პუტინთან დაახლოებულ ორ ოლიგარქს ევროკავშირის სანქციები აღარ შეეხება
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სამი წლით გააგრძელა, თუმცა სიიდან ამოიღო ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი. კიევმა ეს გადაწყვეტილება სამარცხვინოდ შეაფასა, ხოლო ლატვიამ განაცხადა, რომ მათ ეროვნულ დონეზე თავად დაუწესებს სანქციებს.

ევროკავირი სამი წლით გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფისთვის ჯერ კიდევ 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებულ სანქციებს, რომლებიც უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაფართოვდა და 3000-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეხება.
ამასთან, სანქციებს მოუხსნიან ბიზნესმენებს, ალიშერ უსმანოვს და მიხაილ ფრიდმანს. კიევში ამ გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდეს.
რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების სამი წლით გაგრძელების და უსმანოვისა და ფრიდმანისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება 22 სექტემბერს მიიღო ევროკავშირში მისი წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა. მანამდე გადაწყვეტილებას ბლოკავდა ლატვია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნას ეწინააღმდეგებოდა. 22 სექტემბერს ლატვიას წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, თუმცა გამოაცხადა, რომ ფრიდმანს და უსმანოვს სანქციებს ეროვნულ დონეზე თავად დაუწესებს.
სააგეტო Reuters-ის დიპლომატიური წყაროების ცნობით, ფრიდმანისა და უსმანოვისთვის სანქციების მოხსნა იყო ნაწილი შეთანხმების, რომელმაც პირველად გახადა შესაძლებელი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაგრძელება ერთბაშად სამი წლით და არა ექვსი, ან თორმეტი თვით, როგორც ეს მანამდე ხდებოდა.
სანქცირებულთა სიიდან ალიშერ უსმანოვის ამოღებას მოითხოვდნენ სლოვაკეთი და საფრანგეთი. სლოვაკეთი, რომლის მთავრობასაც რობერტ ფიცოს მეთაურობით, რუსეთან კარგი ურთიერთობები აქვს, მოითხოვდა სანქციების მოხსნას მიხაილ ფრიდმანისთვისაც.
მოულოდნელი აღმოჩნა უკრაინის აქტიური მხარდამჭწრის, საფრანგეთის პოზიცია. როგორც გამოცემა Politico წერდა, პარიზში მოტივების განმარტებაზე უარი თქვეს და მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უკავშირდება „ეროვნული უსაფრთხოების კონკრეტულ პრობლემას“.
კიევის რეაქცია
ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიიდან უსმანოვის და ფრიდმანის ამოღებას „სამარცხვინო და გაუმართლებელი“ უწოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ.
მისი შეფასებით, მოსკოვი ზეიმობს, რადგან მიიღო ის, რაც სურდა - დაუსჯელობის განცდა, ევროკავშირის დამცირება და ევროპელებს შორის განხეთქილება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, მოსკოვს ზეიმი გაუფუჭონ და უსმანოვს და ფრიდმანს საკუთარი, ნაციონალური სანქციები დაუწესონ.
ციტატები სტატიიდან
„სამარცხვინო“
„სამარცხვინო და გაუმართლებელი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.