ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნა არ ავნებს სახელმწიფო ინტერესებს? – მოსამართლე
საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე მოსამართლე გიორგი თევდორაშვილმა იკითხა, ავნებს თუ არა სახელმწიფო ინტერესებს ხელისუფლების დასანქცირების მოთხოვნა, რაზეც ნიკა გვარამიამ უპასუხა, რომ ხელისუფლება სახელმწიფო არ არის და ოპოზიციის აკრძალვაა კონსტიტუციის დამხობა.

დღეს, 16 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას მოსამართლე გიორგი თევდორაშვილმა დასვა კითხვა, ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნა ვნებს თუ არა სახელმწიფო ინტერესებს.
„საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნა – სად გადის ზღვარი ხელისუფლების კრიტიკასა და სახელმწიფოს მიმართულ ქმედებებს შორის? არ ავნებს სახელმწიფო ინტერესებს?“, – ჰკითხა ნიკა გვარამიას მოსამართლე გიორგი თევდორაშვილმა.
მოსამართლის პასუხად „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება არაა სახელმწიფო არაა და საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური გამოხატვა ოპოზიციური პარტიისთვის მისი ამომრჩევლის ინტერესის დაცვას ნიშნავს, მისი ამომრჩევლის უმრავლესობა კი მოითხოვს, რომ მმართველი პარტია ყველა ვითარებაში იყოს შევიწროებული.
„ხელისუფლება არ არის სახელმწიფო. კონსტიტუციური წყობილების დამხობა არ არის. ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურად რაც არ უნდა გააკეთო პოლიტიკური შინაარსის, ამის მიმართება სახელმწიფოსთან, ამ სანქციის კუთხით ამის ატრიბუცია პარტიასთან არის სრულიად გამორიცხული თეორიულადაც კი.
მაგალითად, სანქცია ბიძინა ივანიშვილზე რით ვნებს ამ ქვეყანას? ან სანქცია იმ პარლამენტის წევრებზე, რომლებიც ახლა სარჩელით შემოდიან და უნდათ, რომ უბრალოდ გააუქმონ [ოპოზიციური პარტიები], ეს არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა. პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტია რომ გაუქმდება, რომელ პლურალიზმზე ვლაპარაკობთ და რომელ კონსტიტუციით დაცულ მრავალ პარტიულობაზე?“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, ის, რასაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელით აკეთებს, ზუსტად ეს არის დარტყმა დემოკრატიასა და კონსტიტუციურ წყობილებაზე.
„იმიტომ, რომ პარტია და პირველ რიგში ოპოზიციური პარტია, არის კონსტიტუციით დაცული დემოკრატიული ინტერესი. თუ ვინმეს არ სჯერა, ნახოს კონსტიტუციის მეოთხე მუხლი მესამე მუხლთან ბმაში. აი, ეს არის სინამდვილეში დემოკრატიის და კონსტიტუციური წყობილების ინტერესი და არა ის, რომ ვიღაცას სანქცია უნდა დაედოს თუ არ დაედოს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.
სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…