“ოცნებამ” კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა” – TI საქართველო
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკული ტელევიზიები, მათ შორის „ფორმულა“ და „ტელეკომპანია პირველი“, შინაარსობრივი მონიტორინგის ფარგლებში ათეულობით სიტყვისა და ფრაზის გამოყენების გამო დააჯარიმა. ორგანიზაციის შეფასებით, კომისია ცენზორის როლს ასრულებს და კრიტიკული მედიის პარალიზებას ცდილობს.

“ქართულმა ოცნებამ” კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა”, – ამის შესახებ ცნობას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადებით, კომუნიკაციების კომისია განაგრძობს ცენზორის როლის შესრულებას. 1 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე კომისიამ კრიტიკული ტელევიზია „ფორმულა“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის უკვე მესამედ – ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ და ორმა კომისიონერმა – ივანე მახარაძემ და ანი ვაზაგაშვილმა. დანარჩენი ორი კომისიონერი – ნათია კუკულაძე და ეკატერინე იმედაძე სხდომას არ ესწრებოდნენ.
საერთო ჯამში, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ცნობით, ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ ამ მიზეზით მოხსენებითი ბარათები უკვე 7-ჯერ (4-ჯერ „ფორმულას“, 3-ჯერ „ტელეკომპანია პირველს“) შეუდგინა და მათ საფუძველზე, ისინი პირველად ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა, შემდეგ – თითოეული ჯერ 2500 ლარით, მომდევნო ჯერზე კი – 5000 ლარით დააჯარიმა (დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს).
“უკვე 1 ოქტომბერს კი – ფორმულა დამატებით 10 000 ლარით დააჯარიმა. დიდი ალბათობით, კომისია მავნე პრაქტიკას კვლავაც გააგრძელებს და უახლოეს მომავალში, იმავე მიზეზით ახლა უკვე „ტელეკომპანია პირველსაც“ დააჯარიმებს, რადგანაც, როგორც წესი, კომისია ერთ შეკრულ წრეზე მოძრაობს და მაუწყებლებს რიგრიგობით აჯარიმებს.
აშკარაა, რომ კომუნიკაციების კომისა ამ გზით, ისედაც მძიმე ფინანსურ პირობებში მყოფი ტელევიზიების პარალიზებას ცდილობს. კომისიას მათთვის მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერების უფლებამოსილებაც აქვს, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა.
მართალია, კომისიამ პარალელურად მონიტორინგის რეჟიმში პროსამთავრობო არხებიც – „იმედი“, „პოსტვ“, „რუსთავი 2“ – მოაქცია, თუმცა პროცესებზე დაკვირვება ტოვებს განცდას, რომ აღნიშნულს მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს და დაინტერესებული მხარეებისთვის ობიექტური დამკვირვებლისა და არბიტრის როლის ჩვენებას ემსახურება. იმთავითვე ნათელი იყო, რომ კომისიის მიზანი მხოლოდ კრიტიკული მედიების დასჯა და ფინანსური ჯარიმების გზით მათი დასუსტება ან/და დახურვა იყო.
კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს შინაარსობრივი მონიტორინგის დაწყებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც 2026 წლის 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიები – „იმედი“ და „პოსტვ“ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რუსული დეზინფორმაციის მხარდაჭერისთვის დაასანქცირა”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” განცხადებაში.
რას ედავება კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს?
ორგანიზაციის ცნობით, კომუნიკაციების კომისია მაუწყებლებს, როგორც წესი, მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევას, ასევე ამბების პირადი დამოკიდებულებისა და მოსაზრების საფუძველზე გაშუქებას ედავება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ კომისიის მიერ კრიტიკული მაუწყებლებისთვის შედგენილი ყველა მოხსენებითი ბარათი შეისწავლა (ჯამში 7 ასეთი დოკუმენტი) და მის მიერ აკრძალული სიტყვები და ფრაზები დააჯამა. გამოირკვა, რომ კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს ჯამში 101 სიტყვისა ან/და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს, აქედან 33-ს „ტელეკომპანია პირველს“, 68-ს კი – „ფორმულას“. გარკვეულ შემთხვევებში, ორი კრიტიკული მაუწყებლისთვის აკრძალული სიტყვებისა და ფრაზების ნაწილი ერთმანეთს კვეთს. ჯამში, კომისია 93 განსხვავებული სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას კრძალავს.
კომისიის მიერ კრიტიკული ტელევიზიებისთვის აკრძალულ სიტყვებსა და ფრაზებს შორისაა: „რეჟიმი“, „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“, „ცრუ მოწმე პოლიციელები“, „პოლიტიკური პატიმრები“, „პოლიტიკური ტყვეები“, „რეპრესიული პოლიტიკა“, „ივანიშვილის პრემიერი“, „ე.წ. განათლების რეფორმა“, „ქართული ოცნების პოლიცია“, „უკანონო პატიმრობა“, „სქროლვა-სქრინვის სამმართველო“, „ოცნების ხელისუფლება“, „რეპრესიული კანონები“, „რეჟიმის სასამართლო“, „ივანიშვილის პრეზიდენტი“, „ოცნების სუსი“, „სასამართლო კლანი“ და ა.შ.
გარდა კონკრეტული სიტყვებისა და ფრაზების აკრძალვისა, კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს ამბების მშრალად, შეფასებისა და ანალიზისგან სრულად დაცლილად გაშუქებას სთხოვს. მაგალითად, მოხსენებითი ბარათების მიხედვით, კომისია დაუშვებლად მიიჩნევს ჟურნალისტებისა და წამყვანების შემდეგ ტექსტებსაც:
„სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი ეტაპი და კანონის ჩანაცვლება ქუჩის წესრიგით. ქართული ოცნება ეგრეთწოდებული მორალის პოლიციის ჩამოყალიბებას იწყებს. არაფორმალურ დანაყოფს MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილი უხელმძღვანელებს. ჩეჩნური ტიპის რაზმი მყისიერი რეაგირებით ემუქრება ყველას, ვინც მათი შეფასებით სიწმინდეებს, რელიგიას წინაპრებს და ისტორიას შეურაცხყოფს“.
„არაფორმალური დანაყოფის ხელმძღვანელმა პრაქტიკულად ძალადობა კამერების წინ დააანონსა. ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის სიწმინდეების რელიგიის და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერ რეაგირებას გეგმავს. ეს იდეა კი თურმე ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის შემდეგ გაუჩნდა. რეალურად ოცნებამ ჩეჩნური მოდელი დააკოპირა, სადაც სპორტსმენებს ოფიციალურ მანდატს ანიჭებენ და ძალადობის ნებას რთავენ. მმართველი გუნდი და მისი მხარდაჭერილი ძალები თავად გადაწყვეტენ, ვინ, რა ფორმით დასაჯონ და როგორ ჩაახშონ კრიტიკული ხმა“.
„პოლიციამ აქტივისტებზე ნადირობა გვიან ღამით დაიწყო. ჯერ დააკავეს თორნიკე თოშხუა. კაცი, რომელმაც ციხე რამდენიმე კვირის წინ დატოვა, ქუჩის გამოკითხვას ატარებდა, თუმცა, პოლიციას ნერვებმა უმტყუნა და რამდენიმე წამში დააკავეს, რამაც დიდი სოლიდარობა გამოიწვია და რამდენიმე წუთში საკრებულოსთან ათობით ახალგაზრდა გაჩნდა“.
„ოცნებას ვაშინგტონშიც პრორუსი პოლიტიკოსი ეიმედება. პროპაგანდა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის აღდგენად ასაღებს ოლიგარქის დეპუტატების ვაშინგტონში ვიზიტს. რეალურად კი მათი მასპინძელი კონსპიროლოგი უკრაინის წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსია, კრემლთან მჭიდრო კავშირებით“.
„ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზას უხშობს და დეზინფორმაციას კიდევ უფრო აძლიერებს, რომ საკუთარი დანაშაული ისევ ევროპას გადააბრალოს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ეს შედეგი ევროპის ორმაგი მიდგომების გამო დადგა და არა მათი პოლიტიკის გამო, რაც ცხადად ფასდება, როგორც დემოკრატიისგან და ევროპული ღირებულებებისგან გადახვევა. ამ დეზინფორმაციისთვის რეჟიმს ძალისხმევის გაძლიერება კიდევ უფრო სჭირდება იმ ფონზე, როცა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე რეალურად იხსნება… “.
„… ამ შეძახილებსაც კი ირანის პარლამენტში ირაკლი კობახიძე უპრობლემოდ ისმენდა და ტერორისტების გვერდითაც იდგა“ და სხვ.
კომუნიკაციების კომისია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების მხრიდან ამ სიტყვებისა და ფრაზების გამოყენება „ორგანოების/ინსტიტუციების საქმიანობის მიმართ მაუწყებლის მოსაზრებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს. ამდენად, სახეზეა, მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება, რითაც ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას“.
“კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საგანგაშოა კომუნიკაციების კომისიის ხელში მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირების ბერკეტის არსებობა და აღნიშნულის საფუძველზე, მათთვის ფინანსური სანქციების დაწესებისა და ლიცენზიის შეჩერების უფლების მინიჭება. მით უფრო, როდესაც საქართველოში მყარად დამკვიდრებული და აშკარად გამოკვეთილი სახელმწიფოს მიტაცების ფონზე, წლებია, კომისია „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალური და მასთან დაკავშირებული კომისიონერებით არის დაკომპლექტებული (კომინაციების კომისიის წევრების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს) და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს მმართველი გუნდის ინტერესების გატარებისა და მიკერძოების თვალსაზირისთ. კომინიკაციების კომისია არ უნდა ოპერირებდეს ცენზორის პოზიციიდან და ის არ უნდა იყოს გამოყენებული კრიტიკული მაუწყებლების დასჯის მექანიზმად. ხოლო საერთაშორისო პრაქტიკის გადათვალისწინებით, სადავო საკითხები თვითრეგულირების მექანიზმების ფარგლებში უნდა იხილებოდეს. სწორედ ამ უკანასკნელის წახალისება და ხელშეწყობა უნდა იყოს კომუნიკაციების კომისიის მთავარი მიზანიც და არა „ქართული ოცნების“ ინტერესების სამსახურში ჩადგომა და მაუწყებლების დასჯა მმართველი პარტიის წარმომადგენლების კრიტიკისა და მხილებისთვის”, – აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობაში.
გრაფიკი #1: კომუნიკაციების მიერ კრიტიკული მაუწყებლებისთვის აკრძალული სიტყვები და ფრაზები
#
„ფორმულა“
„ტელეკომპანია პირველი“
1
„ოპოზიციის დევნის საქმე“
„სინდისის პატიმრები/პატიმარი“
2
„რეჟიმი“
„ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გასამართლებულები“
3
„ივანიშვილის ხელისუფლება“
„ოცნების გამოძიება“
4
„ოცნების პროკურატურა“
„ოლიგარქი“
5
„ოლიგარქის გუნდი“
„პოლიტპატიმრები/პოლიტიკური პატიმრები“
6
„ოცნების პარლამენტი“
„არარსებული დანაშაული“
7
„რეპრესია“
„პოლიტიკური ტყვეები“
8
„ოცნების მთავრობა“
„ივანიშვილის რეჟიმი“
9
„ივანიშვილის პრემიერმინისტრი/პრემიერი“
„[ჟურნალისტი], რომელიც ოცნებამ სამაგალითოდ დასაჯა“
10
„ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე“
„ქართული ოცნების დეპუტატები“
11
„ქართული ოცნების მერი“
„ოლიგარქის პარტია“
12
„[ბიძინა] ივანიშვილის დეპუტატი/დეპუტატები“
„აქტივისტების ტერორი გრძელდება“
13
„ოლიგარქის სამინისტრო“
„ბიძინა ივანიშვილის გუნდი“
14
„ოცნების მინისტრი“
„რეპრესიული პოლიტიკა“
15
„ოლიგარქის პარტია“
„ივანიშვილის რეპრესიული პოლიტიკა“
16
„ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი“
„ქართული ოცნების ძალადობრივი რეჟიმი და პოლიტიკა“
17
„ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“
„ქართული ოცნების მიერ მართული კულტურის სამინისტრო“
18
„ოლიგარქის პარლამენტის სპიკერი“
„რეჟიმი“
19
„ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი“
„ივანიშვილის პრემიერი“
20
„ოლიგარქის რეჟიმი“
„ქართული ოცნების პოლიცია“
21
„ოლიგარქის პარლამენტის თავმდომარე“
„[ივანიშვილის მიერ] მართული ტელევიზიები“
22
„ოცნების სასამართლო“
„ოცნება არჩევანს დიქტატურაზე აკეთებს“
23
„ოცნების პრემიერი“
„სინდისის 11 პატიმრის საქმე“
24
„ოცნების/ქართული ოცნების რეჟიმი“
„თეთრი ძაფით ნაკერი“
25
„სასამართლო კლანი“
„ოცნების მინისტრი“
26
„რაჟდენ კუპრაშვილის უწყება“
„ე.წ. განათლების რეფორმა“
27
„ივანიშვილის პარტია“
„აქტივისტებზე ნადირობის ღამე“
28
„[ქართული] ოცნების სუსი“
„ტერორი … ამით არ დასრულებულა“
29
„ოცნების განაჩენი“
„ოცნების სუსი“
30
„ოცნების პრემიერმინისტრი“
„სქროლვა-სქრინვის სააგენტო“
31
„ოცნების პარლამენტის დეპუტატი“
„[შსს-მ] დიდი ნადირობა მოაწყო“
32
„ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრი“
„დიდი ნადირობა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე“
33
„ივანიშვილის პრეზიდენტი“
„აქტივისტებზე ნადირობა“
34
„ოცნების მთავრობის წევრები“
35
„ქართული ოცნების მთავრობის მეთაური“
36
„ივანიშვილის რეჟიმი“
37
„რეჟიმის პროკურატურა“
38
„ოცნების საგამოძიებო უწყება“
39
„ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“
40
„[ქართული] ოცნების პრეზიდენტი“
41
„პროსამთავრობო რუსთავი 2“
42
„რეჟიმის სასამართლო“
43
„ოლიგარქის გარემოცვა“
44
„რეჟიმის ოპონენტები“
45
„ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის შენობა“
46
„ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაცია“
47
„ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრი“
48
„უკანონოდ დაკავება“
49
„პროპაგანდისტული რუპორები“
50
„სამთავრობო პროპაგანდა“
51
„ოლიგარქის დეპუტატები“
52
„უკანონო პატიმრობა“
53
„საკუთარი პროპაგანდისტები“
54
„ოცნების ხელისუფლება“
55
„ოცნების ხელისუფლების მმართველობა“
56
„[ბიძინა] ივანიშვილის გუნდი“
57
„ოცნების დეპუტატები“
58
„სქროლვა-სქრინვის სამმართველო“
59
„ოცნების პარლამენტარი“
60
„ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები“
61
„რეპრესიული კანონები“
62
„ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი“
63
საკუთარი პროპაგანდისტული ეთერი
64
„ოცნების ფინანსთა სამინისტრო“
65
„ივანიშვილის მთავრობა“
66
„პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული“
67
„რეპრესიული ნორმები“
68
„ქართული ოცნებისა და მისი სატელიტის – ხალხის ძალის“
წყარო: კომუნიკაციების კომისიის მიერ მაუწყებლებისთვის შედგენილი მოხსენებითი ბარათები
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.