მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
საკონსტიტუციო სასამართლომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სხდომაზე სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

საქმის განხილვა 10-დღიანი პაუზის შემდეგ განახლდა. წინა კვირაში სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავთან დაკავშირებული კონფერენციის გამო არ ჩატარებულა. ღონისძიებაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლიდერებიც მონაწილეობდნენ. ორშაბათს, 9 ნოემბერს, სხდომა ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
„ლელოს“ შუამდგომლობა და სხვა პარტიების მხარდაჭერა
საქმეზე მხარეთა ახსნა-განმარტებების ეტაპი უკვე დასრულებულია და სასამართლო კითხვა-პასუხის ეტაპზე გადასვლას გეგმავდა. სამუშიამ მოითხოვა, მანამდე მხარეების მონაწილეობით გამოეკვლიათ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები - წერილობითი მასალები, ვიდეოჩანაწერები და სხვა ინფორმაცია, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა დაეყრდნოს.
სამუშიამ შუამდგომლობა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონისა და სასამართლოს რეგლამენტის ნორმებით დაასაბუთა. მისი განმარტებით, ეს ნორმები ითვალისწინებს მტკიცებულებების გამოქვეყნებასა და მხარეებისთვის მათ შესახებ პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობის მიცემას, რასაც საქმის მასალების წინასწარ გაცნობა ვერ ჩაანაცვლებს.
„უბრალოდ მე არ შემზღუდოთ ამ შემთხვევაში, არ შემბოჭოთ სამართლებრივად და მომეცით თავდაცვის შესაძლებლობა, რომ მტკიცებულებები იქნას გამოკვლეული“, - მიმართა მან სასამართლოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ, სხდომის თავმჯდომარე მხარეებს აძლევს უფლებას, დაუსვან ერთმანეთს კითხვები“.
სამუშიას თქმით, ეს საქმე განსხვავდება დავებისგან, რომლებშიც სასამართლო კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობას ამოწმებს: ამ შემთხვევაში მოსარჩელე კონკრეტული პარტიების აკრძალვას ითხოვს და მხარეებს უნდა შეეძლოთ, სასამართლოს აუხსნან, რატომ არ ადასტურებს წარმოდგენილი მასალები ამ მოთხოვნის საფუძვლიანობას.
სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია რამდენჯერმე დაინტერესდა, გულისხმობდა თუ არა შუამდგომლობა სარჩელზე დართული ინტერნეტბმულების სხდომაზე ნახვას. სამუშიამ განმარტა, რომ ითხოვდა მტკიცებულებების დემონსტრირებასა და მათზე მსჯელობას. ამასთან, აღნიშნა, რომ დროის დასაზოგად შესაძლებელი იქნებოდა ვიდეომასალის იმ კონკრეტული მონაკვეთების განხილვაც, რომლებსაც მოსარჩელე ეყრდნობა.
„მე არ გეუბნებით, ბატონო მოსამართლე, რომ ეს გადაცემა დავჯდე და ნახევარი საათი კონკრეტულად ახლა ვუყურო. მხარემ მიმითითოს, ამ გადაცემის რომელ წამზე და რომელ წუთზეა კონკრეტულად ის მტკიცებულება“, - თქვა სამუშიამ.
მოთხოვნას შეუერთდა „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ბერდია სიჭინავა. მისი თქმით, უნდა გაირკვეს, წარმოდგენილი მასალები კონკრეტულად რომელ პარტიას და როგორ უკავშირდება.
„მაგალითად, ნორა კვიციანის ქეისი, რომელიც მითითებულია ამ საგამოძიებო (ე.წ. წულუკიანის - რ.თ.) კომისიის დასკვნაში, მე, ბერდია სიჭინავას, მომემართება თუ არა, უნდა მაინტერესებდეს, იმიტომ, რომ მე ვარ პროკურორი, რომელმაც მიიღო დადგენილება 2016 წელს ნორა კვიციანის უფლების არსებითი დარღვევის შესახებ და მე ვმონაწილეობდი მისი გამართლების პროცესში. სულხან მოლაშვილის ქეისი მომემართება მე თუ არა, მაინტერესებს, იმიტომ, რომ მე ვიყავი პროკურორი, რომელმაც დაზარალებულად ცნო მისი ოჯახი და აგარაკი დაუბრუნა. [...] მოსარჩელე მხარე იძახის, რომ ყველას ყველაფერი მიემართება. მე შეიძლება მომემართებოდეს (2007 წლის) 7 ნოემბერი, როცა პირველ კურსზე ვიყავი...“, - თქვა სიჭინავამ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა ნიკა გვარამიამ ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და მასში მოყვანილი ფაქტების შემოწმების აუცილებლობაზე. მისი თქმით, მხარეებისთვის წინასწარ უცნობია, კონკრეტულად რომელ გარემოებებს დაეყრდნობა სასამართლო, ამიტომ მათი განხილვა სასამართლო სხდომაზე უნდა მოხდეს.
„მაგალითად, ჩემი ინტერვიუს გამოკვლევა მინდა. მე რა ვიცი, თქვენ ბოლოში დაეყრდნობით თუ არა ამ ინტერვიუს, ეს როგორ უნდა გავიგო, თუ არ გამოვიკვლევ თქვენთან ერთად?“ - იკითხა გვარამიამ.
მის გამოსვლას სასამართლოს თავმჯდომარესთან კამათი მოჰყვა. ნადარაიამ მას მოუწოდა, კონკრეტულ შუამდგომლობაზე ესაუბრა. გვარამიამ კი განაცხადა, რომ საკუთარი საპროცესო უფლებებით სარგებლობდა და თავმჯდომარის აცილების შუამდგომლობის დაყენებასაც ახსენა.
გვარამია: „თქვენ თქვენი საპროცესო უფლებები გაქვთ და მე ჩემი საპროცესო უფლებები მაქვს, რომელიც ძალიან კარგად ვიცი [...] ამიტომ მალაპარაკეთ, თუ შეიძლება“.
ნადარაია: „თქვენ ისიც გგონიათ, რომ ყველაფრის უფლება გაქვთ, მაგრამ ასე არ არის“.
გვარამია: „თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ ამის მერე. რანაირად მელაპარაკებით?“
ნადარაია: „ჩვეულებრივ გელაპარაკებით“.
შუამდგომლობას მხარი დაუჭირა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც“.
მოსამართლეებისა და მოსარჩელის პოზიციები
რევაზ ნადარაიამ განხილვისას ყურადღება გაამახვილა სასამართლოს უფლებამოსილებაზე, თავად მოიძიოს საჯარო ინფორმაცია ან გამოითხოვოს მასალები სახელმწიფო დაწესებულებებიდან.
მოსამართლე ევა გოცირიძის თქმით, მტკიცებულებების განხილვა კითხვა-პასუხის დროსაც შეიძლება: სასამართლო მოსარჩელეს ჰკითხავს, რას ეფუძნება მისი ბრალდებები, მოპასუხეებს კი მათზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა ექნებათ.
„მტკიცებულებების გამოკვლევა არის, ასე ვთქვათ, ჩაქსოვილი ამ შეკითხვებში“, - თქვა მან.
გოცირიძემ განმარტა, რომ სასამართლო ფაქტობრივ მასალებზე იმსჯელებს, თუმცა ყველა მათგანის რიგითობით განხილვას საჭიროდ არ მიიჩნევს - ზოგიერთი შესაძლოა საქმეს არ უკავშირდებოდეს ან საკმარისად მნიშვნელოვანი არ იყოს.
„რა თქმა უნდა, ეს ფაქტობრივი მასალა იქნება მსჯელობისა და განხილვის საგანი. რანაირად შეიძლება სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს სხვანაირად?“ - აღნიშნა მოსამართლემ.
„ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ, შუამდგომლობა სამართლებრივად დაუსაბუთებლად შეაფასა. მისი თქმით, მხარეებს კონკრეტულ მტკიცებულებებზე პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა აქამდეც ჰქონდათ და პროცესის შემდგომ ეტაპებზეც ექნებათ.
„თუ ვინმეს კონკრეტულ საკითხთან, კონკრეტულ მტკიცებულებასთან რაიმე აზრის, პოზიციის დაფიქსირება უნდა, აქვს შესაძლებლობა, აქამდეც ჰქონდა ჩვენი გადმოსახედიდან და მომავალშიც იქნება შესაძლებლობა, თავისი პოზიცია დააფიქსიროს“, - განაცხადა გორდულაძემ.
მან სასამართლოს ორგანული კანონით, რეგლამენტითა და არსებული პრაქტიკით ხელმძღვანელობისკენ მოუწოდა. გორდულაძემ ასევე გააპროტესტა იმის წარმოჩენა, თითქოს სასამართლო მხარეებს მტკიცებულებების გამოკვლევის ან მათზე აზრის გამოთქმის საშუალებას არ აძლევს, და მოითხოვა, სხდომას ტელედებატების სახე არ მიეღო.
სასამართლოს გადაწყვეტილება
სასამართლო სათათბიროდ გასვლას მცირე ხნით, დაახლოებით ნახევარი საათით გეგმავდა, თუმცა შესვენება საათ-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა.
სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განმარტებით, სასამართლო არ აკმაყოფილებს სარჩელში მითითებული ყველა ინტერნეტბმულის პროცესზე დემონსტრირების მოთხოვნას და არ გამოიკვლევს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებსა და კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო აქტებს.
თუმცა, თუ ცალკეული მტკიცებულებების რელევანტურობა სადავო გახდება, სასამართლო ამ საკითხს მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით განიხილავს. ნადარაიამ ასევე აღნიშნა, რომ მხარეებს შეუძლიათ მტკიცებულებებზე კითხვების დასმა და მსჯელობა.

რას ითხოვს „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნება“ ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას.
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.
ოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და კონკურენციის მოსპობა.
ციტატები სტატიიდან
„უბრალოდ მე არ შემზღუდოთ ამ შემთხვევაში, არ შემბოჭოთ სამართლებრივად და მომეცით თავდაცვის შესაძლებლობა, რომ მტკიცებულებები იქნას გამოკვლეული“
„მე არ გეუბნებით, ბატონო მოსამართლე, რომ ეს გადაცემა დავჯდე და ნახევარი საათი კონკრეტულად ახლა ვუყურო. მხარემ მიმითითოს, ამ გადაცემის რომელ წამზე და რომელ წუთზეა კონკრეტულად ის მტკიცებულება“
„მაგალითად, ნორა კვიციანის ქეისი, რომელიც მითითებულია ამ საგამოძიებო (ე.წ. წულუკიანის - რ.თ.) კომისიის დასკვნაში, მე, ბერდია სიჭინავას, მომემართება თუ არა, უნდა მაინტერესებდეს, იმიტომ, რომ მე ვარ პროკურორი, რომელმაც მიიღო დადგენილება 2016 წელს ნორა კვიციანის უფლების არსებითი დარღვევის შესახებ და მე ვმონაწილეობდი მისი გამართლების პროცესში. სულხან მოლაშვილის ქეისი მომემართება მე თუ არა, მაინტერესებს, იმიტომ, რომ მე ვიყავი პროკურორი, რომელმაც დაზარალებულად ცნო მისი ოჯახი და აგარაკი დაუბრუნა. [...] მოსარჩელე მხარე იძახის, რომ ყველას ყველაფერი მიემართება. მე შეიძლება მომემართებოდეს (2007 წლის) 7 ნოემბერი, როცა პირველ კურსზე ვიყავი...“
„მაგალითად, ჩემი ინტერვიუს გამოკვლევა მინდა. მე რა ვიცი, თქვენ ბოლოში დაეყრდნობით თუ არა ამ ინტერვიუს, ეს როგორ უნდა გავიგო, თუ არ გამოვიკვლევ თქვენთან ერთად?“
„თქვენ თქვენი საპროცესო უფლებები გაქვთ და მე ჩემი საპროცესო უფლებები მაქვს, რომელიც ძალიან კარგად ვიცი [...] ამიტომ მალაპარაკეთ, თუ შეიძლება“
„თქვენ ისიც გგონიათ, რომ ყველაფრის უფლება გაქვთ, მაგრამ ასე არ არის“
„თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ ამის მერე. რანაირად მელაპარაკებით?“
„მტკიცებულებების გამოკვლევა არის, ასე ვთქვათ, ჩაქსოვილი ამ შეკითხვებში“
„რა თქმა უნდა, ეს ფაქტობრივი მასალა იქნება მსჯელობისა და განხილვის საგანი. რანაირად შეიძლება სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს სხვანაირად?“
„თუ ვინმეს კონკრეტულ საკითხთან, კონკრეტულ მტკიცებულებასთან რაიმე აზრის, პოზიციის დაფიქსირება უნდა, აქვს შესაძლებლობა, აქამდეც ჰქონდა ჩვენი გადმოსახედიდან და მომავალშიც იქნება შესაძლებლობა, თავისი პოზიცია დააფიქსიროს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…