პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კირცხალია განმარტავს, რატომ მოუხსნეს დაცვა მამუკა მდინარაძეს

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა რისკების შეფასების საფუძველზე მოუხსნეს, ხოლო მის მიმართ გამოძიების ინტერესზე ინფორმაცია ან მოლოდინი არ არსებობს.

კირცხალია განმარტავს, რატომ მოუხსნეს დაცვა მამუკა მდინარაძეს
BM.GE

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა შესაბამისი სამსახურების მიერ რისკების შეფასების საფუძველზე მოუხსნეს, მის მიმართ გამოძიების შესაძლო დაინტერესებაზე კი ინფორმაცია ან მოლოდინი არ არსებობს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას განმარტებით, სახელმწიფო დაცვის საკითხი მუდმივად ფასდება და გადაწყვეტილებები ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირების გადაადგილებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით მიიღება.

„როდესაც დაცვაზე გვაქვს საუბარი, განსაკუთრებით სახელმწიფო დაცვაზე, იქ არის თავისი სტანდარტები და რისკები. ფასდება რისკები, თუ რამდენად რისკის შემცველია ამა თუ იმ ყოფილი თუ მოქმედი სახელმწიფო თანამდებობის პირის გადაადგილება დაცვით თუ დაცვის გარეშე. ეს მუდმივ რეჟიმში ხდება.

თავიდან დადგენილება ზოგადად გამოიცემა და შემდეგ მუდმივად ხდება ამ ყველაფრის განახლება, არის თუ არა რისკი, რა საფრთხეა დღეს ქვეყანაში და ამ რისკების საფუძველზე ხდება შემდეგ გადაწყვეტილების მიღება.

დამერწმუნეთ, ამას სპეკულაციებს ნუ მოვაბამთ, ეს რისკები შეფასდა შესაბამისი სამსახურების მხრიდან და იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული“, - განაცხადა კირცხალიამ.

ჯურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ მამუკა მდინარაძით გამოძიება დაინტერესდეს, უმრავლესობის ლიდერმა უპასუხა, რომ ამის შესახებ არც ინფორმაცია აქვს და არც მსგავსი მოლოდინი.

„ნამდვილად არ მაქვს რაიმე ინფორმაცია, არც მოლოდინი, რომ ვინმე ამ კუთხით რამეში დაინტერესდეს. კარგად იცით თქვენ ჩვენი მიდგომები, კარგად იცით ჩვენი სახელმწიფოს მიდგომები ყველამ“, - განაცხადა კირცხალიამ.

რაც შეეხება ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილის, გოგა თოდუას თანამდებობიდან წასვლას, კირცხალიას თქმით, თოდუამ გადაწყვეტილების მიზეზები საჯაროდ თავად განმარტა და ამ საკითხის მამუკა მდინარაძესთან მეგობრობასთან დაკავშირება სპეკულაციაა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის მიერ მიმდინარე წლის 20 ნოემბერს ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის №2078 განკარგულება, რომლითაც მდინარაძეს დაცვა ჰყოლოდა დანიშნული. თავდაპირველი დოკუმენტით, მას სახელმწიფო დაცვა 2027 წლის 1 აგვისტომდე უნდა ჰყოლოდა, თუმცა 20 ნოემბრის განკარგულებაში გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული მიზეზები მითითებული არ არის.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები