,, აი, ეს 10-16 000 ლარიანი ჩინოვნიკი მაშველ- მეხანძრეს თვალებში როგორ უყურებს?” – ირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის სიმდიდრე მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს ეკუთვნის, მაშინ როცა 10-16 ათას ლარიანი ხელფასის მქონე ჩინოვნიკების ფონზე მოქალაქეები და ვეტერანები სიღატაკეში არიან.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი:
,,საქართველოში მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს ეკუთვნის ქვეყნის მთელი ეკონომიკა და სიმდიდრე ანუ მხოლოდ ეს წრე მდიდრდება, მხოლოდ ეს წრე ყიდულობს, მხოლოდ ეს წრე იმარჯვებს, მხოლოდ ეს წრე სარგებლობს სახელმწიფოს სიკეთეებით. მხოლოდ ამ წრეს აქვს უფლება,-იყოს ბედნიერი.
დანარჩენი საქართველო ღატაკდება, ყველაფერს ყიდის, მუდამ დაჩაგრული და დამარცხებულია და საკუთარ სამშობლოში ისე არსებობს (დიახ, არსებობს და არა ცხოვრობს), როგორც სხვის სახლს შეკედლებული მდგმური.
ჩვეულებრივი მოქალაქე ვალების, კრედიტების, პროცენტების და პროცენტის პროცენტების ორმოშია. ხალხი გმინავს, მაგრამ ამ ხალხს 16 000 ლარიანი ჩინოვნიკები ცინიკურად არწმუნებენ, რომ მაცივრები სავსე აქვთ პროდუქტებით, ბედნიერები არიან, მდიდრებიც და დაცულებიც. ამ “ბედნიერ” საქართველოში, ნეტავ, ბედნიერი მოსახლეობის მხოლოდ 1%-ი რატომაა? მაგალითად, რატომ აქვს ომის ვეტერანს შემწეობა- 100 ლარი, ხოლო ჩინოვნიკს ხელფასი- 10, 11, 12, 14, 16 000 ლარი? რა დამსახურების გამო? აი, ეს 10-16 000 ლარიანი ჩინოვნიკი მაშველ- მეხანძრეს თვალებში როგორ უყურებს?
ამას წინათ ეკონომიკის ახალგაზრდა დოქტორს ვესაუბრებოდი და გულდაწყვეტილმა მითხრა: მეგონა, ვისწავლიდი და ამ ცოდნას საქართველოს მოვახმარდი, მაგრამ კვლავ ბერლინში ვბრუნდები სამუშაოდ, აქ ვერც ჩემი ადგილი ვიპოვე და არც ჩემი ცოდნა არავის სჭირდებაო. ყველაფერი ცარიელი სიტყვები და ყალბი დეკორაციააო.
საკუთარ სამშობლოში შენს ადგილს რომ ვერ იპოვი და შენს მომავალს ვერ დაინახავ, ამაზე დიდი ტრაგედია რა გინდა? არანაირი თანასწორობა და სამართლიანობა აქ არ არსებობს, ამიტომაც ჩვენები მიდიან და უცხონი მოდიან.
ბედნიერი 1%-ისთვის კი, სულერთია დაბლა, ნამდვილ საქართველოში რაზე წუხან. ეს 1%-ი წურბელასავით კისერზე აზის ქვეყანასაც და ხალხსაც და არაკორუმპირებული, კდემამოსილი სახით ხვრეპს ყველა რესურსს.
მათი მრწამსი ფულია, მათი დევიზი: “ქონება, ქონება, ქონება ჩქარაააააა”, მათ ტვინში მხოლოდ პირადი კეთილდღეობაა და არა ეროვნულ- სახელმწიფოებრივი მიზნები, იდეალისტებს დასცინიან, პატიოსან ხალხს იდიოტებად და ხელმოცარულებად აცხადებენ, ყველას და ყველაფერს სვრიან, ლახავენ და თელავენ. აზრს უკარგავენ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლას, ამკვიდრებენ განცდას, თითქოს “სხვა არავინაა” (დაქცეულა საქართველო, კირცხალიას შეცვლელი თუ არ მოიძებნება) და მომავალის დასაკუთრებასაც ცდილობენ, მაგრამ… აი, ეს “მაგრამ” ყოველთვის ძალიან საინტერესო და მოულოდნელ განვითარებას გულისხმობს ხოლმე. მე ღმერთის რწმენა და იმედი მაქვს, რომ დაჩაგრულ ხალხს გაახარებს.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…