"ოფიციალური საფუძველი არ მოგვისმენია" - პაპუაშვილი ქართულ პროდუქტზე რუსული ემბარგოს შესახებ
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ კონკრეტული ქართული სასმელების იმპორტის შეზღუდვის მოტივი ხელისუფლებისთვის უცნობია, რადგან ოფიციალური საფუძველი არ მოუსმენიათ. მისი თქმით, საკითხში საქართველოს მთავრობა, მათ შორის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რუსულ მხარესთან გაერკვევა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსეთის მიერ კონკრეტული ქართული კომპანიების პროდუქტის იმპორტის შეზღუდვის მოტივი უცნობია და ხელისუფლება გაარკვევს ამ საკითხს. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსული მედიის თანახმად, რუსეთის მარეგულირებელმა ქართული სასმელების (ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის) ნაწილის იმპორტი და გაყიდვა დროებით აკრძალა. როგორც RBC შესაბამის დოკუმენტსა და წყაროზე დაყრდნობით წერს, გადაწყვეტილება როსპოტრებნადზორმა მიიღო - სახელმწიფო უწყებამ, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი.
ჟურნალისტმა პაპუაშვილს ჰკითხა, უკავშირდებოდა თუ არა შეზღუდვები ქართული ღვინისა და მინერალური წყლის, მათ შორის „ნაბეღლავის“, ხარისხს, თუ რუსეთის გადაწყვეტილებას შესაძლოა პოლიტიკური მოტივი ჰქონოდა. რაზედაც პაპუაშვილმა უპასუხა:
„როგორც შევიტყვეთ, შეზღუდვა რამდენიმე კომპანიას ეხება და არა ზოგადად ღვინოს ან სხვა სასმელს. როგორც ჩანს, გადაწყვეტილება კონკრეტულ კომპანიებთან დაკავშირებით არის მიღებული. ეს გასაკვირია, რადგან გადაწყვეტილების საფუძველი ჩვენთვის გაურკვეველია. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გაერკვევა ამ საკითხში და ვნახოთ, რა იქნება. იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს, რადგან ამ შემთხვევაში მისი საფუძველიც გაუგებარია. ის ინტერპრეტაციები, რომელიც მოვისმინეთ სხვადასხვა აქტორის მხრიდან, ეს ცალკე ინტერპრეტაციებია, მაგრამ ჩვენ ოფიციალური რაიმე საფუძველი არ მოგვისმენია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, რა ნიშნით შეიძლებოდა რუსეთს კონკრეტული ღვინოებისა და „ნაბეღლავის“ იმპორტი შეეზღუდა, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი გაურკვეველია და საკითხს მთავრობა შეისწავლის.
„კიდევ ერთხელ, რა არის საფუძველი ამ გადაწყვეტილებისა, გაურკვეველი, გაუგებარი. ამას ვამბობთ, რომ მთავრობა გაერკვევა ამ საკითხებში და იმედია, რომ გადაწყვეტილებები შეიცვლება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, როგორ აპირებს ხელისუფლება საკითხის გარკვევას, პაპუაშვილმა მოკლედ უპასუხა: „მოიკითხავთ, მათ შორის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ მხრივ გაერკვეს რუსეთის ფედერაციასთან“.
რაც შეეხება რუსეთის ბაზარზე ექსპორტის დამოკიდებულების რისკებს, მან განაცხადა, რომ საქართველოსთვის რისკები არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების ბაზრებზეც არსებობს, ამიტომ ხელისუფლებამ ისეთი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომელიც ქართულ ბიზნესს ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობას შეუნარჩუნებს და ესკალაციის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.
„რისკები რუსულ და ევროკავშირის ბაზარზეც არის - ყველგან არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხალხის და ეკონომიკური აქტორების ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. სადაც ექნება შესაძლებლობა ქართულ ბიზნესს, რომ ყველაზე სარფიანი იყოს მისი ბიზნესი, იქ უნდა იმოქმედოს ქართულმა ბიზნესმა და არა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, როგორც გვეუბნებოდნენ, რომ უარი თქვით რუსულ ბაზარზე და ასე შემდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„როგორც შევიტყვეთ, შეზღუდვა რამდენიმე კომპანიას ეხება და არა ზოგადად ღვინოს ან სხვა სასმელს. როგორც ჩანს, გადაწყვეტილება კონკრეტულ კომპანიებთან დაკავშირებით არის მიღებული. ეს გასაკვირია, რადგან გადაწყვეტილების საფუძველი ჩვენთვის გაურკვეველია. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გაერკვევა ამ საკითხში და ვნახოთ, რა იქნება. იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს, რადგან ამ შემთხვევაში მისი საფუძველიც გაუგებარია. ის ინტერპრეტაციები, რომელიც მოვისმინეთ სხვადასხვა აქტორის მხრიდან, ეს ცალკე ინტერპრეტაციებია, მაგრამ ჩვენ ოფიციალური რაიმე საფუძველი არ მოგვისმენია“
„კიდევ ერთხელ, რა არის საფუძველი ამ გადაწყვეტილებისა, გაურკვეველი, გაუგებარი. ამას ვამბობთ, რომ მთავრობა გაერკვევა ამ საკითხებში და იმედია, რომ გადაწყვეტილებები შეიცვლება“
„მოიკითხავთ, მათ შორის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ მხრივ გაერკვეს რუსეთის ფედერაციასთან“
„რისკები რუსულ და ევროკავშირის ბაზარზეც არის - ყველგან არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხალხის და ეკონომიკური აქტორების ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. სადაც ექნება შესაძლებლობა ქართულ ბიზნესს, რომ ყველაზე სარფიანი იყოს მისი ბიზნესი, იქ უნდა იმოქმედოს ქართულმა ბიზნესმა და არა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, როგორც გვეუბნებოდნენ, რომ უარი თქვით რუსულ ბაზარზე და ასე შემდეგ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.