რუსეთმა ისევ დაარტყა უკრაინის ელექტროსადგურებს
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მორიგი იერიში მიიტანა: ოდესაში დენი 135 ათას აბონენტს გაეთიშა და 1 ადამიანი დაიღუპა, დარტყმები განხორციელდა ჟიტომირსა და კრივოი-როგშიც.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, რეგიონის ენერგოობიექტებზე დარტყმა იყო 10 ნოემბერს ღამით და 11 ნოემბერს დილით. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 135 ათასამდე მომხმარებელს. დაზიანებულია სხვა ობიექტებიც. დაიღუპა ერთი ადამიანი.
ენერგოობიექტებზე შეტევა იყო უკრაინის ჟიტომირის ოლქშიც. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, დარტყმა იყო ავტოგასამართ სადგურზეც. დაშავდა 5 ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი კრივოი-როგი. დაზიანებულია ხუთი სახლიც და სკოლის და საბავშვო ბაღის შენობები.
უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგოს“ მონაცემებით, 11 ნოემბრის დილის მდგომარეობით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირის, ზაპოროჟიეს, როვნოს, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ოდესის და კიევის ოლქების ნაწილს. ყველაზე რთული ვითარება კიევის, დნეპროპეტროვსკის და ოდესის ოლქებშია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 ნოემბერს დილით, ოფიციალური არხებით გაავრცელა ცნობა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით ერთ ელექტროქვესადგურს დაარტყეს ქალაქ კრივოი-როგში და ორ სადგურს - ოდესის ოლქის დასახლებულ პუნქტებში უსატოვოსა და მაიაკიში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამჯერადაც განაცხადა, რომ ამ ელექტროქვესადგურებს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მომარაგებისთვის იყენებენ. რუსეთი, როგორც წესი, არაფერს ამბობს სამოქალაქო მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანზე.
რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევა ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვეში დაიწყო და დღემდე ინტენსიურად განაგრძობს, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოების წინ.
უკრაინაში მოქმედებს ენერგომომარაგების გრაფიკი, რომელსაც სახელმწიფო ენერგოკომპანია ხშირად ვერ იცავს სისტემაში მწვავე პრობლემების გამო.
უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2024 წლის მარტში გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის დაპატიმრების ორდერები.
თავის მხრივ, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნედ გამოაცხადა ელექტროსადგურები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ტერმინალები.
რუსეთი უკრაინის ამ შეტევებს ტერორისტულს უწოდებს, ხოლო უკრაინა - თავდაცვის უფლების რეალიზაციას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…