ადვოკატის ჩანაწერი პატიმრის კორესპონდენციად არ უნდა ჩაითვალოს - ადვოკატთა ასოციაცია
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ეხმაურება ფაქტებს, როდესაც პენიტენციური სამსახური ადვოკატებს პატიმრებთან გაკეთებული ჩანაწერების ციხიდან გამოტანის საშუალებას არ აძლევს. ასოციაცია აცხადებს, რომ ადვოკატის ჩანაწერი პატიმრის კორესპონდენციად არ უნდა ჩაითვალოს და მოითხოვს პროფესიული საიდუმლოებისა და დაცვის უფლების პრინციპების დაცვას.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ეხმაურება ადვოკატების მხრიდან აღნიშნულ ფაქტებს, რომ პენიტენციური სამსახური მათ არ აძლევს შესაძლებლობას პატიმრებთან გაკეთებულ ჩანაწერები ციხიდან გამოიტანონ.
ასოციაცია წერს, რომ ადვოკატებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი არ უნდა შეუშალონ და ნებისმიერ მსგავს შემთხვევაზე "ნებისმიერი შესაძლო ხელშეშლის ფაქტზე, მუდამ ექნებათ მყისიერი, მკაცრი და ადეკვატური რეაქცია".
ასოციაცია ადვოკატისთვის ნებისმიერი შესაძლო ხელშეშლის ფაქტზე საგამოძიებო უწყებების მხრიდან მოითხოვს "უსწრაფეს გამოძიებას".
ასოციაცია მოუწოდებს "შესაბამის სახელმწიფო უწყებებს" პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატთა საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი განიხილონ ადვოკატის დამოუკიდებლობის, პროფესიული საიდუმლოების, კლიენტთან კონფიდენციალური კომუნიკაციისა და ეფექტიანი დაცვის უფლების პრინციპების გათვალისწინებით.
ადვოკატთა ასოციაციის განცხადებაში აღნიშნულია ის, რომ ადვოკატის მიერ პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერი "არ წარმოადგენს პატიმრის კორესპონდენციას".
"ეს არის ადვოკატის მხრიდან საადვოკატო საქმიანობის პროცესში შექმნილი ადვოკატის ჩანაწერი და ის არ უნდა განიმარტოს, როგორც პატიმრის კორენპონდენცია. ეს ორი ცნება უნდა იქნეს გამიჯნული ერთმანეთისგან...კონსტიტუციური გარანტიის თანახმად, დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელება გულისხმობს ადვოკატსა და კლიენტს შორის თავისუფალი და კონფიდენციალური კომუნიკაციის უზრუნველყოფას, მათ შორის, იმ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დაცვის გარანტიას, რომელიც ადვოკატმა კლიენტის ინტერესების დასაცავად მოიპოვა ან შექმნა.". - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, საიას იურისტს, რომელიც 7 ოქტომბერს პატიმარ გიორგი დავითაძესთან პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ პატიმართან გაკეთებული ჩანაწერების გატანის საშუალება არ მისცეს.
ორგანიზაციის განცხადებით, ადვოკატს ტერიტორიის დატოვების საშუალება მას შემდეგ მისცეს, რაც გაკეთებული ჩანაწერები დახია.
საია შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ, ხოლო პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
საიას განცხადება ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლაზე საფუძველს მოკლებულია – პენიტენციური
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.