მარნეულში სავარაუდოდ 13 წლის ბავშვმა იმშობიარა - დანაშაული 7-9 წლიანი პატიმრობით ისჯება
მარნეულში სავარაუდოდ 13 წლის არასრულწლოვანმა ტყუპი გააჩინა, საიდანაც ერთი ახალშობილი გარდაიცვალა, მეორის მდგომარეობა კი მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო.

ინფორმაცია, რომ 13 წლის ბავშვმა ტყუპი ბავშვები გააჩინა, პირველ ოქტომბერს გაავრცელა მარნეულელმა აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ.
„წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალშობილი გარდაიცვალა გუშინ გვიან ღამით, მეორის მდგომარეობა კი მძიმეა“, - წერს ბაირამოვა დაუსახელებელ წყაროზე დაყრდნობით.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ის განუცხადეს, რომ „მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“.
ეს მუხლი ეხება „სრულწლოვნის მიერ სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“.
დანაშაული ისჯება 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ჯერ უცნობია, ვინ არის სავარაუდო დამნაშავე.
უწყებას საქმის სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ გაუვრცელებია, მათ შორის არც სავარაუდო დამნაშავის დაკავების შესახებ ინფორმაცია. რადიო თავისუფლება ცდილობს ბავშვისა და ახალშობილის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას.
როგორც რადიო თავისუფლება წერდა, საქართველოში ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტები ხშირია.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხოლოდ 2022 წლის რვა თვის მონაცემებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრმა, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, მომსახურება გაუწია სექსუალური ძალადობის მსხვერპლ 80 ბავშვს.
ციტატები სტატიიდან
„წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალშობილი გარდაიცვალა გუშინ გვიან ღამით, მეორის მდგომარეობა კი მძიმეა“
„მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.