სააპელაციომ 9 წელი მიუსაჯა 20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიზნესმენს
სააპელაციო სასამართლომ ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიზნესმენ მეჰმეთ უიარს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება შეცვალა.

20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიზნესმენს სააპელაციო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ქალის ადვოკატი, ანა თავხელიძე ავრცელებს.
ადვოკატმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ბრალდებული კაცი სასამართლო სხდომას, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, არ ესწრებოდა. ამ ეტაპზე უცნობია, დაკავებულია თუ არა ის.
„პროკურორმა მაცნობა, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალა საქალაქოს გადაწყვეტილება და 9 წლით თვაისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს ადამიანი უშუალოდ სხდომაზე არ იმყოფებოდა. საქართველოში იმყოფება თუ არა საერთოდ, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად ის პოლიციაში უნდა გამოცხადდეს, ან თუ დატოვა ქვეყანა, ძებნა უნდა გამოცხადდეს მასზე“, – უთხრა ადვოკატმა „ბათუმელებს“
საუბარია თურქეთის მოქალაქეზე, 32 წლის ბიზნესმენ მეჰმეთ უიარზე, რომელიც საქართველოში რამდენიმე ბიზნესს ფლობს. მათ შორის არის ქალთა საფეხბურთო გუნდი „ნიკე ლუსო“. სწორედ ამ გუნდის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებისთვის მიუსაჯეს კაცს 9 წელი. ინციდენტი 2025 წლის დეკემბერში მოხდა. მაშინ დაზარალებული ფეხბურთელი ქალი 19 წლის იყო.
2016 წლის 22 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მეჰმეთ უიარი უდანაშაულოდ ცნო და 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.
საქალაქო სასამართლოს მიერ გამართლების შემდეგ, ბიზნესმენმა სასამართლო შეიარაღებული დაცვის თანხლებით დატოვა, დაზარალებული ქალი კი, რომელიც სხდომას ესწრებოდა, შეუძლოდ გახდა და მისთვის სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.
ადვოკატი ანა თავხელიძე მაშინ ამბობდა, რომ მოწმეები ამავე კლუბის წევრები, ან კლუბში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულები პირები იყვნენ, რომლებიც ფინანსურად იყვნენ დამოკიდებული ბრალდებულზე. ადვოკატის პოზიციას იზიარებდა პროკურორი გიორგი დოლაკიძე, რომელმაც ბიზნესმენის გათავისუფლებისთანავე თქვა, რომ საქმეს გაასაჩივრებდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმე დღეს, 27 ნოემბერს განიხილა და პირველივე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება.
ბიზნესმენი დამნაშავედ ცნო მოსამართლეთა კოლეგიამ შემდეგი შემადგენლობით: ბესიკ ბუგიანიშვილი, გიორგი კერატიშვილი და ნინო ჩახნაშვილი.
ფოტოზე: „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“ – 29 სექტემბერს ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ უარი თქვა მეტოქე გუნდთან, „ნიკე ლუსოსთან“ თამაშზე. ფეხბურთელებმა საპროტესტო ბანერი გაშალეს და მოედანი დატოვა პროტესტის ნიშნად. ასე გამოეხმაურნენ ლანჩხუთელი ფეხბურთელი ქალები გაუპატიურებაში ბრალდებული კლუბ „ნიკე ლუსოს“ მფლობელისთვის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და მის მიმართ კლუბის მხარდაჭერას. მოკლე ხანში მხარდაჭერის ამ ფორმამ ქართველ ფეხბურთელ ქალებში კამპანიური ხასიათი მიიღო, არაერთი საფეხბურთო გუნდი შეუერთდა ამ მიმართვას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატია20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიუსაჯა
20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმე - სააპელაციომ გადაწყვეტილება შეცვალა და თურქი ბიზნესმენი დამნაშავედ ცნო
თურქ ბიზნესმენს ქალი ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე პატიმრობა მიესაჯა
თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო - მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული ბიზნესმენის განაჩენი შეიცვალა და 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თურქმა ბიზნესმენმა, რომელსაც ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებისთვის 9 წელი მიუსაჯეს, დაკავებამდე საქართველოს დატოვება მოასწრო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…