რუსეთმა ისევ დაარტყა უკრაინის ენერგოობიექტებს
რუსეთმა უკრაინის ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებს კვლავ დაარტყა, რის გამოც რამდენიმე ოლქში ენერგომომარაგება შეწყდა და ზაპოროჟიეს აეს-ი გენერატორებზე გადავიდა. „ნაფტოგაზი“ აცხადებს, რომ მტერი გაზის ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად უტევს, რათა ხალხი გათბობის გარეშე დატოვოს.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, რუსეთმა ისევ დაარტყა ელექტროსადგურებს და გადამცემ და გამანაწილებელ ქვესადგურებს. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ოდესის და ხარკოვის ოლქებში.
დაზიანებულ ობიექტებს შორისაა ელექტროგადამცემი სისტემა, რომელიც გარედან კვებავს ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მოქცეულ ატომურ ელექტროსადგურს. ის დროებით გადაიყვანეს დიზელის გენერატორებით მომარაგებაზე. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარედან მომარაგება უკვე მეჩვიდმეტედ შეწყდა.
კომპანია „ნაფტოგაზის“ ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა პოლტავის ოლქში დაარტყეს გაზის ობიექტს, სადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. კომპანიის ხელმძღვანელის, სერჰი ფედორენკოს განცხადებით, რუსეთი მიზანმიმართულად უტევს გაზის მოპოვების ინფრასტრუქტურას, რათა ზამთარში უკრაინელები გათბობის გარეშეც დატოვოს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 25 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინაში დაარტყეს ენერგეტიკის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რომლებიც „შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის გამოიყენება“. რუსეთი, როგორც წესი, არაფერს ამბობს სამოქალაქო მოსახლეობისთვის მიყენებულ დიდ ზიანზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…