პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რა კითხვები აქვს „ანტიანექსიურ პლატფორმას“ მინსკში ზურაბიშვილ-გალუზინის შეხვედრაზე

ეუთოსაქართველოს მთავრობა

„ანტიანექსიური პლატფორმის“ განცხადებით, მინსკში ზურაბაშვილ-გალუზინის შეხვედრით ახალი პოლიტიკური არხის შექმნა ჟენევის ფორმატის შესუსტებისა და ოკუპაციის ნორმალიზების სერიოზულ საფრთხეს შეიცავს.

რა კითხვები აქვს „ანტიანექსიურ პლატფორმას“ მინსკში ზურაბიშვილ-გალუზინის შეხვედრაზე
ნეტგაზეთი

„ანტიანექსიური პლატფორმის“ განცხადებით, მინსკში ახალი პოლიტიკური არხის შექმნა შეიცავს ჟენევის ფორმატის შესუსტების, რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხის უკანა პლანზე გადაწევისა და ოკუპაციის პოლიტიკის ნორმალიზების სერიოზულ საფრთხეს.

ამის შესახებ „ანტიანექსიური პლატფორმის“ წარმომადგენლებმა, თეონა აქუბარდიამ და პაატა დავითაიამ, დღეს, 20 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათი განცხადებით, 19 ნოემბერს ქალაქ მინსკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ მოადგილეებს შორის გამართულმა შეხვედრამ აჩვენა, რომ საქმე გვაქვს არა აბაშიძე კარასინის-იგივე პრაღის არაფორმალური ფორმატის გაგრძელებასთან, არამედ სრულიად ახალი, მაღალი დონის პირდაპირი არხის შექმნასთან.

„შეხვედრა ოფიციალურ გარემოში სახელმწიფო დროშების ფონზე გაიმართა და რუსეთმა მას ორი საგარეო უწყების ოფიციალური კონტაქტის სახე მისცა და არა არაფორმალური შეხვედრის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელთან, რაზეც ქართულ მხარეს არ ჰქონია პროტესტი.

ეს განსაკუთრებით საგანგაშოა, მაშინ როცა რუსეთი საქართველოსგან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ითხოვს დეოკუპაციის გარეშე. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: ხომ არ ხდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ნიადაგის მომზადება ისე, რომ დეოკუპაცია წინაპირობად აღარ უნდა განიხილებოდეს?“, – აცხადებს „ანტიანექსიური პლატფორმა“.

„ანტიანექსიური პლატფორმის“ განცხადებით, მინსკის ფორმატის ყველაზე სერიოზული საფრთხე უსაფრთხოების და კონფლიქტის საკითხების ამ ახალ ფორმატში გადატანას უკავშირდება.

„მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2024 წელს მიხეილ გალუზინი ღიად აცხადებდა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები მინსკში უნდა გადატანილიყო, დღეს უკვე საქართველოს ხელისუფლება მართავს რუსეთთან ახალ პოლიტიკურ შეხვედრას სწორედ მინსკში და უშვებს უსაფრთხოების საკითხების განხილვას ამ ფორმატში. ამიტომ, ეს უკვე უბრალო დამთხვევა აღარ არის. ჩნდება რეალური საფრთხე, რომ მინსკში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პარალელური პოლიტიკური არხი ჩამოყალიბდეს — ზუსტად იმ მიმართულებით, რასაც რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობდა.

ჟენევის ფორმატი ერთადერთი მოქმედი საერთაშორისო მოლაპარაკების მექანიზმია, რომელშიც ევროკავშირი, გაერო და ეუთო მონაწილეობენ და სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, რუსეთის პასუხისმგებლობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილება. ამ საკითხების რუსეთთან ორმხრივ პოლიტიკურ ფორმატში გადატანა ასუსტებს საერთაშორისო ჩართულობას და საქართველოს მოლაპარაკების პოზიციებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესების გათვალისწინებით.

ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის გუშინდელი განცხადება, რომ რუსეთთან საუბრის შიში უნდა დავძლიოთ, პრობლემის არსს გვერდს უვლის. საქართველოს საზოგადოებას დიალოგის არ ეშინია. მთავარი კითხვაა, რა პირობებით მიმდინარეობს ეს დიალოგი, რა დღის წესრიგით და ვისი ინტერესების გათვალისწინებით.

შესაბამისად, ანტიანექსიური პლატფორმა მიიჩნევს, რომ მინსკში ახალი პოლიტიკური არხის შექმნა შეიცავს ჟენევის ფორმატის შესუსტების, რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხის უკანა პლანზე გადაწევისა და ოკუპაციის პოლიტიკის ნორმალიზების სერიოზულ საფრთხეს“, – აცხადებს „ანტიანექსიური პლატფორმა“.

ამიტომ, „ანტიანექსიური პლატფორმა“ ხელისუფლებისგან მოითხოვს მკაფიო პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

რატომ დათანხმდა ქართული მხარე რუსეთს შეხვედრის მინსკში გამართვას?

რატომ არ იმუშავა რუსეთთან ახალ ფორმატში შეხვედრის არა მინსკში, არამედ ჟენევაში ჩატარების შესაძლებლობაზე?

რას მოიცავს რუსეთის მიერ ნახსენები „პრაქტიკული შეთანხმებები“?

როგორ გაიმიჯნება ეს ახალი ფორმატი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისგან?

რა გარანტია არსებობს, რომ ეს პროცესი არ ემსახურება ჟენევის ფორმატის შესუსტებასა და დიპლომატიური ურთიერთობების დეოკუპაციის გარეშე ნორმალიზებას?

„მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები არ შეიძლება მოექცეს რუსეთის მიერ ნაკარნახევ პოლიტიკურ ჩარჩოში. რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დეოკუპაციის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხების გარეშე დაუშვებელია“, – აცხადებს „ანტიანექსიური პლატფორმა“.

ირაკლი კობახიძემ 21 ოქტომბერს დანიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი და მის ახალ ამოცანად „რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაც“ დაასახელა.

ეს თბილისის მხრიდან რუსეთთან არაფორმალური დიალოგის რანგის და მანდატის ზრდას ნიშნავს, რადგან ამ დრომდე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმადგენელი მოსკოვთან არაფორმალურ დიალოგს სავაჭრო, სატრანსპორტო კავშირებსა და ჰუმანიტარულ-კულტურულ ურთიერთობებზე აწარმოებდა, კონფლიქტის თემა კი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში განსახილველ საკითხად რჩებოდა. ასევე, მანამდე, აბაშიძე-კარასინის შეხვედრებად წოდებული, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ადგილად პრაღა იყო განსაზღვრული.

რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის 19 ნოემბერს მინსკში გაიმართა. რუსეთს, დიდი ხანია, სურს ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანა.

მოსკოვის ცნობით, მხარეებმა „სიღრმისეულად განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები“, მათ შორის უსაფრთხოების საკითხები, რაც მანამდე პირდაპირი დიალოგის განსახილველ საკითხთა შორის არ ყოფილა და ჟენევის დისკუსიების ფორმატს განეკუთვნებოდა.

ოფიციალური თბილისის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. ასევე განიხილეს ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები და მიაღწიეს რიგ შეთანხმებებს.

„ხაზი გაესვა დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.

მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ შეხვედრები აღნიშნული ფორმატის ფარგლებში და მადლობა გადაუხადეს ბელარუსულ მხარეს პირველი შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თბილისს დიპურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს - ზახაროვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები