ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"რთული კომპრომისი" – EU რუსეთთან დაკავშირებულ პირებზე სანქციებს 3 წლით გაახანგრძლივებს

ევროკავშირი რუსეთთან დაკავშირებულ პირებზე დაწესებულ ინდივიდუალურ სანქციებს სამი წლით აგრძელებს, თუმცა კომპრომისის სახით სიიდან მილიარდერ ალიშერ უსმანოვსა და მიხაილ ფრიდმანს ამოიღებენ. ლატვია ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საფრანგეთისგან უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ პოზიცია შეარბილა.

"რთული კომპრომისი" – EU რუსეთთან დაკავშირებულ პირებზე სანქციებს 3 წლით გაახანგრძლივებს
"რთული კომპრომისი" – EU რუსეთთან დაკავშირებულ პირებზე სანქციებს 3 წლით გაახანგრძლივებსტაბულა

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისთვის დაწესებული ინდივიდუალური სანქციები სამი წლით, 2029 წლის 22 სექტემბრამდე გაახანგრძლივონ – თუმცა, მიღწეული კონსენსუსის ფარგლებში სანქციების სიიდან რუსეთთან დაკავშირებულ მილიარდერებს, ალიშერ უსმანოვსა და მიხაილ ფრიდმანს ამოიღებენ.

EU-ს საბჭოს თავმჯდომარეობის პრესსპიკერის განცხადებით, საბჭო გადაწყვეტილებას წერილობითი პროცედურის დასრულების შემდეგ დაამტკიცებს. მან მიღწეულ შეთანხმებას "რთული კომპრომისი" უწოდა.

შედეგად, ევროკავშირის მხრიდან თითქმის 3 000 პირისა და ორგანიზაციის მიმართ შემოღებული აქტივების გაყინვა და ბლოკში შესვლის აკრძალვა შენარჩუნდება. აქამდე სანქციების სია ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახლდებოდა, ახალი გადაწყვეტილებით კი მომდევნო გადახედვა სამი წლის შემდეგ მოხდება.

თავის მხრივ, ლატვია სიიდან უსმანოვისა და ფრიდმანის ამოღებას ეწინააღმდეგებოდა და განაცხადა, რომ EU-ს გადაწყვეტილების მიღებისას თავს შეიკავებს. ამასთან, რიგა ორივე მილიარდერის წინააღმდეგ ეროვნული სანქციების დაწესებას გეგმავს, რათა ლატვიაში მათი აქტივები არ განიბლოკოს.

"ეს არ იყო არჩევანი კარგ და ცუდ გადაწყვეტილებებს შორის, არამედ ცუდსა და გაცილებით უარესს შორის – ორი პირის სტატუსის ცვლილებასა და სანქციების მთელი რეჟიმის მომავალს შორის." – თქვა ლატვიის პრემიერმინისტრმა ანდრის კულბერგსმა.

ლატვიის მთავრობის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რიგასთან საფრანგეთის ბირთვული შეკავების ინიციატივაში ჩართვის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა და ქვეყანაში საფრანგეთის სამხედრო წარმომადგენლობის, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, გაძლიერების პირობა დადო.

Financial Times წერს, რომ საფრანგეთმა ეს გარანტიები ლატვიას სანქციების შესახებ კომპრომისზე წინააღმდეგობის დასაძლევად შესთავაზა.

ცნობისთვის, სანქციების სიიდან უსმანოვის ამოღებას საფრანგეთი და სლოვაკეთი ითხოვდნენ, ფრიდმანის ამოღების ინიციატივით კი ლუქსემბურგი გამოვიდა. Le Monde-ის ცნობით, ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნას უნგრეთი და სლოვაკეთიც ემხრობოდნენ.

საფრანგეთმა უსმანოვის სიიდან ამოღების მოთხოვნა ოფიციალურად "ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებითა" და პარტნიორების თხოვნით ახსნა. თუმცა, Financial Times-ისა და Le Monde-ის ცნობით, პარიზი ამ ნაბიჯით აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის მოქალაქეების გათავისუფლებას ცდილობდა. ხოლო ლუქსემბურგმა ფრიდმანის ამოღება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან სანქციებით მიყენებული ზარალის გამო ქვეყნის წინააღმდეგ $16-მილიარდიანი საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს არ იყო არჩევანი კარგ და ცუდ გადაწყვეტილებებს შორის, არამედ ცუდსა და გაცილებით უარესს შორის – ორი პირის სტატუსის ცვლილებასა და სანქციების მთელი რეჟიმის მომავალს შორის.“
ანდრის კულბერგსმა
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.