ბულგარეთი საფრანგეთს მარსელში გულშემატკივრებზე თავდასხმის გამო საპროტესტო ნოტას გაუგზავნის
ბულგარეთის საგარეო უწყება საფრანგეთს საპროტესტო ნოტას გაუგზავნის და მარსელში სოფიის „ლევსკის“ გულშემატკივრებზე თავდასხმის სრულყოფილ გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთს დიპლომატიურ საპროტესტო ნოტას გაუგზავნის და მარსელში ბულგარეთის მოქალაქეებზე თავდასხმის სრულყოფილ გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვს. ინფორმაციას ბულგარული მედია ავრცელებს.
უწყება სოფიის „ლევსკის“ გულშემატკივრებზე ძალადობას მკაცრად გმობს.
როგორც ბულგარული მედია წერს, გუშინ მარსელში ადგილობრივი გუნდის გულშემატკივრები სოფიის „ლევსკის“ ქომაგებისთვის განკუთვნილ სექტორში შეიჭრნენ, რასაც დაპირისპირება და მასობრივი ჩხუბი მოჰყვა. ბულგარული მედიის ცნობით, მარსელის 200-ზე მეტი გულშემატკივარი დაბრკოლების გარეშე შევიდა სტუმარი გუნდის სექტორში და ბულგარელ ქომაგებს დაესხა თავს.
თავდამსხმელები ბულგარელების მიმართულებით ბოთლებს, სასიგნალო რაკეტებსა და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ისროდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბულგარელ გულშემატკივრებს ხელკეტებითა და ლითონის მილებით გაუსწორდნენ. არიან დაშავებულები, რომლებსაც თავის არეში მძიმე დაზიანებები აქვთ.
რამდენიმე მათგანი „A კატეგორიის“ გულშემატკივარია - ამ ჯგუფში შედიან პირები, რომლებიც „ლევსკის“ ჩარტერული რეისით ახლდნენ, მათ შორის ბიზნესმენები და მათი ოჯახის წევრები. ზოგიერთი გულშემატკივრის წინააღმდეგ დანებიც გამოიყენეს. ამ დროისთვის დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
„ძალადობა და პირადი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები დაუშვებელია. მოვითხოვთ, რომ საფრანგეთის კომპეტენტურმა ორგანოებმა სრულად დაადგინონ ინციდენტების გარემოებები და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ“, - ნათქვამია ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…