ტრამპის თქმით, უკრაინამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს, რომელსაც შეთანხმება შეუძლია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს, ვინაიდან ვოლოდიმირ ზელენსკიმ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა ომის დასასრულებლად. ტრამპისა და ზელენსკის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-მა რუსეთთან დიზელის საწვავზე შეთანხმება გააფორმა, ზელენსკიმ კი უარი თქვა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების ცალმხრივად შეწყვეტაზე.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს.
თეთრი სახლის ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა რუსეთთან ომის დასასრულებლად და აღნიშნა, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება.
"ვურჩევ, ახალი ლიდერი აირჩიონ, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია. რატომღაც, (ზელენსკი) ამას არასდროს აკეთებს", - აცხადებს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ 2022 წელს აშშ-ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა.
დაძაბულობის ახალი ეტაპი აშშ-სა და უკრაინას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან დიზელის საწვავზე შეთანხმება გააფორმა.
ტრამპის თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს 300 000 ტონაზე მეტ დიზელს, ნოემბერში დამატებით 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ კიდევ მილიონ ტონას.
ტრამპი აღნიშნავს, რომ საწვავის გაიაფება, განსაკუთრებით ამერიკელი ფერმერებისთვის, მესაქონლეებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ზელენსკიმ მისი რამდენიმე თხოვნა უგულებელყო, შეეწყვიტა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტრამპს და მის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, განუცხადა რომ მზად არის რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეწყვიტოს, თუ რუსები დარტყმებს შეწყვეტენ უკრაინულ ელექტროსადგურებზე.
მედიის ინფორმაციით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს რომ ტრამპს სურდა უკრაინას ცალმხრივად შეეწყვიტა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, ვინაიდან მათ წვლილი შეჰქონდათ ამერიკაში საწვავზე მაღალ ფასებში და ტრამპს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმები უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის დარტყმების ტოლფასად არ მიაჩნდა.
დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთმა დიზელის ექსპორტზე სანქციების შემსუბუქებისთვის "მადლობის ნიშნად" ზაპოროჟიეში საცხოვრებელ შენობებს ხუთი მართვადი საავიაციო ბომბი ესროლა.
ციტატები სტატიიდან
„ვურჩევ, ახალი ლიდერი აირჩიონ, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია. რატომღაც, (ზელენსკი) ამას არასდროს აკეთებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.