პენიტენციური საიას პასუხობს და განმარტავს, როდის ეცნობა ციხის თანამშრომელი კორესპონდენციის შინაარსს
სპეციალური პენიტენციური სამსახური პასუხობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას და განმარტავს პატიმართა კორესპონდენციის შემოწმებისა და შინაარსის გაცნობის წესებს პენიტენციური კოდექსის შესაბამისად.

სპეციალური პენიტენციური სამსახური „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის მიერ 7 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებას, რომ ადვოკატს უფლება არ მისცეს, ციხიდან გამოეტანა პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები.
უწყება განმარტავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენციის შემოწმების საკითხს და ამბობს, რომ „უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს“, შესაბამისი პირი უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პენიტენციური დაწესებულების მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე მიღებული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე, ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას, უზრუნველყოფს დაწესებულება.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია მოწმდება. შემოწმება მოიცავს კორესპონდენციის ვიზუალურ დათვალიერებას მისი შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა“, – წერია განცხადებაში.
უწყება ამბობს, რომ საკანონმდებლო აქტის არცერთი ნორმა არ განსაზღვრავს ადვოკატის უფლებას, ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდგომ დაწესებულებიდან გამოიტანოს სხვადასხვა სახის ჩანაწერი.
„როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში არის პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე უფლებამოსილი გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური, როგორც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ასევე, თითოეულ ადვოკატს აძლევს შესაძლებლობას, დაწესებულების მეშვეობით მოხდეს კორესპონდენციის გაგზავნა, შესაბამისი წესით. ყველა ამ ნორმის შესახებ ინფორმირებულია ყველა მოქმედი ადვოკატი.
შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადება საქმიანობაში ხელისშეშლასთან საფუძველს მოკლებულია“, – წერია განცხადებაში.
საის განცხადებით, 7 ოქტომბერს მათ ადვოკატს, ჯუბა ქათამაძეს უფლება არ მისცეს, ციხიდან გამოეტანა გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები.
ორგანიზაცია ამბობს, რომ ადვოკატი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაყოვნებული პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც იძულებული გახდა, დაეხია საკუთარი ჩანაწერები და მხოლოდ ამის შემდეგ დაეტოვებინა დაწესებულება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაპენიტენციური სამსახური საია-ს განცხადებას ეხმაურება და ადვოკატისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას უარყოფს
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადება, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატს საქმიანობაში ხელი შეეშალა, საფუძველს მოკლებულია
საიას განცხადება ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლაზე საფუძველს მოკლებულია – პენიტენციური
რატომ არ მისცეს ადვოკატს საშუალება პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები გამოეტანა – პენიტენციური საიას პასუხობს
განცხადება – წერილია და ადვოკატს კანონი არ უზღუდავს ჩანაწერის გამოტანას, მაგრამ არც უფლებას აძლევს – პენიტენციურის “უცნაური” განცხადება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…