USAID-ის სკანდალური არქივი, რომელიც პროპაგანდისტული ქსელის საქმიანობას ააშკარავებს - სად გადის ზღვარი დემოკრატიის მხარდაჭერასა და სხვა ქვეყნის საზოგადოებრივ აზრზე გავლენას შორის
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები და პაველ ჰერჩინსკი 2024 წლის არჩევნებისას ქართველ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გასაჯაროებული არქივის მიხედვით, USAID-მა 2008-2025 წლებში პოლიტიკური პროექტებისთვის 26 მლნ დოლარი გამოყო.

USAID-ის გასაჯაროებული 1.1 გიგაბაიტის მოცულობის საიდუმლო არქივი - 248 ფაილი და 2160 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც პროპაგანდისტული ქსელის საქმიანობას ააშკარავებს. ამ მასალებმა კვლავ აქტუალური გახადა კითხვა: სად გადის ზღვარი დემოკრატიის მხარდაჭერასა და სხვა ქვეყნის საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას შორის?
ანგარიშებში ასახულია, რა მიმართულებებით აფინანსებდა USAID-ი საქართველოში საქმიანობას. 2008-დან 2025 წლამდე სააგენტომ 26 მილიონი დოლარი გამოყო გრანტების სახით არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული პროექტებისთვის. ამავე პერიოდში, USAID-მა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ჩამოყალიბებასაც შეუწყო ხელი.
რას გულისხმობდა დემოკრატიის ხელშეწყობა, ვინ განსაზღვრავდა საინფორმაციო სივრცეში დასაშვებ და დაუშვებელ გზავნილებს - როგორც ირკვევა, კოორდინირებულად ხდებოდა ბრძოლა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, ომის რომანტიზება და ფერადი რევოლუციების მოწყობის არაერთი მცდელობაც.
13 ქართული ენჯეოს ქსელს ბრიტანული კომპანია "ზინკ ნეტვორკი" ხელმძღვანელობდა. ის იღებდა დაფინანსებას USAID-სგან და ანაწილებდა ისეთ არასამთავროებზე, როგორიცაა "ისფედი", "აიდიეფაი", "ფრანკლინის კლუბი", "მედიის განვითარების ფონდი" და სხვა. მართავდა და კოორდინაციას უწევდა პროგრამებს. "ზინკი" თანამშრომლობდა Meta-სთანაც.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს თანამშრომლობა სოციალურ ქსელებში განსხვავებული მოსაზრებების შემცველი კონტენტის შეზღუდვას უკავშირდებოდა. ქსელის საქმიანობაში მნიშვნელოვანი როლი არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკისრებოდათ. მათი ერთობლივი საქმიანობა ანტისახელისუფლებო საინფორმაციო კამპანიებსაც მოიცავდა.
დოკუმენტების თანახმად, ქართულ ენჯეოებს კონკრეტული დავალებები ჰქონდათ, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის წარმოება, თბილისში მიმდინარე ძალადობრივი აქციების ფონზე ისეთი ნარატივების გავრცელება, რაც ხელს შეუწყობდა კანონის მარგინალიზებას. ფაილებში ჩამოთვლილი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დუმილს არჩევს, ნაწილი კი ფაქტებს უარყოფს.
პარლამენტის თავმჯდომარე USAID-თან ერთად, დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასაც აკისრებს. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნების დროს პაველ ჰერჩინსკი USAID-ის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებთან ერთად ცდილობდა ქართველ ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენას.
გასაჯაროებული საიდუმლო დოკუმენტები, საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, USAID-ის ჩართულობასაც ადასტურებს საქართველოში პოლიტიკური პროცესების წახალისებასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე თავდასხმაში. დოკუმენტების თანახმად, პროგრამები მხოლოდ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ მოიცავდა - სამიზნე ჯგუფებს შორის იყვნენ სასულიერო პირები, ხელოვანები, მონაცემთა სპეციალისტები და სხვა ჯგუფები. საქართველოს ხელისუფლება წლებია ამტკიცებს, რომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მეშვეობით ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების წახალისება ხდებოდა. პრემიერ-მინისტრმა ამ კონტექსტში გაიხსენა მოვლენებიც, რომლებიც "გამჭვირვალობის კანონის" მიღებას უძღოდა წინ.
შიდა მიმოწერა, მემორანდუმები, ანგარიშები და სამუშაო შეხვედრების ჩანაწერები - დოკუმენტები, რომელთა გასაჯაროებაც ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა. ის პროგრამები, რომლებსაც წინა ადმინისტრაცია დემოკრატიის გაძლიერების ინსტრუმენტებად წარმოაჩენდა, ვაშინგტონის ახალი ხელისუფლების შეფასებით, რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებას ემსახურებოდა. ამ პოზიციას მარკო რუბიო სააგენტოს დახურვამდეც ღიად გამოხატავდა - მისი განცხადებით, USAID ამერიკულ ღირებულებებთან შეუთავსებელი პოლიტიკური დღის წესრიგის ინსტრუმენტად იქცა.
USAID-ის ფაილებზე მომზადებულ სტატიებს სოციალურ ქსელში აქტიურად ავრცელებს ილონ მასკი, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და USAID-ის რეორგანიზაციის პროცესში მონაწილეობდა. მასკი ორგანიზაციას რეჟიმების შეცვლის ოპერაციებთან აკავშირებს და თანმდევ ადამიანურ მსხვერპლზე პასუხისმგებლობასაც USAID-ს აკისრებს.
USAID-ის ადმინისტრატორი 2021–2025 წლებში, სამანტა პაუერი კი ჯერ კიდევ 2021 წელს ინტერესდებოდა, რამდენად შესაძლებელი იყო ქართული გამოცდილების უკრაინაში გამოყენება. გასაჯაროებული ფაილებიდან ცხადი ხდება, როგორ იგეგმებოდა სხვა სუვერენულ სახელმწიფოებშიც ხელისუფლებების დამხობა:
გვატემალა - ქვეყნის ხელისუფლების ცვლილების პროცესში ჩარევა; მოლდოვა - არჩევნების წინ მედია გარემოს კონტროლი; უკრაინა - საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირების მცდელობები; ალბანეთი - სასურველი პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა. როგორც ფაილებიდან ირკვევა, ეს იმ აქტივობების ნაწილია, რომლებსაც USAID-ი 2020 წლიდან აფინანსებდა.
ვაშინგტონში ადმინისტრაციის ცვლილებას USAID-ის საქმიანობის ფუნდამენტური გადახედვა მოჰყვა. პროგრამები, რომლებიც წლების განმავლობაში დემოკრატიის მხარდაჭერის სახელით ფინანსდებოდა, ახლა თავად შეერთებულ შტატებში პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტებად განიხილება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-თან დაკავშირებული დოკუმენტების ახალი პაკეტის გამოქვეყნებას აანონსებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…