ინგოროყვას კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის ხელმძღვანელი - ნანგრევებიდან ამოყვანილ 3 წლის გოგონას გუშინ, ტემპერატურის ნორმაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაცემა აღენიშნებოდა, დღეს კი სტაბილური ჰემოდინამიკა აქვს, ინტერესდება სათამაშოებით და ხატავს
ფონიჭალაში აფეთქებისას ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის გოგონას ჰემოდინამიკა სტაბილურია, ექიმ გია ბიბილაშვილის თქმით, ის უკვე კონტაქტურია და ხატავს, ხოლო დაშავებული 11 წლის ბიჭი ინტენსიურ თერაპიაში რჩება.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის ხელმძღვანელის, გია ბიბილაშვილის ინფორმაციით, 3 წლის გოგონას, რომელიც გუშინ, ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს, ტემპერატურის ნორმაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაცემა აღენიშნებოდა, დღეს კი სტაბილური ჰემოდინამიკა აქვს, „ინტერესდება სათამაშოებით და ხატავს“.
მისივე თქმით, 3 წლის გოგონას კანისა და რბილი ქსოვილების მრავლობითი დაზიანებაც ჰქონდა, რის გამოც შესაბამისი თერაპია უტარდება.
რაც შეეხება, კიდევ ერთ დაშავებულს, 11 წლის ბიჭს, ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და შემდეგ გადავა ნეიროქირურგების და შესაბამისი დარგის სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ.
„პედიატრიულ დეპარტამენტში 2 ბავშვია შემოსული. 11 წლის ვაჟის მდგომარეობა უფრო მეტად მძიმე იყო და მოთავსდა ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, გოგონა კი ზოგადი პედიატრიის განყოფილებაში. ბიჭს აღენიშნებოდა ტვინის კეროვანი ტრავმა, დაჟეჟილობის რამდენიმე კერა იყო, გარეთა ყურის დაზიანება იყო, ასევე ფილტვის, რბილი ქსოვილების და კუნთების მრავლობით დაზიანებები. ჩაუტარდა გარეთა ყურის პლასტიკა და დაბრუნდა რეანიმაციაში. ამ ეტაპზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. ცხელება არ აღენიშნება. ალბათ, რამდენიმე დღე დაყოვნდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და შემდეგ გადავა ნეიროქირურგების და შესაბამისი დარგის სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ.
რაც შეეხება გოგონას, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, აღენიშნებოდა მძიმე ჰიპოთერმია [ტემპერატურის ნორმაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაცემა], თუმცა შემოსვლისთანავე კონტაქტური იყო, კითხვებზე გვიპასუხა, კვლევები ჩაუტარდა და შეფასდა პაციენტი, ზოგადი პედიატრიის განყოფილებაში მოთავსდა. გვაქვს კანისა და რბილი ქსოვილების მრავლობითი დაზიანება, შესაბამისი თერაპია უტარდება. ამ ეტაპზე ბავშვი კონტაქტურია, ადეკვატური, ნათელი ცნობიერებით და სტაბილური ჰემოდინამიკით. ინტერესდება სათამაშოებით, ხატავს, ფსიქოლოგები მუშაობენ ორივეს ბავშვთან. გოგონა ალბათ უფრო მალე დატოვებს კლინიკას“, - აღნიშნავს გია ბიბილაშვილი.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…