პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ეგ სხვა პარტიაა ბატონო მოსამართლევ” – რა ხდებოდა პარტიების აკრძალვის სასამართლო პროცესზე

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებალელოშინაგან საქმეთა სამინისტრო

საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, რომლითაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვენ. სხდომაზე მოსამართლეებმა და ოპოზიციის ლიდერებმა სანქციების მოთხოვნაზე, „მშვიდობიან დამხობასა“ და ოფისების ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებზე იკამათეს.

„ეგ სხვა პარტიაა ბატონო მოსამართლევ” – რა ხდებოდა პარტიების აკრძალვის სასამართლო პროცესზე
ბათუმელები

საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომლითაც „ოცნება“ პროევროპული, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითხოვს.

დღეს, 16 ნოემბერს, სხდომის პირველ ნახევარში მოსამართლეები კითხვებს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრებს უსვამდნენ, სხდომის მეორე ნაწილში კი – პარტია „ლელოს“.

რა არის მშვიდობიანი დამხობა? – სხვა, წინა სხდომების მსგავსად, დღევანდელ სხდომაზეც დასვეს ეს კითხვა მოსამართლეებმა.

“თუკი დამხობა გულისხმობს ძალადობრივ მოქმედებებს, მაშინ მშვიდობიანი დამხობა რა გამოდის?”- ჰკითხა მოსამართლე ევა გოცირიძემ ნიკა გვარამიას.

ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნა ავნებს თუ არა სახელმწიფო ინტერესებს? – ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რომელიც დღეს მოსამართლე გიორგი თევდორაშვილმა დასვა.

მას „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ უპასუხა და განუმარტა, რომ ხელისუფლება არ არის სახელმწიფო.

„ხელისუფლება არ არის სახელმწიფო. კონსტიტუციური წყობილების დამხობა არ არის. ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურად რაც არ უნდა გააკეთო პოლიტიკური შინაარსის, ამის მიმართება სახელმწიფოსთან, ამ სანქციის კუთხით ამის ატრიბუცია პარტიასთან, არის სრულიად გამორიცხული, თეორიულადაც კი.

მაგალითად, სანქცია ბიძინა ივანიშვილზე რით ვნებს ამ ქვეყანას? ან სანქცია იმ პარლამენტის წევრებზე, რომლებიც ახლა სარჩელით შემოდიან და უნდათ, რომ უბრალოდ გააუქმონ [ოპოზიციური პარტიები].

ეს არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა. პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტია რომ გაუქმდება, რომელ პლურალიზმზე ვლაპარაკობთ და რომელ კონსტიტუციით დაცულ მრავალპარტიულობაზე?“- თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე.

ნიკა გვარამიას თქმით, ზუსტად ის, რასაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელით აკეთებს, არის დარტყმა დემოკრატიასა და კონსტიტუციურ წყობილებაზე.

დღევანდელ სხდომაზე განხილვის თემა გახდა ასევე ის, თუ რა ამოიღეს 2024 წლის 4 დეკემბერს პარტია „დროას“ ოფისის ჩხრეკის დროს.

„პარტია „დროას“ ოფისიდან, გარდა ფეიერვერკებისა, ამოიღეს ნატრიუმის ქლორიდი, ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელიც გამოიყენება ცრემლსადენი გაზის ეფექტის გასანეიტრალებლად… ამოიღეს პლედები, რომელიც ღამე სიცივეში გამოიყენება, ამოიღეს ფოტოები, რომელიც კედელზე იყო და შსს-ს ვთხოვ დამიბრუნოს“ – ასე უპასუხა გიგა ლემონჯავამ მოსამართლის მიერ დასმულ კითხვას – რა ამოიღეს პარტია „დროას“ ოფისიდან.

საქმე ეხება 2024 წლის 4 დეკემბერს პარტია „დროას“ ოფისის ჩხრეკას, რა დროსაც პარტიის ოფისიდან მეგაფონები, გამათბობლები და პიროტექნიკა ამოიღეს. ფეიერვერკების გამოყენება, იმ დროს არსებული კანონმდებლობით, აკრძალული არ იყო.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ პარტია „ლელოს“ წევრებს ჰკითხა, მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირების მოთხოვნა ხომ არ შეიძლება იყოს სახელმწიფოსკენ წინააღმდეგ მიმართული.

„თუ მაღალი თანამდებობის პირი ამბობს, რომ ამას [სანქციებს] ჩემზე ეფექტი ვერ ექნება, მუდმივად დასანქცირების მოთხოვნა ხომ არ შეიძლება იყოს სახელმწიფოსკენ წინააღმდეგ მიმართული? მე პოლიტიკაზე არ გელაპარაკებით, კონკრეტულ პერსონებზე არც გელაპარაკებით.

ზოგადად, მაღალი თანამდებობის პირები, მიუხედავად სახელისა და გვარისა, თუ აცხადებენ, რომ სანქციები ჩემზე გავლენას ვერ მოახდენს და ეფექტი ვერ ექნებაო, მაინც მათი დასანქცირების მოთხოვნა, საბოლოო ჯამში, ხომ არ არის ბევრი ასპექტით სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული?“ – იკითხა რევაზ ნადარაიამ.

პასუხად „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ თანამდებობის პირების დასანქცირების მოთხოვნა ხალხის ან სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არ ყოფილა და ეს ამ პირების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია.

„ცალსახად და კატეგორიულად არა. ჩვენი ყველა საგარეო კომუნიკაცია ყოველთვის ამბობდა, რომ უნდა დაწესდეს მიზნობრივი სანქციები, რადგან მათ [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა] უღალატეს საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის ინტერესებს.

ის კომუნიკაცია, რაც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ სახელით ოფიციალურად ყოფილა წარმოებული, ყოველთვის იყო თანხვედრაში საქართველოს კანდიდატის სტატუტის მისწრაფებასთან და კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, არცერთი კომუნიკაცია არასოდეს არ აზარალებდა არც ქართველ ხალხს და არც ქართულ სახელმწიფოს… არასოდეს ჩვენ არ მოგვითხოვია ხალხის ან ჩვენი სახელმწიფოს დაზარალება. თუკი ვინმეს სანქცია დაუწესდა, დააბრალოს თავისსავე პოლიტიკას“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

პარტია “გირჩთან” და ამ პარტიის მიერ დაარსებულ „ბიბლიურ თავისუფლებასთან“ დაკავშირებით კითხვები ჰქონდა ევა გოცირიძეს.

პარტია “ლელოს” წარმომადგენლებს კითხვები დაუსვა მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმაც.

„არც 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების შედეგები აღიარეთ, არც 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალური ორგანოს არჩევნები არ აღიარეთ“ – უთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა გიორგი სიორიძეს, პარტია „ლელოს“ წარმომადგენელს.

„ეგ სხვა პარტიაა ბატონო მოსამართლევ“, – შეუსწორა მეთოფიშვილს პარტია „დროას“ წარმომადგენელმა, გიგა ლემონჯავამ.

„ბატონო გიორგი, აბრძანდით!“ – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, მოსამართლის ფაქტობრივი უზუსტობის შესწორების გამო შენიშვნა გიგა ლემონჯავას მისცა.

საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომლითაც ოცნება პროევროპული, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითხოვს, ხვალ, 17 ნოემბერს გაგრძელდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნა არ ავნებს სახელმწიფო ინტერესებს? – მოსამართლე
  2. TV პირველიოპოზიციურიმოსამართლის კითხვა: ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნა არ ავნებს სახელმწიფო ინტერესებს?
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თანამდებობის პირების დასანქცირების მოთხოვნა ხომ არ არაა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული? – ნადარიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები