რუსეთმა უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით მასშტაბური შეტევა განახორციელა - კიევში კრიტიკული ინფრასტრუქტურა და სამი ხიდი დაზიანდა, დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგია, წყალი და გათბობა შეუწყდა
რუსეთმა უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით მასშტაბური შეტევა მიიტანა: კიევში სამი ხიდი და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, ნაწილს კი დენი, წყალი და გათბობა გაეთიშა.

რუსეთმა უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით მასშტაბური კომბინირებული შეტევა განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
იერიშის შედეგად, კიევში კრიტიკული ინფრასტრუქტურა და სამი ხიდი დაზიანდა, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში კი ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის მიწოდება შეწყდა. აფეთქებები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც მოხდა.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, რუსეთის თავდასხმას წინ უძღოდა კიევის ცენტრში მდებარე სამთავრობო შენობებისა და ტაძრების დაბომბვა. გამოცემის ცნობით, ყირიმის ხიდის დაზიანების შემდეგ, მოსკოვი საპასუხო დარტყმებით იმუქრებოდა. ამჯერად რუსეთის იერიშის ერთ-ერთი სამიზნე კიევის მნიშვნელოვანი ხიდები გახდა.
საჰაერო განგაში უკრაინის ყველა რეგიონში გამოცხადდა. რუსეთმა შორეულ აღმოსავლეთში მდებარე უკრაინკის ავიაბაზიდან სტრატეგიული ბომბდამშენები Ту-160-ები ააფრინა. აღნიშნული ზებგერითი სამხედრო თვითმფრინავები ერთ-ერთი უდიდესია მოქმედ ბომბდამშენებს შორის და როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული შეიარაღების ტარება შეუძლიათ.
მძიმე ბომბდამშენების გამოყენების შემთხვევაში, საფრთხე უკრაინის ყველა რეგიონს ემუქრება, მათ შორის, ფრონტის ხაზიდან მოშორებულ ტერიტორიებსაც. თუმცა, ამ დრომდე ყველაზე ინტენსიური დარტყმები კიევზე განხორციელდა.
რაკეტებისა და დრონების შეტევა მთელი ღამის განმავლობაში ტალღებად გრძელდებოდა. ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:00 საათზე უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ „ყველა ბალისტიკური რაკეტა კიევისკენ მიემართებოდა“. ამის შემდეგ დედაქალაქის ცენტრალურ რაიონებში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა.
ახალი აფეთქებები დილის 03:00-დან 06:30 საათამდე პერიოდშიც ისმოდა, პარალელურად ვრცელდებოდა ცნობები ქალაქისკენ მიმართული რაკეტებისა და დრონების შესახებ.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად პოდილსკო-ვოსკრესენსკის, დარნიცისა და სამხრეთის ხიდები დაზიანდა. იერიშების შემდეგ დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობაც შეფერხდა.
კლიჩკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტიც დააზიანეს. დედაქალაქის პეჩორის რაიონში გათბობა, ელექტროენერგია და წყალი გაითიშა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ობოლონისა და პოდოლსკის რაიონებში საცხოვრებელ შენობებში ხანძარი გაჩნდა. კლიჩკოს ინფორმაციით, დარტყმა ასევე განხორციელდა გოლოსეევის რაიონში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტსა და პოდოლსკის რაიონში არსებულ არასაცხოვრებელ შენობაზე.
მოსალოდნელი სარაკეტო საფრთხის შესახებ გაფრთხილებები სუმისა და პოლტავის ოლქებშიც გავრცელდა, დრონების საფრთხე კი ქვეყნის არაერთ რეგიონში, მათ შორის დასავლეთ ნაწილშიც დაფიქსირდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…