ირაკლი ფავლენიშვილი – წინააღმდეგობაში მყოფ არცერთ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს ფუფუნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდეს, მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს, ვინ უჭერს მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორებას
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, არცერთ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირების ფუფუნება და მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს, ვინ უჭერს მხარს პარტიის ჩამოშორებას.

არ შეიძლება, ასეთ დიდ, გამაერთიანებელ ეროვნულ თარიღებზე ხდებოდეს ასეთი მძიმე პროვოკაცია და საპროტესტო საზოგადოების გათიშვა, ჩვენ გუშინ ვიხილეთ გამიზნული პროვოკაცია ბანერების სახით, რომელიც გასაგებია, რა შედეგით შეიძლება, დასრულებულიყო, აქ მხოლოდ ერთი მარგინალური ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხი ვერ იქნება, თუ ასეა, მაშინ პოლიტიკურმა ალიანსმა და მისმა წევრებმა ღიად უნდა განაცხადონ, რომ ეს იყო კონკრეტული მარგინალური ჯგუფის ქმედება და მას ემიჯნებიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი ლიდერი, წევრი და ათეულობით ადამიანი პატიმრობაშია და ისინი სწორედ ორწლიანი წინააღმდეგობის პროცესში დააკავეს.
„მათ ხაზგასმით უნდა თქვან, ემიჯნებიან თუ არა ასეთ პროვოკაციას, როცა საქართველოში ევროპის ინტეგრაციის სიმბოლოდ ქცეულ ადამიანს, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ პოლიტპატიმრად და პუტინის პირად პატიმრად არის აღიარებული, ამ ბანერის მეშვეობით ივანიშვილთან ერთ სიბრტყეზე ათავსებენ. ემიჯნებიან თუ არ ემიჯნებიან, ეს ღიად უნდა განაცხადონ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, გააკეთონ განცხადება იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ გამოსულიყვნენ და სიტყვით არ მიემართათ 28 ნოემბერს შეკრებილი ადამიანებისთვის, რომელთაგანაც ძალიან ბევრი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე იყო. ჩვენ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი ლიდერი, წევრი და ათეულობით ადამიანი პატიმრობაშია, ისინი ამ ორწლიანი წინააღმდეგობის პროცესში დააკავეს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვინმეზე წინ ვართ, მაგრამ ამ წინააღმდეგობაში არც არავისზე უკან ვდგავართ. კარგად არის გასაგები, რომ ამ პროცესში ავანგარდშია და ლომის წვლილი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ის მთავარ როლსა და ლომის წვლილს ითამაშებს ამ ხელისუფლების დემონტაჟშიც. ამიტომაც, ასეთი ქმედებები ხელს უწყობს დაშლასა და ივანიშვილის მთავარ მიზანს, ოპოზიციის ფრაგმენტაციას. მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს, ვინ ეთანხმება ამ ყველაფერს და ვინ უჭერს მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორებას. აქ მარტო პარტიაზე არ არის საუბარი. საუბარია იმ ხალხზე, რომელიც 14 წელია, იბრძვის, 14 წელია, რეპრესიებშია, 14 წელია, აყადაღებენ და სამსახურიდან უშვებენ, მაგრამ არ ტყდება და იბრძვის გამარჯვებამდე. ეს არის ასიათასობით საქართველოს მოქალაქე. წინააღმდეგობაში მყოფ არცერთ პოლიტიკურ გუნდსა და ჯგუფს არ აქვს იმის ფუფუნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდეს. ჩვენ არავის ვუპირისპირდებით, თუმცა მოვითხოვთ ეთიკურ და სწორ პოზიციას ყველას მხრიდან. ამიტომაც, ძალიან მკაფიო იქნება ზღვარი, რომელიც გაივლება – ვინ არის წინააღმდეგობაში და იბრძვის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ვინ არის პირად ეგოს აყოლილი ან ნებსით თუ უნებლიეთ თამაშობს ივანიშვილის თამაშს. ყველა პოლიტიკური აქტორის პოზიცია ამ ორ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო უნდა იყოს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, 28 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სიტყვით არ გამოსულა. გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერმა, რომელზეც ერთდროულად იყვნენ გამოსახული მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. აქციის მონაწილეს, რომელსაც ბანერი ეჭირა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მიმართა: „პროვოკატორი ხარ?!“ როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე პროვოკაცია მოხდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…