ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

Comcom: არ არსებობს ფრაზები და სიტყვები, რომლებიც ავკრძალეთ, არ გვაქვს არავითარი სია

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოქართული ოცნებატელეიმედირუსთავი 2

კომუნიკაციების კომისია უარყოფს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბრალდებას იმის შესახებ, თითქოს კომისიამ მაუწყებლებს კონკრეტული სიტყვებისა და ფრაზების გამოყენება აუკრძალა. თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კომისიამ კრიტიკული ტელევიზიები კანონის დარღვევისა და აკრძალული ტერმინების გამოყენებისთვის არაერთხელ დააჯარიმა.

Comcom: არ არსებობს ფრაზები და სიტყვები, რომლებიც ავკრძალეთ, არ გვაქვს არავითარი სია
Comcom: არ არსებობს ფრაზები და სიტყვები, რომლებიც ავკრძალეთ, არ გვაქვს არავითარი სიატაბულა

კომუნიკაციების კომისიის მტკიცებით, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს "საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს". მათი განცხადებით, "კომუნიკაციების კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლებს ასანქცირებს. არ არსებობს ფრაზები და სიტყვები, რომლებიც კომუნიკაციების კომისიამ აკრძალა".

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში საუბარია იმ საკანონმდებლო მოთხოვნებზე, რომლებსაც მაუწყებლები უნდა იცავდნენ. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლებს ეკრძალებათ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება. იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ - მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება.

აღნიშნული შინაარსობრივი რეგულირების საკითხებზე კომუნიკაციების კომისიამ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა მაუწყებლებთან, შეიმუშავა და გამოაქვეყნა შესაბამისი გზამკვლევი, რათა მაუწყებლებს კანონის აღსრულების ნაწილში დახმარებოდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არ არის მაუწყებლების სანქცირება, კომისიის მიზანია მედიის მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებით კანონის აღსრულება და საზოგადოების ინტერესების დაცვა.

შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია კანონის ეფექტიანი აღსრულების მიზნით განაგრძობს შესაბამის რეაგირებას" - წერს Comcom.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, კომუნიკაციების კომისიამ ქართული ოცნებისადმი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენება აუკრძალა, მათ შორისაა: რეჟიმი, სინდისის პატიმრები, ოლიგარქი, ცრუ მოწმე პოლიციელები, პოლიტიკური პატიმრები, ივანიშვილის პრემიერი, უკანონო პატიმრობა, ოცნების ხელისუფლება, რეპრესიული კანონები, სასამართლო კლანი.

ორგანიზაციის განცხადებით, საერთო ჯამში, ბოლო 6 თვეში, კომისიამ ტელეკომპანია პირველსა და ფორმულას მოხსენებითი ბარათები უკვე 7-ჯერ (4-ჯერ ფორმულას, 3-ჯერ ტელეკომპანია პირველს) შეუდგინა და მათ საფუძველზე, ისინი პირველად ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა, შემდეგ - თითოეული ჯერ 2500 ლარით, მომდევნო ჯერზე კი - 5000 ლარით დააჯარიმა. უკვე 1 ოქტომბერს კი, ფორმულა დამატებით 10 000 ლარით დააჯარიმა.

"დიდი ალბათობით, კომისია მავნე პრაქტიკას კვლავაც გააგრძელებს და უახლოეს მომავალში, იმავე მიზეზით ახლა უკვე ტელეკომპანია პირველსაც დააჯარიმებს, რადგანაც, როგორც წესი, კომისია ერთ შეკრულ წრეზე მოძრაობს და მაუწყებლებს რიგრიგობით აჯარიმებს.

აშკარაა, რომ კომუნიკაციების კომისა ამ გზით, ისედაც მძიმე ფინანსურ პირობებში მყოფი ტელევიზიების პარალიზებას ცდილობს. კომისიას მათთვის მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერების უფლებამოსილებაც აქვს, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა.

მართალია, კომისიამ პარალელურად მონიტორინგის რეჟიმში პროსამთავრობო არხებიც - იმედი, პოსტვ, რუსთავი 2 - მოაქცია, თუმცა პროცესებზე დაკვირვება ტოვებს განცდას, რომ აღნიშნულს მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს და დაინტერესებული მხარეებისთვის ობიექტური დამკვირვებლისა და არბიტრის როლის ჩვენებას ემსახურება. იმთავითვე ნათელი იყო, რომ კომისიის მიზანი მხოლოდ კრიტიკული მედიების დასჯა და ფინანსური ჯარიმების გზით მათი დასუსტება ან/და დახურვა იყო.

კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს შინაარსობრივი მონიტორინგის დაწყებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც 2026 წლის 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზები - იმედი და პოსტვ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რუსული დეზინფორმაციის მხარდაჭერისთვის დაასანქცირა". - წერს TI.

ორგანიზაციის განცხადებით, კომუნიკაციების კომისია მაუწყებლებს, როგორც წესი, მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევას, ასევე ამბების პირადი დამოკიდებულებისა და მოსაზრების საფუძველზე გაშუქებას ედავება. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ კომისიის მიერ TV პირველისა და TV ფორმულასთვის შედგენილი ყველა მოხსენებითი ბარათი შეისწავლა (ჯამში 7 ასეთი დოკუმენტი) და მის მიერ აკრძალული სიტყვები და ფრაზები დააჯამა.

"გამოირკვა, რომ კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს ჯამში 101 სიტყვისა ან/და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს, აქედან 33-ს ტელეკომპანია პირველს, 68-ს კი - ფორმულას. გარკვეულ შემთხვევებში, ორი კრიტიკული მაუწყებლისთვის აკრძალული სიტყვებისა და ფრაზების ნაწილი ერთმანეთს კვეთს. ჯამში, კომისია 93 განსხვავებული სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას კრძალავს.

გარდა კონკრეტული სიტყვებისა და ფრაზების აკრძალვისა, კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს ამბების მშრალად, შეფასებისა და ანალიზისგან სრულად დაცლილად გაშუქებას სთხოვს. მაგალითად, მოხსენებითი ბარათების მიხედვით, კომისია დაუშვებლად მიიჩნევს ჟურნალისტებისა და წანყვანების შემდეგ ტექსტებსაც:

"სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი ეტაპი და კანონის ჩანაცვლება ქუჩის წესრიგით. ქართული ოცნება ეგრეთწოდებული მორალის პოლიციის ჩამოყალიბებას იწყებს. არაფორმალურ დანაყოფს MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილი უხელმძღვანელებს. ჩეჩნური ტიპის რაზმი მყისიერი რეაგირებით ემუქრება ყველას, ვინც მათი შეფასებით სიწმინდეებს, რელიგიას წინაპრებს და ისტორიას შეურაცხყოფს".

"არაფორმალური დანაყოფის ხელმძღვანელმა პრაქტიკულად ძალადობა კამერების წინ დააანონსა. ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის სიწმინდეების რელიგიის და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერ რეაგირებას გეგმავს. ეს იდეა კი თურმე ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის შემდეგ გაუჩნდა. რეალურად ოცნებამ ჩეჩნური მოდელი დააკოპირა, სადაც სპორტსმენებს ოფიციალურ მანდატს ანიჭებენ და ძალადობის ნებას რთავენ. მმართველი გუნდი და მისი მხარდაჭერილი ძალები თავად გადაწყვეტენ, ვინ, რა ფორმით დასაჯონ და როგორ ჩაახშონ კრიტიკული ხმა".

"პოლიციამ აქტივისტებზე ნადირობა გვიან ღამით დაიწყო. ჯერ დააკავეს თორნიკე თოშხუა. კაცი, რომელმაც ციხე რამდენიმე კვირის წინ დატოვა, ქუჩის გამოკითხვას ატარებდა, თუმცა, პოლიციას ნერვებმა უმტყუნა და რამდენიმე წამში დააკავეს, რამაც დიდი სოლიდარობა გამოიწვია და რამდენიმე წუთში საკრებულოსთან ათობით ახალგაზრდა გაჩნდა".

"ოცნებას ვაშინგტონშიც პრორუსი პოლიტიკოსი ეიმედება. პროპაგანდა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის აღდგენად ასაღებს ოლიგარქის დეპუტატების ვაშინგტონში ვიზიტს. რეალურად კი მათი მასპინძელი კონსპიროლოგი უკრაინის წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსია, კრემლთან მჭიდრო კავშირებით".

"ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზას უხშობს და დეზინფორმაციას კიდევ უფრო აძლიერებს, რომ საკუთარი დანაშაული ისევ ევროპას გადააბრალოს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ეს შედეგი ევროპის ორმაგი მიდგომების გამო დადგა და არა მათი პოლიტიკის გამო, რაც ცხადად ფასდება, როგორც დემოკრატიისგან და ევროპული ღირებულებებისგან გადახვევა. ამ დეზინფორმაციისთვის რეჟიმს ძალისხმევის გაძლიერება კიდევ უფრო სჭირდება იმ ფონზე, როცა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე რეალურად იხსნება…".

"...ამ შეძახილებსაც კი ირანის პარლამენტში ირაკლი კობახიძე უპრობლემოდ ისმენდა და ტერორისტების გვერდითაც იდგა" და სხვ.

კომუნიკაციების კომისია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების მხრიდან ამ სიტყვებისა და ფრაზების გამოყენება "ორგანოების/ინსტიტუციების საქმიანობის მიმართ მაუწყებლის მოსაზრებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს. ამდენად, სახეზეა, მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება, რითაც ადგილი აქვს "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას".

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საგანგაშოა კომუნიკაციების კომისიის ხელში მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირების ბერკეტის არსებობა და აღნიშნულის საფუძველზე, მათთვის ფინანსური სანქციების დაწესებისა და ლიცენზიის შეჩერების უფლების მინიჭება. მით უფრო, როდესაც საქართველოში მყარად დამკვიდრებული და აშკარად გამოკვეთილი სახელმწიფოს მიტაცების ფონზე, წლებია, კომისია ქართული ოცნებისადმი ლოიალური და მასთან დაკავშირებული კომისიონერებით არის დაკომპლექტებული (კომინაციების კომისიის წევრების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს) და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს მმართველი გუნდის ინტერესების გატარებისა და მიკერძოების თვალსაზირისთ. კომინიკაციების კომისია არ უნდა ოპერირებდეს ცენზორის პოზიციიდან და ის არ უნდა იყოს გამოყენებული კრიტიკული მაუწყებლების დასჯის მექანიზმად. ხოლო საერთაშორისო პრაქტიკის გადათვალისწინებით, სადავო საკითხები თვითრეგულირების მექანიზმების ფარგლებში უნდა იხილებოდეს. სწორედ ამ უკანასკნელის წახალისება და ხელშეწყობა უნდა იყოს კომუნიკაციების კომისიის მთავარი მიზანიც და არა ქართული ოცნების ინტერესების სამსახურში ჩადგომა და მაუწყებლების დასჯა მმართველი პარტიის წარმომადგენლების კრიტიკისა და მხილებისთვის" - წერს საერთოშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

TI-ის მიერ გამოვლენილი კომუნიკაციების მიერ კრიტიკული მაუწყებლებისთვის აკრძალული სიტყვები და ფრაზები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.