პენიტენციური სამსახური „სრულ სიცრუეს“ უწოდებს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პატიმარს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის განცხადებას იმის შესახებ, რომ პატიმარს თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. უწყების განცხადებით, პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა და ის სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფს №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პენიტენციური სამსახური „ინტერპრესნიუსთან“ კატეგორიულად გამორიცხავს მსჯავრდებულზე ძალადობას და აცხადებს, რომ მსჯავრდებული ჩაჩანიძე №6 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გამოირჩეოდა პროვოკაციული ქმედებებით.
„სისტემატურად არღვევდა პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაწესებულების მოსამსახურეებს, რაც მაღალი რისკის მსჯავრდებულების მხრიდან საკმაოდ ხშირი შემთხვევაა. მსჯავრდებულ ჩაჩანიძის მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები არაერთხელ არის ასახული პენიტენციური დაწესებულების სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერებში.
ერთ-ერთი ასეთი პროვოკაციული ქმედება მან 2026 წლის 2 ოქტომბერს, 23:21 საათზე განახორციელა, როდესაც საკნის ფანჯრის მინა ჩაამტვრია და სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით მსჯავრდებულს რაიმე განმარტება არ გაუკეთებია. მას დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ დაუყოვნებლივ გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
მომხდარი ფაქტის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა შესაბამის საგამოძიებო უწყებას, უზრუნველყო შესაბამისი მასალის დაარქივება და საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემა.
ზემოაღნიშნული ფაქტისა და უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებების გათვალისწინებით, მსჯავრდებული ლაშა ჩაჩანიძე სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი. შესაბამისად, მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულს დაზიანებები ციხის თანამშრომლებმა მიაყენეს, რეალობას არ შეესაბამება”, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში.
ცნობისთვის, ადვოკატ ანა აკოფოვას განცხადებით, პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადა.
აკოფოვას განცხადებით, ის 5 ოქტომბერს, ბათუმის მე-3 დაწესებულებაში მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძეს შეხვდა, სადაც მას პატიმარმა მომხდარის შესახებ უამბო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.