ემანუელ მაკრონი: უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაში საფრანგეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს
ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა საფრანგეთისა და ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის, რადგან ვლადიმირ პუტინის სამიზნეები ევროკავშირი და ნატო არიან.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაში საფრანგეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს. მისი თქმით, ამ ომს ევროპელებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.
26 ნოემბერს საფრანგეთის ლიდერი სიტყვით გამოვიდა ბიუჯეტის საკითხებზე გამართულ ევროკავშირის საგანგებო სამიტზე, სადაც ლიდერებს მოუწოდა, უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ეჭვები და გაურკვევლობა არ გააჩინონ.
„თუ უკრაინას მივატოვებთ, მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენსავე უსაფრთხოებას ჩავაგდებთ საფრთხეში“, - ხაზგასმით აღნიშნა მაკრონმა.
მისი თქმით, ევროკავშირის დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის მხარდაჭერა შემცირდება. პრეზიდენტის განმარტებით, უკრაინელები საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის იბრძვიან, თუმცა, ამავდროულად, ევროპული უსაფრთხოების წინა ხაზზეც დგანან.
„უკრაინელების ბრძოლა ჩვენი ბრძოლაც არის. ეს არის ბრძოლა ევროპის უსაფრთხოებისთვის, რადგან ვლადიმირ პუტინის სამიზნეები ევროკავშირი და ნატო არიან“, - განმარტა მაკრონმა.
მან ასევე დასძინა, რომ ევროპა ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში და ლიდერებს გულუბრყვილობისა და უპასუხისმგებლობის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა.
„როგორც საფრანგეთის პრეზიდენტს, შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, ყველა ფრანგის უსაფრთხოების საკითხია“, - განაცხადა მან.
მაკრონმა ისიც აღნიშნა, რომ საფრანგეთს უკრაინის დასახმარებლად საკუთარი ბიუჯეტის ყველაზე დიდი წილი არ გამოუყვია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…