პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე ლიდერს

მარინ ლე პენი ჟორდან ბარდელას მხარდაჭერას უცხადებს ანტისემიტური კომენტარების შესახებ გავრცელებული ახალი ბრალდებების ფონზე, რასაც თავად ბარდელა უარყოფს.

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე ლიდერს
რადიო თავისუფლება

ლე პენის ეს მხარდაჭერა მოჰყვა საგამოძიებო ვებგვერდ

Mediapart-ისა და გაზეთ Le Monde-ის მიერ ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც, გამოცემების შეფასებით, შეიცავს 31 წლის პოლიტიკოსის მიერ 18 წლის ასაკში Facebook-ის პირად მიმოწერებში გაკეთებულ მორიგ ანტისემიტურ კომენტარებს.

ბარდელა, რომელიც ლე პენის პარტია „ეროვნული გაერთიანების“ (RN) პრეზიდენტია და მომავალ წელს ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში პრემიერმინისტრობის მთავარ კანდიდატად განიხილება, მსგავსი ბრალდებების წინაშე სექტემბერშიც

აღმოჩნდა. მან მსგავსი კომენტარების გაკეთება კატეგორიულად უარყო.

პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე, სარგებლობს თუ არა ბარდელა კვლავ მისი სრული ნდობით, საპრეზიდენტო რბოლის ამჟამინდელმა ფავორიტმა, ლე პენმა უპასუხა: „დიახ... მე მაქვს უპირატესობა, ვიყო მკაფიო და გადამწყვეტი“.

ლე პენის გვერდით მჯდომმა ბარდელამ Le Monde სექტემბერში Mediapart-ის მიერ მოპოვებული მასალების ხელახალ გამოქვეყნებაში დაადანაშაულა, ხოლო საგამოძიებო ვებგვერდს ბრალი დასდო მისი გარემოცვასა და იმ ადამიანებზე ზეწოლაში, რომლებიც მას იცნობდნენ, როცა იგი არასრულწლოვანი იყო.

„Le Monde-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები Mediapart-ის მასალების ზუსტი ასლია, რომელიც ბოლო კვირებში ერთ-ერთი წყაროს მიერ ჩვენების უკან წაღების გამო დისკრედიტირებულია“, განაცხადა მან.

Mediapart-ის ინფორმაციით, რედაქციამ ეს კომენტარები ჯერ კიდევ სექტემბერში, ამბის პირველად გაშუქებისას ნახა, თუმცა წყაროს

ვინაობის დასაცავად დამატებითი ფრაგმენტების გამოქვეყნებისგან თავი შეიკავა.

როგორც Mediapart და Le Monde აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც ბარდელამ პირველადი ბრალდებები უარყო, მისი ნაცნობი დათანხმდა გამოუქვეყნებელი მიმოწერის გასაჯაროებას, რათა ეჩვენებინა, რომ პოლიტიკოსი იტყუებოდა.

ამ ჩანაწერებში ბარდელა, სავარაუდოდ, წერდა, რომ „ბანკებს სიონისტები მართავენ“ და ისინი ცდილობენ დაამყარონ „ახალი მსოფლიო წესრიგი, რომლის დედაქალაქი იერუსალიმი იქნება“.

ბარდელამ Mediapart-ის წინააღმდეგ სასამართლოში უკვე ორი სარჩელი შეიტანა.

მარინ ლე პენი წლებია ცდილობს, „ეროვნული გაერთიანება“ გაათავისუფლოს მამამისის, ჟან-მარი ლე პენის მემკვიდრეობისგან — პოლიტიკოსისა, რომელიც ანტისემიტიზმისთვის იყო გასამართლებული და რომელმაც ერთხელ გაზის კამერებს ისტორიის მხოლოდ „დეტალი“ უწოდა.

ამ ძალისხმევაში ბარდელას გადამწყვეტი როლი ჰქონდა: პარტიის ახალი იმიჯის წარმოსაჩენად, 2025 წელს იგი ისრაელს ეწვია, რაც ფრანგი ულტრამემარჯვენე ლიდერის პირველი მსგავსი ვიზიტი იყო.

პარიზის სასამართლოს მიერ 31 მარტს გამოტანილი განაჩენით, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი დამნაშავეა ევროპარლამენტარობის პერიოდში თანაშემწეთა ფიქტიურად დაქირავებასა და მათთვის განკუთვნილი ხელფასის პარტიული მიზნებით გამოყენებაში.

7 ივლისს სააპელაციო სასამართლომ მას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის უფლება მისცა, თუმცა ერთი წლის განმავლობაში ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრა.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარინ ლე პენმა უკრაინის ელჩს განუცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საფრანგეთი კიევს ფინანსურად ვეღარ დაეხმარებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები