გერმანია 2027 წელს თავდაცვის ხარჯებს 139,4 მილიარდ ევრომდე გაზრდის - ეს „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი იქნება
გერმანიის ბუნდესტაგმა 2027 წლისთვის თავდაცვის ხარჯების 139,4 მილიარდ ევრომდე გაზრდა დაამტკიცა, რაც „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი იქნება. თანხის 60 მილიარდზე მეტი სამხედრო შესყიდვებს მოხმარდება.

გერმანიის ბუნდესტაგმა 2027 წლის ბიუჯეტის ფარგლებში თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა დაამტკიცა. მომავალი წლისთვის ამ მიმართულებით 139,4 მილიარდი ევროს გამოყოფაა გათვალისწინებული, რაც „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ქვეყნის თავდაცვის ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.
გერმანიის პარლამენტმა თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. დოკუმენტს მხარი მმართველი კოალიციის - „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს, წინააღმდეგ კი ოპოზიციური პარტიები „ალტერნატივა გერმანიისთვის“, „მწვანეები“ და „მემარცხენეები“ გამოვიდნენ.
ბუნდესვერის რეგულარული ბიუჯეტი 2027 წელს 109,7 მილიარდ ევროს შეადგენს, დამატებით 29,6 მილიარდი ევრო კი ბუნდესვერის სპეციალური ფონდიდან გამოიყოფა. საერთო ჯამში, გერმანიის თავდაცვის ხარჯები მიმდინარე წელთან შედარებით 31,2 მილიარდი ევროთი გაიზრდება.
თავდაცვის დაფინანსების ზრდის შედეგად, 60 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო შესყიდვებს მოხმარდება. აქედან 30,3 მილიარდი ევრო რეგულარული თავდაცვის ბიუჯეტიდან, ხოლო 29,9 მილიარდი ევრო სპეციალური ფონდიდან გამოიყოფა. მიმდინარე წელს სამხედრო შესყიდვებისთვის 45 მილიარდი ევროა გათვალისწინებული.
26,7 მილიარდი ევრო სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პერსონალის ანაზღაურებას მოხმარდება, რაც 2026 წლის მაჩვენებელს თითქმის ორი მილიარდი ევროთი აღემატება. ასევე, 19,3 მილიარდი ევროა გამოყოფილი სამხედროების განთავსების, ყაზარმებისა და ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობისთვის.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა დაახლოებით 140 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსებას ქვეყნის მოსახლეობის, ბუნდესვერის სამხედროებისა და მოკავშირეების წინაშე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულება უწოდა.
მმართველი კოალიციის წარმომადგენლები თავდაცვის ხარჯების ზრდას რუსეთის სამხედრო საფრთხითა და ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების გარემოთი ხსნიან. ოპოზიციის ნაწილმა კი გააკრიტიკა დაფინანსების ზრდა ვალის ხარჯზე და ბუნდესვერის შეიარაღების შესყიდვების პროცესში არსებული პრობლემები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…