სუროგაციის აკრძალვამ არ უნდა შეზღუდოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითი სუროგაციის შესაძლებლობა - მიქელაძე
თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ კომერციული სუროგაციის აკრძალვამ საქართველოს მოქალაქეებისთვის არაკომერციული სუროგაცია არ უნდა შეზღუდოს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება შესაძლოა პოლიტიკური ინტერესებით და სინოდთან კონფლიქტით იყოს ნაკარნახევი.

"იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის არაკომერციული, ნებაყოფლობითი სუროგაციის შესაძლებლობა შენარჩუნდება", - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში სოციალური სამართლიანობის ცენტრის დამფუძნებელი, თამთა მიქელაძე საქართველოში კომერციული სუროგაციის აკრძალვის ინიციატივას. მისი შეფასებით, ბოლო წლებში ამ პრაქტიკამ ქვეყანაში საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია და ქალთა ექსპლუატაციის, ტრეფიკინგისა და სისტემური ძალადობის მძიმე პრობლემები გამოავლინა.
„გავრცელებული მონაცემებით, მხოლოდ 2019–2024 წლებში საქართველოში სუროგაციის გზით 4 674 ბავშვი დაიბადა. უკიდურესად შემაშფოთებელია ის გარემოებები, რომლებშიც ქალებს უწევთ ამ პროცესში მონაწილეობა.
მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ გავრცელებული მასალები აღწერს ქალების სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან (ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი) და ტაილანდიდან, მოტყუებით ჩამოყვანის, ტრეფიკინგის, დაპირებული ანაზღაურების გადაუხდელობის, ფინანსური დამოკიდებულების, ფიზიკური ძალადობის, მუქარის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, სათანადო სამედიცინო დახმარების მიუწოდებლობისა და ინფორმირებული თანხმობის გარეშე სამედიცინო ჩარევების სავარაუდო შემთხვევებს“, - წერს მიქელაძე.
მისი განცხადებით, აღნიშნული შემთხვევები სუროგაციის სფეროში არსებულ სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებს, მათ შორის არასაკმარის სამართლებრივ რეგულირებაზე, კლინიკებისა და შუამავლების სუსტ კონტროლსა და სუროგატი ქალების უფლებების დაცვის არასათანადო გარანტიებზე.
„ეს შემთხვევები აჩვენებს სუროგაციის სფეროში არსებულ სისტემურ ხარვეზებს: არასაკმარის სამართლებრივ რეგულირებას, კლინიკებისა და შუამავლების სუსტ კონტროლს, სუროგატი ქალების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის არასაკმარის გარანტიებსა და ექსპლუატაციისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმების ნაკლებობას. განსაკუთრებით მძიმეა ამ პროცესში სახელმწიფოს დემონსტრაციული გულგრილობა და მრავალწლიანი უმოქმედობა, რომელმაც პრაქტიკულად ხელი შეუწყო ექსპლუატაციური სამედიცინო ბიზნესის გაძლიერებას“, - აღნიშნავს ის.
მიქელაძე მიიჩნევს, რომ კომერციული სუროგაციის საკითხის განხილვისას ქალების ინდივიდუალური არჩევანი მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისგან დამოუკიდებლად არ უნდა შეფასდეს. მისი თქმით, სიღარიბე, ფინანსური დაუცველობა და დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობები ქალებს უთანასწორო პირობებში აყენებს.
„ცხადია, რომ ასეთ უთანასწორო ურთიერთობებში ქალის ინდივიდუალურ არჩევანზე საუბარი სოციალური და ეკონომიკური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია. ქალების რეპროდუქციული შრომის კომერციალიზაცია ვერ განიხილება იმ ეკონომიკური პირობებისგან დამოუკიდებლად, რომლებშიც მათ უწევთ გადაწყვეტილებების მიღება. სიღარიბე, ფინანსური დაუცველობა და ღირსეული შრომის შესაძლებლობების ნაკლებობა ქმნის გარემოს, სადაც ფორმალურად ნებაყოფლობითი თანხმობაც შეიძლება მნიშვნელოვანი ეკონომიკური წნეხისა და უთანასწორო ძალაუფლებრივი ურთიერთობების პირობებში გაიცეს.
განსაკუთრებით პრობლემურია სუროგაციის ტრანსნაციონალური კომერციული ბაზარი, სადაც ეკონომიკურად მოწყვლადი ქალების რეპროდუქციული შრომა საერთაშორისო მოთხოვნისა და კერძო კომპანიების მოგების წყაროდ იქცევა“, - წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრის დამფუძნებელი.
მისივე შეფასებით, კომერციული სუროგაციის აკრძალვა ქალთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა მხოლოდ აკრძალვა პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი არ იქნება.
„ამავდროულად, აუცილებელია ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა, ტრეფიკინგის შესაძლო შემთხვევების გამოძიება, სამედიცინო დაწესებულებების კონტროლი, დაზარალებული ქალების უფლებების აღდგენა და, ზოგადად, მათი უფლებების დაცვის რეალური გარანტიების შექმნა. საკანონმდებლო ცვლილებების ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ შესაძლებელი იქნება მისი შინაარსისა და ეფექტიანობის უფრო საფუძვლიანი შეფასება“, - აღნიშნავს მიქელაძე და ამასთან, ის იმედოვნებს, რომ კომერციული სუროგაციის აკრძალვა საქართველოს მოქალაქეებისთვის არაკომერციული, ნებაყოფლობითი სუროგაციის შესაძლებლობას არ შეზღუდავს.
„იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის არაკომერციული, ნებაყოფლობითი სუროგაციის შესაძლებლობა შენარჩუნდება, მკაფიო სამართლებრივი გარანტიებითა და ქალის თავისუფალი, ინფორმირებული თანხმობის სრული დაცვით. აქ მნიშვნელოვანია, რომ ქალთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლამ არ გამოიწვიოს რეპროდუქციული არჩევანის ყველა ფორმის შეზღუდვა. სახელმწიფოს ამოცანა უნდა იყოს ექსპლუატაციის აღმოფხვრა, ქალების ჯანმრთელობის, ღირსებისა და რეპროდუქციული ავტონომიის დაცვა და იმ ოჯახების ინტერესების გათვალისწინებაც, რომელთათვისაც სუროგაცია მშობლობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა“, - წერს ის.
მიქელაძე ასევე ყურადღებას ამახვილებს ქალების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე და მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უკვე დაზარალებული ქალების დაცვასა და რეაბილიტაციაზეც უნდა იზრუნოს.
„შეუძლებელია, სახელმწიფო კომერციულ სუროგაციას კრძალავდეს და არაფერს ამბობდეს უკვე დაზარალებული ქალების დაცვასა და რეაბილიტაციაზე, ასევე, ზოგადად, ქალების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე. ქალთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლა ვერ იქნება თანმიმდევრული, თუ ის არ გულისხმობს იმ მატერიალური პირობების შეცვლასაც, რომლებიც ქალებს ექსპლუატაციის მიმართ მოწყვლადს ხდის და ზოგიერთ მათგანს მძიმე ეკონომიკური საჭიროებების გამო ექსპლუატაციურ პირობებზე დათანხმებისკენ უბიძგებს. ცხადია, რომ ირაკლი კირცხალიამ ამაზე აქცენტები საერთოდ არ დასვა“, - აცხადებს მიქელაძე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის დამფუძნებელი ხელისუფლების გენდერულ პოლიტიკასაც აკრიტიკებს და სუროგაციის რეგულირების საკითხის გააქტიურების პოლიტიკურ კონტექსტზე საუბრობს.
„ხელისუფლებისგან, რომელმაც კანონმდებლობიდან გენდერისა და გენდერული თანასწორობის ცნებები ამოიღო და აგრესიულ, რეაქციულ მემარჯვენე იდეოლოგიას ატარებს, ქალთა უფლებებზე ორიენტირებული, თანმიმდევრული სოციალური პოლიტიკის მოლოდინი რანაირად უნდა გვქონდეს?!
რატომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება სწორედ ახლა, მაშინ, როდესაც მას სინოდის გავლენიან წევრებთან აშკარა კონფლიქტი აქვს, ცალკე განხილვის საკითხია. თუმცა გადაწყვეტილების დრო და პოლიტიკური კონტექსტი საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ის პოლიტიკური ინტერესებით არის ნაკარნახევი. წლების განმავლობაში, როდესაც საზოგადოებრივი ჯგუფები და ეკლესიაც სუროგაციის საკითხის რეგულირებას ითხოვდნენ, ხელისუფლება ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს არ დგამდა“, - წერს თამთა მიქელაძე.
ინფორმაციისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მმართველმა გუნდმა საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…