The Wall Street Journal: ჰაკერებმა Visa-ს, Mastercard-ისა და JPMorgan Chase-ის ათასობით მომხმარებლის მონაცემები მოიპარეს
ჰაკერულმა ჯგუფმა Visa-ს, Mastercard-ისა და JPMorgan Chase-ის ათასობით მომხმარებლის მონაცემები მოიპოვა და ინტერნეტში გაავრცელა, წერს The Wall Street Journal-ი.

ჰაკერულმა ჯგუფმა Visa-ს, Mastercard-ისა და JPMorgan Chase-ის ათასობით მომხმარებლის მონაცემები მოიპოვა და ინტერნეტში გაავრცელა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინციდენტი ხუთშაბათს მოხდა და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტექნოლოგიურ სისტემებთან დაკავშირებული პრობლემების სიას, რამაც მომხმარებლებში შეშფოთება გამოიწვია.
Visa-ს წარმომადგენლის განცხადებით, ინციდენტის შედეგად გადახდის მონაცემები, მათ შორის საბანკო ბარათების ნომრები, არ გასაჯაროებულა. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად Visa-ს სისტემები არ დაზიანებულა. შემთხვევა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მოქმედ მესამე მხარის მომსახურების მიმწოდებელს უკავშირდება.
Mastercard-ის წარმომადგენლის განმარტებით, თავდასხმის შედეგად გავრცელდა „ინფორმაციის შეზღუდული რაოდენობა იმ ბარათის მფლობელთა გარკვეული ჯგუფის შესახებ, რომლებიც კონკრეტული ბენეფიტების პროგრამაში იყვნენ ჩართულნი“. მისი თქმით, მონაცემების გაჟონვის წყარო უკვე იზოლირებულია და ინციდენტს გავლენა არ მოუხდენია არც Mastercard-ის გადახდების ქსელზე და არც მომხმარებლების მიერ ბარათებით სარგებლობის შესაძლებლობაზე.
JPMorgan Chase-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე კომპანიის მომსახურების მიმწოდებელი მესამე მხარეები გახდნენ. ბანკის შეფასებით, ჰაკერებმა შესაძლოა მარკეტინგულ მონაცემებზე მიიღეს წვდომა, რაც პოტენციურად მომხმარებელთა სახელებსა და ელექტრონული ფოსტის მისამართებსაც მოიცავს. ბანკის განცხადებით, ინციდენტს მომხმარებლებისთვის მომსახურების მიწოდებაზე გავლენა არ მოუხდენია.
კიბერუსაფრთხოების კომპანია SOCRadar-ის ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა ჯგუფმა სახელწოდებით n0n აიღო.
როგორც The Wall Street Journal-ი წერს, მიმდინარე კვირის დასაწყისში JPMorgan Chase-ის მომხმარებლებს საკუთარ ანგარიშებზე წვდომისა და თანხის გადარიცხვის პრობლემა შეექმნათ. ბანკის განმარტებით, შეფერხება პროგრამული უზრუნველყოფის განახლებამ გამოიწვია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…