრალდებული მოქალაქეებს ადვოკატად გაეცნო, სასამართლოში დავის მოგების დაპირებით მოტყუებით 21 000 ლარს დაეუფლა და მათ ყალბი დოკუმენტაცია გადაუგზავნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის არაერთგზის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ორმა მოქალაქემ სამოქალაქო დავის წარმოებისა და შესაბამისი სამართლებრივი მომსახურების მიღების მიზნით მიმართა. ბრალდებულმა მათ სასამართლოში სარჩელის შეტანის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და სასურველი სამართლებრივი შედეგის მიღწევის დაპირებით, დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა. მიუხედავად თანხის მიღებისა, ბრალდებულს, როგორც მათი ინტერესების დამცველ ადვოკატს, სასამართლოსთვის სარჩელით არ მიუმართავს. ამის ნაცვლად, მან მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანა და დაარწმუნა, თითქოს მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოში დავა მიმდინარეობდა, რომელიც მათ სასარგებლოდ დასრულდა. აღნიშნულის დასადასტურებლად კი ყალბი დოკუმენტაცია გადაუგზავნა.
გამოძიების თანახმად, ბრალდებული აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებებით მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ 21 000 ლარს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…