ბათუმში ლპება საჩოგბურთო კომპლექსი, რომელის განახლებაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა დასრულებულიყო
ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე მდებარე საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია, რომელიც ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე არ დაწყებულა. სამივე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, თითქმის 4-მილიონიანი პროექტი კი შეჩერებულია.

ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე ბალახშია ჩაფლული საჩოგბურთო კომპლექსის ინფრასტრუქტურა, სადაც ახლა ბავშვები უნდა ვარჯიშობდნენ, სადაც, როგორც „ოცნების“ მთავრობა ჰპირდებოდა მოსახლეობას, „ღვაწლმოსილებს მომავალი თაობები უნდა აღეზარდათ. კიდევ ბევრი ტურნირი და მედალი უნდა მოეგოთ“.
ტბეთის ქუჩაზე საჩოგბურთო კომპლექსის განახლებას ბავშვებს 2022 წელს დაჰპირდნენ და 2024 წელს ეს პროცესი უნდა დასრულებულიყო, თუმცა რას დაასრულებდნენ, რაც სინამდვილეში არც დაწყებულა.
აქაურობა უკვე წლებია ბალახითა და ტალახით არის დაფარული, შენობის ნაწილი კი ლპება და ყარს.

საჩოგბურთო მოედანი დღეს

შენობის ეს ნაწილი ნაგვითაა სავსე და ყარს
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „პროექტების მართვის კომპანიას“ ტბეთის ქუჩაზე არსებული საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაციიის მცდელობა სამჯერ ჰქონდა, რეაბილიტაციაზე ტენდერები გამოაცხადა: 2023 წელს – ორჯერ, 2026 წელს კი – ერთხელ. თუმცა, სამივე ტენდერი უშედეგოდ დასრულდა.
ბოლო, ანუ 2026 წლის ტენდერი „პროექტების მართვის კომპანიამ“ გამოცხადებიდან მალევე იმ მიზეზით შეწყვიტა, რომ „პროექტის გადამუშავება“ გახდა საჭირო.
ბიუჯეტში ამ კომპლექსის რეაბილიტაციისთვის 2023 წელს 3,8 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, მიმდინარე 2026 წელს კი – 3,9 მილიონი ლარი.
აქვე უნდა ითქვას, რომ ეს პროექტი 2022 წელს არის მომზადებული და იგივეა, რომლითაც ტენდერი 2023 წელს ჰქონდათ გამოცხადებული. როგორც ჩანს, 4 წლის შემდეგ ისე გამოაცხადეს განმეორებითი ტენდერი 2022 წელს მომზადებული პროექტით, რომ ის არავინ წაიკითხა.
პროექტის ტენდერით გათვალისწინებული საწყისი ფასი ამჯერად 3 მილიონ 963 052 ლარის სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებდა.
როგორც ტენდერის შეწყვეტის ოქმშია მითითებული, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად გამოვლინდა, რომ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გადამუშავებასთან ერთად საჭირო იყო „კორექტირებების შეტანა“. საინტერესოა, რატომ განიხილეს სატენდერო დოკუმენტაცია ტენდერის გამოცხადების შემდეგ და არა მანამდე, რამ შეუშალა ამას ხელი, არც ერთ დოკუმენტში არ წერია.

პროექტის რენდერი – პროექტი ბათუმში, თამარის დასახლებაში, ტბეთის ქუჩაზე #6-ში არსებული საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/ რეკონსტრუქციას ითვალისწინებდა, რომელიც მოედნის ჩათვლით 5111 კვ.მეტრ ტერიტორიას მოიცავს.

რენდერი
შესყიდვის პირობა იყო ასევე საჩოგბურთო კომპლექსის ადმინისტრაციული შენობისა და სასტუმროს, ღია და დახურული კორტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რომელიც ითვალისწინებდა ორსართულიანი სასტუმროს შენობის და ერთსართულიანი დამხმარე შენობის [ტრიბუნით] დემონტაჟს იმავე ადგილზე.
ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე საჩოგბურთო კომპლექსის ადმინისტრაციული შენობისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ 2026 წლის 15 ივლისს მეორედ გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტებს თან დაურთეს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის 2022 წელს გამოცემული ბრძანება. ამ ბრძანების თანახმად, დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი მასალები ტენდერში გამარჯვებულს 1 ლარად უნდა გადაეცეს.

ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე არსებული საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას აჭარის მთავრობა 2022 წლიდან გეგმავს და როგორც ამ ქუჩაზე და მის მიმდებარედ მცხოვრებლები გვიყვებიან, „დღემდე საშველი ვერ დააყენა“.
ციტატები სტატიიდან
„დღემდე საშველი ვერ დააყენა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…