ჩინეთთან ჩამოყალიბებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება, ორმა სახელმწიფომ ურთიერთობები ააშენოს თანმიმდევრულად და ურთიერთპატივისცემით - გენადი არველაძე
გენადი არველაძის განცხადებით, ჩინეთთან უვიზო მიმოსვლამ ტურიზმის ციფრები გაახუთმაგა, ხოლო ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემასა და კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებზეა დაფუძნებული.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, "დებატების" ეთერში, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე და ამ პარტნიორობის ბენეფიტებზე საუბრობს.
არველაძის თქმით, პირდაპირი ფრენები და ჩინეთიდან დაფიქსირებული ტურისტული ნაკადი ბევრისმთქმელია.
"ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2023 წელს დაიწყო და წელს, 2026 წელს, ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაში გადავიდა, არის ზუსტად ის შედეგი, თუ როგორ შეიძლება ორმა სახელმწიფომ აღნიშნული სტრატეგიული ურთიერთობები ააშენოს თანმიმდევრულად, ურთიერთპატივისცემით და კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებზე გათვლით.
ამის ცოცხალი მაგალითია პირდაპირი ფრენები, რომელიც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ქალაქიდან, ველოდებით ასევე ახალი ქალაქებიდან პირდაპირ ფრენებს თბილისის მიმართულებით ჩინეთიდან. ასევე, აღსანიშნავია უვიზო მიმოსვლა, რომელიც იყო კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული, რომელმაც ტურიზმის ციფრები გაახუთმაგა და მოლოდინი გვაქვს, რომ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი შემოვა.
რეალურად, ტურისტების მიმართულებითაც თუ შევადარებთ სხვა ქვეყნიდან შემოსულ ტურისტებს, უფრო ხანგრძლივი ტურისტი გვყავს ჩინეთიდან. შესაბამისად, ქვეყანაში უფრო მეტ ღირებულებას ტოვებს, ვიდრე, თუ შევადარებთ, სხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტი.
ასევე, ხაზგასასმელია ვაჭრობა, რომელიც იზრდება ინვესტიციებით და ნომერ პირველი ინვესტორი ქვეყანა გახდა, როგორც იცით, ორი კვარტლის მონაცემებით... ეს არის ზუსტად ის ეკონომიკური შედეგები, რომელმაც მიგვიყვანა სტრატეგიულ პარტნიორობამდე.
მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა პარტნიორთან გვექნება ზუსტად ის შედეგები, რომელიც გვინდა - ეკონომიკური შედეგები, პოლიტიკური შედეგები, ორმხრივ ურთიერთობებში და ა.შ. ამის დიდი იმედს ვიტოვებ, როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ყველა იმ პარტნიორთან, რომელთანაც ჩვენ რეალურად მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია ურთიერთობები", - აცხადებს გენადი არველაძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…