მედია: გერმანულმა თავდაცვითმა კონცერნმა Rheinmetall-მა შესაძლოა, უკრაინაში საარტილერიო ჭურვების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობაზე უარი თქვას
Rheinmetall-ის ხელმძღვანელმა არმინ პაპერგერმა განაცხადა, რომ უკრაინაში საარტილერიო ქარხნის პროექტის განხორციელებას აღარ ელის. მიზეზად უკრაინულ მხარესთან უთანხმოება და პროგრესის არარსებობა სახელდება.

გერმანულმა თავდაცვითმა კონცერნმა Rheinmetall-მა შესაძლოა, უკრაინაში საარტილერიო ჭურვების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობაზე უარი თქვას. პროექტი, რომელზეც შეთანხმება ჯერ კიდევ 2024 წელს შედგა, ფაქტობრივად შეჩერებულია და ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჭურვების წარმოების ეტაპზე ვერ გადავიდა. ამის შესახებ გამოცემა Defense Express-ი წერს.
Rheinmetall-ის გენერალურმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა ის პროექტის შემდგომ განხორციელებას აღარ ელის. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ბოლო ერთი წლის განმავლობაში პროგრესის არარსებობა სახელდება.
პაპერგერმა შექმნილი ვითარება უკრაინელ პარტნიორებთან არსებული უთანხმოებით ახსნა, რომლებიც საკუთარი წარმოების განვითარებას ითხოვენ. მისი თქმით, „უკრაინელმა პარტნიორებმა დაიკავეს პოზიცია, რომ ყველაფრის წარმოება თავად სურთ და ამ პოზიციიდან არ უხვევენ“.
ამავდროულად, უკრაინის თავდაცვითმა მრეწველობამ ბოლო პერიოდში საკუთარი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოვა. ამჟამად ქვეყანას შეუძლია მცირე და საშუალო სიშორის საბრძოლო მასალების წარმოება და თავდაცვის ძალების საარტილერიო ჭურვების წლიური მოთხოვნის (რომელიც 1-1.3 მილიონ ერთეულს შეადგენს) ნახევარზე მეტს თავად უზრუნველყოფს.
ქარხნის მშენებლობაზე შესაძლო უარის მიუხედავად, Rheinmetall-ი უკრაინასთან თანამშრომლობის სრულად შეწყვეტას არ გეგმავს. კერძოდ, კონცერნი განიხილავს წარმოების გასაფართოებლად საჭირო აღჭურვილობისა და შორი მოქმედების საბრძოლო მასალების დამზადების ტექნოლოგიების მიწოდების შესაძლებლობას, რომლებიც უკრაინულ საწარმოებს ჯერჯერობით არ გააჩნიათ.
Defense Express-ის ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემები დღეს არ დაწყებულა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ Rheinmetall-ში ბიუროკრატიულ დაბრკოლებებზე ჩიოდნენ, მაშინ როცა გერმანიაში ანალოგიურ პერიოდში ჭურვების მწარმოებელი ქარხნის აშენება და ამუშავება მოხერხდა.
პუბლიკაციაში ასევე გამოთქმულია ვარაუდი, რომ შეფერხების მიზეზი შესაძლოა, არა მხოლოდ წარმოების ლოკალიზაციასთან დაკავშირებული უთანხმოება, არამედ პოლიტიკური ფაქტორებიც გამხდარიყო, თუმცა ამის დამადასტურებელი სარწმუნო მონაცემები ჯერ არ არსებობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…