გოჩა ჯავახიშვილი - ბათუმის ინციდენტმა გამახსენა მამალი, საკუთარ ეზოში რომ ყოყლოჩინობს, სუსტებს ბიბილოზე ექაჩება, ხოლო ძლიერის გამოჩენისას ყივილიც ავიწყდება - მეტი ვერ შევძელით? ან რატომ დავთანხმდით, ჩვენს სტადიონზე გამართულიყო? „დიფ-სტეიტმა“ დაგვაძალა?
დიპლომატი გოჩა ჯავახიშვილი ბათუმში მომხდარი ინციდენტის გამო სახელმწიფოს კრიზისების მართვის უნარს აკრიტიკებს და კითხულობს, რატომ დათანხმდა ქვეყანა ამ მატჩის ჩატარებას.

ეს ინციდენტი ხომ ძალიან დიდი ალბათობით იყო პროგნოზირებადი, მეტი ვერ შევძელით? ან რატომ დავთანხმდით ჩვენს სტადიონზე გამართულიყო ეს მატჩი? „დიფ-სტეიტმა" დაგვაძალა? - ასე ეხმაურება საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი და დიპლომატი გოჩა ჯავახიშვილი ბათუმში გუშინ განვითარებულ მოვლენებს.
ჯავახიშვილის შეფასებით სახელმწიფოს სიძლიერე უპირველეს ყოვლისა, იმითაც ფასდება თუ რამდენად მდგრადია მოულოდნელი გამოწვევებისა და გარე მაპროვოცირებელი ფაქტორების მიმართ. ჯავახიშვილი ასევე წერს, რომ ბათუმის მოედანზე განვითარებულმა მოვლენებმა ბრაზზე მეტად სიბრალული, ხოლო სიბრალულზე მეტად მომავლის შიში გააჩინა.
„ბათუმის სტადიონზე განვითარებულმა მოვლენებმა ჩემში, გაბრაზებისა და აღშფოთების ნაცვლად, უცნაური თანაგრძნობა, მომავლის შიში და დაუცველობის განცდა გააჩინა.
უნებლიეთ გამახსენდა ბავშვობის ზღაპრის ბაქია კურდღელი და ის მამალი, საკუთარ ეზოში რომ ყოყლოჩინობს, სუსტებს ბიბილოზე ექაჩება, ხოლო ძლიერის გამოჩენისას ყივილიც ავიწყდება.
რას გვეტყოდა მაკიაველი მმართველზე, რომელიც სიმტკიცეს მხოლოდ სუსტებთან ავლენს, ძლიერებთან კი საკუთარი ავტორიტეტის დაცვა უჭირს?
ბათუმის შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა არა იმდენად ცალკეული პოლიციელების მოქმედებაზე, რამდენადაც სახელმწიფოს ინსტიტუციურ მზადყოფნასა და კრიზისების მართვის უნარზე. ეს ინციდენტი ხომ ძალიან დიდი ალბათობით იყო პროგნოზირებადი, მეტი ვერ შევძელით? ან რატომ დავთანხმდით ჩვენს სტადიონზე გამართულიყო ეს მატჩი? „დიფ-სტეიტმა" დაგვაძალა?
სახელმწიფოს სიძლიერე უპირველეს ყოვლისა, იმითაც ფასდება, რამდენად მდგრადია მოულოდნელი გამოწვევებისა და გარე მაპროვოცირებელი ფაქტორების მიმართ. წყალდიდობა იქნება, მეწყერი, პოლიტიკური პროვოკაცია, საერთაშორისო ინციდენტი თუ ათასი ჯურის სხვა კრიზისი - მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მის უკან დგას კომპეტენტური, წინდახედული და ღირსეული სახელმწიფო, რომელსაც საფრთხეების წინასწარ შეფასება, მათი პრევენცია და კრიზისზე პროპორციული რეაგირება შეუძლია.
ეს მაფიქრებს ყველაზე მეტად: რამდენად დაცულები ვართ, როდესაც მორიგი, შესაძლოა გაცილებით სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდებით? რადგან, ეს არაა ბანალური და არც ერთჯერადი და ნულოვანი განვითარების ინციდენტი. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
სახელმწიფო გაცილებით დიდი ცნებაა, ვიდრე მისი დროებითი მმართველები. მისი ავტორიტეტი არც სუსტის მიმართ სიმკაცრით იქმნება და არც ძლიერის წინაშე დათმობით. იგი კომპეტენტურობით, კანონის უზენაესობით, მისი თანაბარი აღსრულებით, პასუხისმგებლობითა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფით მტკიცდება.
ამიტომ ბათუმის მოვლენებმა ჩემში ბრაზზე მეტად სიბრალული, ხოლო სიბრალულზე მეტად მომავლის შიში გააჩინა.
უკვე მერამდენედ, არ გიჩნდებათ დაუცველობის განცდა? არც ვინმეს განკითხვისთვის ან დამუნათების, ან ნიშნის მოგებისთვის ვამბობ, მაგრამ განცდა მაქვს, ძალიან ცუდ დღეში ვართ და საუკეთესო გამოსავლის მზა რეცეპტიც რომ არ გვაქვს, ეს მაღონებს“- წერს გოჩა ჯავახიშვილი.
შეგახსენებთ,ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. მატჩამდე ქალაქის ქუჩებში კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობა გაიმართა, რა დროსაც რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები, სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…