კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებით
კაია კალასის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმავდება და ევროკავშირის ამჟამინდელი მიდგომა საკმარის ზეწოლას ვერ უზრუნველყოფს. ევროკავშირის საბჭო ქვეყნის საკითხზე მსჯელობას იანვარში დაუბრუნდება.

ევროკავშირის საბჭომ დღევანდელ სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ მსჯელობა იანვარში გაგრძელდება.
„საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმავდება. უფრო მეტი ოპოზიციური პარტია დგას აკრძალვის საფრთხის წინაშე, ხოლო უცხოელი აგენტების შესახებ კანონი ახშობს სამოქალაქო საზოგადოებას. ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, მაგრამ „ქართული ოცნება“ სისტემატურად ართმევს მათ ამას. ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა არ ქმნის ცვლილებებისთვის საკმარის ზეწოლას და არც ევროპული სტრატეგიული ინტერესების სრულად გატარების საშუალებას გვაძლევს. ჩვენ ამ თემას იანვარში დავუბრუნდებით“, — თქვა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს გაფართოებული კავშირის გავლენა უსაფრთხოებაზე და კანდიდატ ქვეყნებთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
„ბევრ კანდიდატ ქვეყანას უკვე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენს უსაფრთხოებაში. უკრაინა, რა თქმა უნდა, არის ევროპის თავდაცვის პირველი ხაზი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ჩვენს პარტნიორებს შეაქვთ თავისი წვლილი ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში. დღეს მინისტრები შეთანხმდნენ კანდიდატ ქვეყნებთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ევროკავშირთან მათი პროგრესისა და თანხვედრის საფუძველზე. ეს ნიშნავს მათ ინტეგრირებას ევროპულ თავდაცვით სტრუქტურებში (ჩარჩოებში), ერთობლივი თავდაცვითი წარმოების გაფართოებას და უსაფრთხოებისა და თავდაცვის ჩვენი პარტნიორობების უკეთ გამოყენებას. გაფართოება არის ინვესტიცია ევროპის უსაფრთხოებასა და გეოპოლიტიკურ ძლიერებაში“, — დასძინა კაია კალასმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაკაია კალასი – ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, თუმცა „ქართული ოცნება“ სისტემატურად ართმევს მას, ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა ცვლილებისთვის საკმარის ზეწოლას არ იწვევს
საქართველოსადმი ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა საკმარის ზეწოლას ვერ ქმნის, ამ საკითხს იანვარში დავუბრუნდებით - კალასი
"თემას იანვარში დავუბრუნდებით" - რა თქვა კაია კალასმა საქართველოზე?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…