შსს – დევდორაკის ხეობაში შეზღუდვები მოიხსნა, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და სასაზღვრო გამშვებმა პუნქტმა „დარიალი“ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო. ადრეული გაფრთხილების სისტემიდან შემოსული სიგნალის გამო დილით ხეობიდან ადამიანების ევაკუაცია და მოძრაობის შეზღუდვა განხორციელდა, თუმცა ამ დროისთვის საფრთხის დონე მოხსნილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“.
დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება დილით შემოვიდა.
პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.
ამავდროულად, პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.