150 მილიონი ლარი ბათუმსა და ქობულეთში რეაბილიტაციაზე, თუმცა ობიექტები უცნობია
მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმსა და ქობულეთში 150-მილიონიან სარეაბილიტაციო ტენდერს იწყებს, თუმცა კონკრეტული ობიექტების ჩამონათვალი უცნობია. Design-Build მეთოდით გამოცხადებული პროექტის ფარგლებში სამუშაო ობიექტებს ფონდი ეტაპობრივად შეარჩევს.

ბათუმსა და ქობულეთში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მორიგ, 150-მილიონიან სარეაბილიტაციო პროექტს იწყებს. თუმცა, კონკრეტულად რომელ ობიექტებზე ჩატარდება სამუშაოები, დაკონკრეტებული არ არის. პროექტი სამწლიანი იქნება.
ფონდს ტენდერი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში [Design-Build მეთოდით] აქვს გამოცხადებული. ეს იმას გულისხმობს, რომ ამა თუ იმ ობიექტის სამშენებლო/სარეაბილიტაციო პროექტს, ხარჯთაღრიცხვას და უშუალოდ სამუშაოებსაც ტენდერში გამარჯვებული შეასრულებს.
რაც შეეხება კონკრეტულ ობიექტებს, არსებული პრაქტიკით, მათ ძირითადად ფონდი შეარჩევს და გამარჯვებულს ეტაპობრივად გადასცემს ჩამონათვალს. ასეთი პრინციპით მუნიციპალური განვითარების ფონდი, მაგალითად ბათუმში, ამ ეტაპზე 200-მილიონიან პროექტს ახორციელებს.
ახალი, 150-მილიონიანი ტენდერი კი გამოცხადებულია „აჭარის მუნიციპალიტეტებში ურბანული განვითარების მიზნით ქუჩების, შენობა-ნაგებობების, სკვერების, საფეხმავლო ბილიკების, სანიაღვრე სისტემების, ხიდ-ბოგირების, საყრდენი კედლების, გარე განათებისა და ღობეების რეაბილიტაცია-განახლებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე“.
ტექნიკურ დავალებაში დაკონკრეტებულია, რომ ტენდერის ფარგლებში სამუშაოები ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.
პირობის მიხედვით, მიმწოდებელი [საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი] ვალდებული იქნება სამუშაოები „ტენდერის მოთხოვნების, ტენდერზე თანდართული ტექნიკური სპეციფიკაციებისა და ასევე სხვა ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად“ შეასრულოს.
„დავალება არ გულისხმობს ობიექტების არსებული იერ-სახის სავალდებულოდ შენარჩუნებას. მიმწოდებელი ვალდებულია, ესკიზების მომზადებისას, გაითვალისწინოს სარეაბილიტაციო ობიექტების იერ-სახის განახლება [საჭიროების შემთხვევაში], ამ ობიექტების ფუნქციური დანიშნულების, ისტორიული ან/და კულტურული თავისებურებების და არქიტექტურის თანამედროვე/ინოვაციური მიდგომების შესაბამისად“, – აღნიშნულია ტენდერში.
ტენდერი პრეისკურანტითაა გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შესასრულებელ ნებისმიერ სამუშაოში ფონდი გადაიხდის მაქსიმუმ იმ თანხას, რაც პრეისკურანტშია მითითებული. ტენდერში მონაწილეს კი ფასების შეთავაზების დროს შეუძლია მიუთითოს როგორც ეს მაქსიმალური თანხა, ასევე ის [ოღონდ ნაკლები] თანხა, რა ფასადაც გეგმავს კონკრეტული სამუშაოს შეასრულებს.
სამუშაოების შესრულების საერთო ვადაა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვე [ანუ 3 წელი].
„ზამთრის პერიოდში, კლიმატური პირობების გამო, მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა შეაჩეროს არაუმეტეს 3 თვის ვადით“, – აღნიშნულია ხელშეკრულების პროექტში.
ტენდერის პირობა არის ისიც, რომ გამარჯვებულს სახელშეკრულებო თანხიდან [150 მილიონი, ან ნაკლები – რაც ტენდერის დასრულების დროს დაფიქსირდება] გადაუხდიან მხოლოდ იმ თანხას, რა სამუშაოსაც ის შეასრულებს. ანუ, ფონდს სახელშეკრულებო თანხის სრულად ათვისების ვალდებულება არ აქვს, ის მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს აანაზღაურებს.
„ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება ანაზღაურდება ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად და მიმწოდებელს არ გააჩნია პრეტენზია, მომსახურების და/ან სამუშაოების აუთვისებელი მოცულობების განხორციელებაზე და შესაბამისი ანაზღაურების მიღებაზე“, – წერია ხელშეკრულების პროექტში.
აღნიშნულ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 13 დეკემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 1 707 667 ლარია, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება, როგორც აღვნიშნეთ – 150 მილიონი ლარი.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში მრავალმილიონიან, მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს, რამდენიმე პროექტი უკვე დაასრულა, თუმცა რიგი გამოწვევები ამ პროექტებთან დაკავშირებით ჯერ ისევ დღის წესრიგშია.
ძველ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული შენობების ფასადების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი დაწყებულია და ჯერ არ დასრულებულა.
ამავე ფონდმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე ბათუმში რეაბილიტირებული ხეივანი პომპეზურად, პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით გახსნა, 2025 წლის ზაფხულში კი ხეივნის ინფრასტრუქტურა უკვე მწყობრიდან გამოსული იყო.
ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე მოწყობილ ზღვისგან დამცავ ნაგებობას კი, რომლის მშენებლობაც 2022 წელს დასრულდა, ბათუმის მერია არ იბარებს. ამ ნაგებობის და, შესაბამისად, სანაპირო ზოლის დაცვის მიზნით თანხა არც აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტშია გათვალისწინებული.
ამ თემაზე ვრცლად: მწყობრიდან გამოსული, ჩაუბარებელი და გაჭიანურებული პროექტები, რომელშიც მილიონები დაიხარჯა
2026 წლის 17 სექტემბერს კი, ბათუმში ჩუქურთმა მოანგრიეს ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე სახლს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ძველ ბათუმში შენობების რეაბილიტაციაზე [200-მილიონიანი კონტრაქტის ფარგლებში] კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობს.
მაშინ ფონდში განაცხადეს, რომ შენობაზე ჩუქურთმის მონგრევის უფლება კონტრაქტორ კომპანიას არ ჰქონდა და ამზადებდნენ მასალას, რათა საგამოძიებო ორგანოს მიმართონ.
ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებაზე 5,5 მილიონი ლარით გამოცხადებული კონკურსის გამო კი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ, შპს „დვ დეველოპმენტმა“ დავების განხილვის საბჭოში სამჯერ უჩივლა.
ამ თემაზე ვრცლად:
ბათუმის ბულვართან დაკავშირებული კონკურსის გამო მუნიციპალურ ფონდს მესამედ უჩივლეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…