ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ფიფიას, ირემაძეს, მჟავანაძეს, აბულაძეს, კამბოლოვსა და გაგლოევს
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა მამუკა ფიფიას, გიორგი ირემაძეს, ნიკოლოზ მჟავანაძეს, პაატა აბულაძეს, მარატ კამბოლოვილსა და ალან გაგლოევს. სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, ბრიტანეთში შესვლის აკრძალვას, სატრასტო მომსახურების შეზღუდვასა და დირექტორის თანამდებობის დაკავების აკრძალვას. შეზღუდვების მიზეზად დასახელებულია ოკუპირებულ დონეცკში ვიზიტი, პრორუსული ნარატივების გავრცელება და რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული საქმიანობა.

სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, ბრიტანეთში შესვლის აკრძალვას, სატრასტო მომსახურების შეზღუდვასა და დირექტორის თანამდებობის დაკავების აკრძალვას.
მამუკა ფიფია პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერია. ბრიტანეთის მთავრობა მიუთითებს, რომ მან საქართველოს პოლიტიკოსების დელეგაციას უხელმძღვანელა რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში, სადაც ისინი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელს შეხვდნენ. ლონდონი ასევე აცხადებს, რომ ფიფია რუსულ დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებდა.
გიორგი ირემაძე „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და „საქართველოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის“ დამფუძნებელია. ბრიტანეთის ცნობით, ისიც იმ დელეგაციაში იყო, რომელიც დონეცკში დენის პუშილინს შეხვდა.
ნიკოლოზ მჟავანაძე „სეზონი TV-ის“ დამფუძნებელი იყო, დღეისთვის პორტალი Taonews-ის ხელმძღვანელია. სანქციების დასაბუთებაში ასევე მითითებულია მისი მონაწილეობა დონეცკში გამართულ შეხვედრაში და ვიზიტის შემდგომი საჯარო გაშუქება.
პაატა აბულაძე ბრიტანეთის დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც ქართველი პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი, რომელიც ასევე მონაწილეობდა დონეცკში ვიზიტში. აბულაძე თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის დის ქმარი, ანუ სიძეა.
ალან გაგლოევი, რომელიც 2022-2026 წლებში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი იყო, ახლა ვლადიმირ პუტინის მრჩეველია. ბრიტანეთმა სანქციების მიზეზად რუსეთის მთავრობის მხარდაჭერა და პუტინის მრჩევლად მუშაობა მიუთითა.
მარატ კამბოლოვი 30 სექტემბრიდან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტია. თუმცა ბრიტანეთის სანქციების დოკუმენტში მისი ცხინვალის თანამდებობა სანქციების საფუძვლად არ არის დასახელებული: ლონდონი მიუთითებს მის საქმიანობაზე კურჩატოვის ინსტიტუტში 2015-2025 წლებში და ამ გზით რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მიღებაზე.
მასალა განალხდება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.