ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ალიშერ უსმანოვსა და მიხაილ ფრიდმანს სანქციებს დაუწესებენ

ლიტვა, ლატვია და ესტონეთი რუსი ბიზნესმენების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის მიმართ ეროვნულ სანქციებს აწესებენ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ისინი სანქცირებულთა სიიდან ამოიღო. ესტონეთმა და ლატვიამ თავი შეიკავეს ევროკავშირის კენჭისყრაზე, რათა სხვა შეზღუდვების ვადების გაგრძელებისთვის ხელი არ შეეშალათ, თუმცა ეროვნულ დონეზე სანქციების დაწესების პროცესი დაიწყეს. ლატვიის პრემიერმინისტრის განცხადებით, რიგის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მიღწეული შეთანხმება, რომელიც საფრანგეთის ბირთვული შეკავების ინიციატივაში ლატვიის მონაწილეობასა და სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას ეხება. მედიის ცნობით, პარიზი უსმანოვის სანქციებიდან ამოღებას აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის მოქალაქეების გათავისუფლების სანაცვლოდ ითხოვდა.

ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ალიშერ უსმანოვსა და მიხაილ ფრიდმანს სანქციებს დაუწესებენ
ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ალიშერ უსმანოვსა და მიხაილ ფრიდმანს სანქციებს დაუწესებენტაბულა

ლიტვა, ლატვია და ესტონეთი რუსი ბიზნესმენების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის მიმართ ეროვნულ სანქციებს აწესებენ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ისინი სანქცირებულთა სიიდან ამოიღო.

EU-მ აღნიშნული გადაწყვეტილება სამშაბათს, 22 სექტემბერს უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრასა და აგრესიასთან დაკავშირებული თითქმის 3 000 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების კიდევ სამი წლით გახანგრძლივების შესახებ შეთანხმების ფარგლებში მიიღო.

ესტონეთმა მხარი არ დაუჭირა უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღებას და კენჭისყრისგან თავი შეიკავა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ტალინი ორივე ბიზნესმენს ეროვნულ სანქციებს დაუწესებს.

ცაჰკნას განმარტებით, ესტონეთმა მხარი არ დაუჭირა სანქციების მოხსნას, ვინაიდან ფრიდმანი და უსმანოვი კვლავაც მხარს უჭერენ აგრესორს, რაც ხელს უწყობს რუსეთის რეჟიმის მიერ უკრაინაში აგრესიული ქმედებების გაგრძელებას. მისი თქმით, სასანქციო ზეწოლა რუსეთსა და მის მხარდამჭერებზე მხოლოდ უნდა გაიზარდოს.

ლიტვის პრემიერმინისტრმა, მინდაუგას სინკევიჩიუსმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ შესაბამის უწყებებს უსმანოვისა და ფრიდმანის მიმართ ეროვნული შემზღუდავი ზომების დაწესების პროცესის დაწყება დაავალა.

სინკევიჩიუსის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება, რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული რუსული ბიზნესის წარმომადგენელთა აქტივები ევროპაში შეუზღუდავი არ უნდა დარჩეს.

ლატვიამ უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ ეროვნული სანქციები 22 სექტემბერს დაამტკიცა. შეზღუდვები ფინანსურ და ქვეყანაში შესვლის აკრძალვის ზომებს მოიცავს.

ლატვიის პრემიერმინისტრმა, ანდრის კულბერგსმა განაცხადა, რომ რიგა ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის სანქციების სიიდან უსმანოვისა და ფრიდმანის ამოღებას, თუმცა, საბოლოოდ, დათანხმდა ვეტოს მოხსნასა და კენჭისყრისგან თავის შეკავებას, რათა რუსეთის წინააღმდეგ სხვა შეზღუდვების ვადების გაგრძელების გადაწყვეტილებას საფრთხე არ შეჰქმნოდა. მან ასევე პირობა დადო, რომ სანამ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება, ლატვიის მხარდაჭერა კიევისადმი მტკიცე და ურყევი დარჩება.

რიგის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მიღწეული შეთანხმება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. მოლაპარაკებები საფრანგეთის ბირთვული შეკავების ინიციატივაში ლატვიის მონაწილეობას შეეხება. კულბერგსმა აღნიშნა, რომ მაკრონი ასევე დათანხმდა ლატვიაში საფრანგეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სფეროში. დისკუსიების დასაწყებად ლატვიას უახლოეს პერიოდში საფრანგეთის დელეგაცია ეწვევა.

საფრანგეთთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ლატვია დათანხმდა, თავი შეეკავებინა ევროკავშირში გამართულ კენჭისყრაზე, რომელიც უსმანოვისა და ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნას ეხებოდა. იმავდროულად, რიგამ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მოემზადებინა სამართლებრივი საფუძვლები ორივე ბიზნესმენისთვის ეროვნული სანქციების დასაწესებლად და განაცხადა, რომ სანქციები ლატვიაში უსმანოვისა და ფრიდმანის აქტივებისა და ეკონომიკური რესურსების განბლოკვის შესაძლებლობას აღკვეთს.

მედიის ცნობით, პარიზი სანქციების სიიდან უსმანოვის ამოღებას იმ მიზნით ითხოვდა, რომ სანაცვლოდ აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის ორი მოქალაქის გათავისუფლება მიეღო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საფრანგეთის მოქალაქე მარტენ რაიანი დღეს შეიწყალა. მას ჯაშუშობის ბრალდებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

მედიის ცნობით, მისი გათავისუფლება საფრანგეთსა და აზერბაიჯანს შორის უფრო ფართო შეთანხმების ნაწილია, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის, ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღებას უკავშირდება.

ამ შეთანხმებაში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ფრანგი მოქალაქე, ფრანგული წყლის რესურსების მართვის კომპანიის მთავარი მენეჯერი ანას დერაზი ფიგურირებს.

წელს აზერბაიჯანი, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან და უზბეკეთთან ერთად, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთვის გაგზავნილ წერილში იყო ნახსენები. წერილში ერდოღანი უსმანოვის ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღებას ითხოვდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.