თაკო სონღულაშვილი: კახა კალაძე ბატონო მერო, ეჭვი არ მეპარება, რომ გაგიხარდებოდა 3 წლის თაიას დანახვა, მაგრამ სხვა კითხვა მაქვს შენთან, როგორც ადამიანთან
თაკო სონღულაშვილი: ბატონო მერო, რამდენი შენობა და ადამიანი უნდა აგიფეთქდეს, რამდენი გლოვის დღე უნდა მოინიშნოს კალენდარში და რამდენი “უბედური შემთხვევის ადგილი” - თბილისის რუკაზე, რომ მინიმუმ, ერთხელ მაინც ჰკითხო საკუთარ თავს: რატომ ხდება ამდენი უბედურება? რას არ ვაკეთებ?

რედაქტორი თაკო სონღულაშვილი:
კახა კალაძე ბატონო მერო,
ეჭვი არ მეპარება, რომ გაგიხარდებოდა 3 წლის თაიას დანახვა, მაგრამ სხვა კითხვა მაქვს შენთან, როგორც ადამიანთან:
ადამიანურად მაინც არ დაიღალე “უბედური შემთხვევების ადგილებზე” სიარულით? ამისგან არ ითრგუნები?
რამდენი შენობა და ადამიანი უნდა აგიფეთქდეს, რამდენი გლოვის დღე უნდა მოინიშნოს კალენდარში და რამდენი “უბედური შემთხვევის ადგილი” - თბილისის რუკაზე, რომ მინიმუმ, ერთხელ მაინც ჰკითხო საკუთარ თავს: რატომ ხდება ამდენი უბედურება? რას არ ვაკეთებ?
რამდენი ბავშვი უნდა მოგიკვდეს, რომ აღიარო, რომ შეუძლებელია სულ ვიღაცის ბრალი იყოს ეს: ხან ღმერთის, ხან სტიქიის, ხან მეზობლის დაუდევრობის, ხან კონტრაქტორის. შეუძლებელია ყოველდღე ყველაფერი “უბედური შემთხვევა” იყოს.
შენი პირდაპირი მოვალეობაა შექმნა გარემო, სადაც დედას შვილი არ მოუკვდება პარკში, სკვერში, ბაღში, სკოლაში, საკუთარ სახლში.
რამდენიც არ უნდა ახსნა და თავი იმართლო, ხალხს ეძახო რადიკალები და ნაცები, შედეგი არის ეს, ყოველდღიურობა არის ეს და ამას უყურებს ყველა.
ხანდახან, პირდაპირ ეთერშიც.
ასე ვიქეცით ტრაგედიების მაყურებლებად, თვითმხილველებად, ჭირისუფლებად, დამტირებლებად შენს ქალაქში მცხოვრებლები, კახი.
ჰოდა, თუ არაფერზე პასუხისგმებლობას შენ არ იღებ, და არაფერი შენი პასუხისმგებლობა არაა, აი ადამიანურად, არ დაიღალე ამდენი “უბედური შემთხვევის ადგილზე” სიარულით? ამდენი სამძიმრის თქმით არ დაიღალე?
ცნობისათვის, დღეს დილით ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა.
ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოსვენებულია 5 ცხედარი - სამი ქალის, ერთი მამაკაცის და ერთი ბავშვის.
ერთი არასრულწლოვანი გოგონა კი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.
ნანგრევებში კიდევ 1 ადამიანი რჩება.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…