რა შედეგით დასრულდა ტრამპის წარმომადგენლის შეხვედრები პუტინსა და ზელენსკისთან
ტრამპის წარმომადგენლების, კუშნერისა და უიტკოფის პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებებში ევროპა ჩაერთვება და იგეგმება ტყვეთა მასშტაბური გაცვლა.

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ევროპის ქვეყნებიც ჩაერთვებიან. გარდა ამისა, იგეგმება მხარეებს შორის ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლა ომის დაწყების შემდეგ.
ეს არის ორი მთავარი შედეგი, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლების, სტივენ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივენ უოტკოფი და სპეციალური წარმომდგენელი სამშვიდობო საკითხებში, ტრამპის სიძე [შვილის, ივანკა ტრამპის ქმარი] ჯარედ კუშნერი ვოლოდიმირ ზელენსკის 12 ნოემბერს, ირლანდიის დედაქალაქი დუბლინში შეხვდნენ. უოტკოფი და კუშნერი დუბლინში მოსკოვიდან ჩავიდნენ, სადაც ვლადიმერ პუტინს ესაუბრნენ.
იქამდე, 10-11 ნოემბერს, აბუ-დაბიში გაიმართა აშშ-უკრაინა-რუსეთის შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი შეხვედრა.

ტრამპის წარმომადგენლებისა და ზელენსკის შეხვედრა დუბლინში, 13.11.26. (EPA)
შეხვედრების შემდეგ, ჯარედ კუშნერმა სოციალურ ქსელში ვრცელი, შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა მოლაპარაკების შედეგების შესახებ. მან თქვა, რომ უშალოდ პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრის გარდა, აშშ-ის წარმომადგენლებმა გერმანიის, იტალიის, ევროკავშირის, საფრანგეთის, ირლანდიისა და პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან გამართეს კონსულტაციები.
„ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ევროპელი პარტნიორებიც ჩაერთვებიან. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიული პრობლემების პარალელურად, ვისაუბროთ ომის შემდგომი ევროპის უსაფრთხოების საკითხზეც“, – წერს კუშნერი და ამატებს, რომ ევროპის უსაფრთხოების შესახებ არანაირი შეთანხმება არ გაფორმდება უკრაინის საკითხის გათვალისწინების გარეშე.
ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებებში ევროპელების ჩართვას დიდი ხანია ითხოვს. მისი პოზიციით, საჭიროა, რომ ევროკავშირს ჰქონდეს საკუთარი ხმა ამ პროცესში. რაც შეეხება პუტინს, როგორც ტრამპის წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა მასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, „ის [პუტინი] მზად არის, რომ სცადოს“.
მოლაპარაკებებში ევროპელი ლიდერების ჩართვაზე კომენტარი გააკეთა კრემლის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმაც.
„პუტინს არასდროს უთქვამს უარი ევროპელებთან დისკუსიაზე. თუ ევროპელებს ნამდვილად ჰყავთ უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომ აწარმოონ დისკუსია… მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით მათთან სასაუბროდ“, – განაცხადა პესკოვმა.
რაც შეეხება ტყვეთა გაცვლას, ზუსტი თარიღი და რაოდენობა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ჯარედ კუშნემა ახსენა, რომ საუბარია ათასობით ადამიანზე. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ეს არის ამ მოლაპარაკებების „რეალური შედეგი“.
ჯარედ კუშნერის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის თარიღი და ადგილი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მათ შორის ისიც, ვინ იქნებიან ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები ამ მოლაპარაკებებში.

ტრამპის წარმომადგენლების და პუტინის შეხვედრა მოსკოვში, 12.11.26. (EPA)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…