ლაო ჯინ ჯაოს სახლის რემონტში ბიუჯეტიდან ამჯერად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ქობულეთის დაბა ჩაქვში ლაო ჯინ ჯაოს სახლის რეაბილიტაციისთვის დამატებით ნახევარ მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს. შენობის რემონტი 2024 წლიდან მიმდინარეობს და ამჯერად ინტერიერის მოწყობა იგეგმება, რისთვისაც 537 ათას ლარზე მეტი ღირებულების ტენდერია გამოცხადებული.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო [კმდს] ქობულეთის დაბა ჩაქვში ლაო ჯინ ჯაოს სახლის რემონტს აგრძელებს და დამატებით ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
კმდს აღნიშნულ შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, 2024 წლიდან არემონტებს. შენობაზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ამჯერად ინტერიერი უნდა მოეწყოს [მათ შორის სადეგუსტაციო და სამზარეულო სივრცეები], თუმცა, სააგენტომ ტენდერი მაინც „ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სახლის რეაბილიტაციაზე“ გამოაცხადა.
ტენდერის მიხედვით ამჯერად ლაო ჯინ ჯაოს სახლის „მესამე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები“ უნდა ჩატარდეს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 537 ათას 130 ლარია.
ლაო ჯინ ჯაოს რეაბილიტირებული სახლი ჩაქვში / ფოტო გადაღებულია 2026 წლის ივლისში
თავდაპირველად ლაო ჯინ ჯაოს სახლის სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვაზე ხელშეკრულება კმდს-მ ინდ.მეწარმე პაატა ნუცუბიძესთან 2024 წლის თებერვალში გააფორმა. საპროექტო დოკუმენტაციაში სააგენტომ 53 700 ლარი გადაიხადა. პროექტის შესაძენად ტენდერი 70 ათასი ლარით იყო გამოცხადებული.
ამ პროექტის საფუძველზე კი კმდს-მ ტენდერი [ამჯერად პირველი ეტაპის] სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე 961 ათასი ლარით გამოაცხადა იმავე წელს.
ამ თემაზე: ლაო ჯინ ჯაოს სახლის რეაბილიტაციისთვის 961 ათასი ლარია გამოყოფილი
ამ პირველ ტენდერში გამარჯვებულად გამოავლინეს შპს „იორ ბუილდინგ კომპანი“, რომელთანაც ხელშეკრულება 900 ათას ლარზე გააფორმეს [დღგ-ს ჩათვლთ], თუმცა საბოლოოდ კომპანიას ჯამში 988 ათას 110 ლარი გადაუხადეს.
ლაო ჯინ-ჯაოს საცხოვრებელი სახლის „მეორე ეტაპის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე კმდს-ს ხელშეკრულება კვლავ შპს „იორ ბუილდინგ კომპანისთან“ აქვს გაფორმებული 2026 წლის 24 მარტს. ამჯერად 265 ათას 723 ლარზე. სამუშაოები ძირითადად ეზოს მოწყობას ითვალისწინებს.
ამ ხელშეკრულების ფარგლებში აღნიშნულ კომპანიაზე დღევანდელი მდგომარეობით უკვე გადახდილია 95 ათას 776 ლარი.
ჩაქვში, სანაპიროზე [ზღვიდან დაახლოებით 30 მეტრში] მდებარე ეს ქონება 2021 წლიდან „საქართველოს საპარტნიორო ფონდისთვის“ იყო გადაცემული, მანამდე კი, ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას წარმოადგენდა.
სახელმწიფომ, 2023 წლის სექტემბერში, ქონება ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადასცა, ქობულეთმა კი – 2023 წლის 31 ოქტომბერს აჭარას – შემდგომში პრივატიზებისთვის.
ამ თემაზე:
ლაო ჯინ ჯაოს სახლი ქობულეთმა აჭარის მთავრობას გადასცა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.