Reuters - რუსეთი 2027 წლის სამხედრო ხარჯებს 27%-ით ზრდის
Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის სამთავრობო დოკუმენტების მიხედვით, ქვეყანა 2027 წელს თავდაცვის ხარჯებს 27%-ით, 17.1 ტრილიონ რუბლამდე გაზრდის. მომდევნო სამი წლის განმავლობაში თავდაცვის ჯამური ხარჯები 50 ტრილიონ რუბლს მიაღწევს, იზრდება ასევე ბიუჯეტის დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის პროგნოზები, რომელთა დასაფინანსებლად ახალი გადასახადების დაწესება და სესხების ზრდა იგეგმება.

რუსეთი 2027 წელს თავდაცვაზე 17.1 ტრილიონი რუბლის (202.58 მილიარდი აშშ დოლარი) დახარჯვას გეგმავს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის სამთავრობო დოკუმენტებში, რომლების შინაარსიც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი.
Reuters-ი წერს, რომ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 27%-ით მეტია თავდაპირველად ბიუჯეტით გათვალისწინებულ 13.5 ტრილიონ რუბლზე და ყველაზე მაღალია 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
დოკუმენტების თანახმად, თავდაცვის ხარჯები მომდევნო სამი წლის განმავლობაში 50 ტრილიონ რუბლს მიაღწევს. 2026 წელს მთავრობა თავდაცვაზე 12.1 ტრილიონი რუბლის დახარჯვას გეგმავდა, თუმცა რეალური თანხა გასაიდუმლოებულია და არ გახმაურდება. სამხედრო ხარჯების ნაწილი ასევე შეიძლება ბიუჯეტის სხვა ნაწილებში იყოს გათვალისწინებული.
დოკუმენტები ასევე აჩვენებს, რომ მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტის დეფიციტის შეფასება მთლიანი შიდა პროდუქტის 1.6%-დან 3.2%-მდე გაზარდა. 2026 წელს ბიუჯეტის ხარჯები 13.2%-ით გაიზრდება და 48.6 ტრილიონ რუბლს ანუ მშპ-ს 20.9%-ს მიაღწევს.
მოსალოდნელია, რომ მთავრობა ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს 1-ელ ოქტომბერს წარუდგენს. გასულ კვირას რუსეთის მთავრობა გამოაცხადა, რომ 2027 წელს გადასახადების ზრდა იგეგმება მზარდი დეფიციტის დასაფინანსებლად. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მეტალურგიულ და სამთო-მომპოვებელ კომპანიებზე ახალი გადასახადის დაწესება ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიარდი რუბლის შემოსავალს მოიტანს.
დოკუმენტები აჩვენებს, რომ 2026 წელს მთავრობა გაზრდის წმინდა სესხების გეგმას 26%-ით 5 ტრილიონ რუბლამდე და დახარჯავს 459 მილიარდ რუბლს - ეროვნული სიმდიდრის ფონდის ლიკვიდური ნაწილის დაახლოებით 11%-ს - დეფიციტის შესამცირებლად. რუსეთის მთავრობამ ასევე 8.9 ტრილიონ რუბლიდან 7.6 ტრილიონ რუბლამდე
შეამცირა ნავთობისა და გაზის შემოსავლების შეფასება 2026 წლისთვის.
დოკუმენტები აჩვენებს, რომ სახელმწიფო ვალი, რომელიც 2026 წელს მშპ-ს 19.9%-ს შეადგენს 2027 წელს მშპ-ს 21.7%-მდე გაიზრდება, რაც ხელისუფლების მიერ უსაფრთხოდ მიჩნეულ 20%-იან ნიშნულზე მეტია. 2027 წელს მთლიანი სესხის აღება 43%-ით გაიზრდება და 7.7 ტრილიონ რუბლს შეადგენს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…