10 თვეში ექსპორტმა $7 მილიარდს მიაღწია | TOP-10 საქონელი
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის 10 თვეში საქართველოს ექსპორტი 17.9%-ით გაიზარდა და $6.87 მილიარდს მიაღწია, რაზეც ნავთობპროდუქტების ექსპორტის 1057%-იანმა მატებამ იმოქმედა. ამ ფონზე, ავტომობილების რეექსპორტი 25%-ით, ხოლო ღვინის ექსპორტი 1.8%-ით შემცირდა.

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან საქონლის ექსპორტმა 6.87 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 17.9%-ით აღემატება.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ექსპორტის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტის 1057%-ით ზრდამ, რამაც 10 თვეში 893 მილიონ დოლარს მიაღწია. ამ საქონლის ექსპორტის მატება დაკავშირებულია საქართველოში პირველი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებასთან.
ამასთან, საქართველოს უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფში - მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტში 25%-იანი კლებაა. წელსვე მკვეთრად - 81%-ით გაიზარდა ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების ექსპორტი, რამაც 527 მილიონ დოლარს მიაღწია.
ამასთან, შემცირდა ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი. სპირტიანი სასმელების ექსპორტის ღირებულებამ 8.3%-ით, 211.1 მლნ დოლარამდე იკლო, ხოლო ღვინის ექსპორტი 1.8%-ით დაეცა და 214.5 მლნ დოლარი შეადგინა.
#
პროდუქტი
ექსპორტი 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში - მლნ დოლარი
ზრდა/კლება წინა წელთან
1
მსუბუქი ავტომობილები
$1,721
-25%
2
ნავთობი და ნავთობპროდუქტები
$893
1057%
3
ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები
$527
81%
4
ფეროშენადნობები
$263
51%
5
ყურძნის ნატურალური ღვინოები
$214
-2%
6
სპირტიანი სასმელები
$211
-8%
7
სპილენძის მადნები და კონცენტრატები
$175
126%
8
მინერალური და დაგაზიანებული წყლები, შაქრის დანამატების შემცველობით
$166
15%
9
მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე
$155
7%
10
აზოტოვანი სასუქები
$144
42%
11
დანარჩენი საქონელი – სულ
$2,405
16%
ქვეყნების ჯგუფების მიხედვით, საქართველოს ექსპორტის უდიდესი ნაწილი კვლავ დსთ-ის ქვეყნებზე მოდის. მათზე მთლიანი ექსპორტის 51.9% განაწილდა, ევროკავშირის ქვეყნების წილი კი მხოლოდ 9.7% იყო.
ცალკეული ქვეყნების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ყირგიზეთი იყო. ამ ქვეყანაში ექსპორტმა 731.5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 10.6%-ია. ამასთან, მიუხედავად პირველი ადგილის შენარჩუნებისა, ყირგიზეთში ექსპორტი წლიურად 40.7%-ით შემცირდა.
მეორე პოზიციაზე ჩინეთია, სადაც ექსპორტის ღირებულებამ 673.3 მლნ დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 173.1%-იანი ზრდაა. ჩინეთში საქართველოდან ძირითადად ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები გავიდა, რომელთა ექსპორტის ღირებულებამ 407.4 მლნ დოლარი შეადგინა. ასევე ექსპორტირებული იყო 127.7 მლნ დოლარის ნავთობპროდუქტები და 27.6 მლნ დოლარის სპილენძის მადნები.
მესამე ადგილზე აზერბაიჯანია 648 მლნ დოლარით - ექსპორტი 10.2%-ით გაიზარდა. რუსეთში ექსპორტმა 621.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 2.1%-იან ზრდას წარმოადგენს. რუსეთის ბაზარზე ძირითადი საექსპორტო პროდუქტები ღვინო (137.1 მლნ დოლარი), სპირტიანი სასმელები (103.5 მლნ დოლარი), მინერალური წყლები (66.4 მლნ დოლარი) და ახალი ხილი (62.2 მლნ დოლარი) იყო.
უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორებს შორის მეხუთე ადგილზე სომხეთია, სადაც საქართველოდან 573.6 მლნ დოლარის საქონელი გავიდა. ამ მიმართულებით ექსპორტი წლიურად 29.4%-ით გაიზარდა.
უმსხვილესი საექსპორტო ბაზრების ათეულში ასევე შედიან ყაზახეთი 472.2 მლნ დოლარით, სადაც ექსპორტი 36.5%-ით შემცირდა; თურქეთი 393.1 მლნ დოლარით, სადაც ზრდამ 45.2% შეადგინა; ბულგარეთი 204.5 მლნ დოლარით; უზბეკეთი 186.4 მლნ დოლარით და ირანი 179.9 მლნ დოლარით. ირანში ექსპორტი წლიურად 526.4%-ით გაიზარდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…